ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაორება
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


რექვიემი


ზე წამოდგა, მზე ზეცაში აიწვერა,
სხივთა გამა მიმოფინა ქვეყანაზე.
გზად ღრუბლები გამოსჭოლა ალისფერად
და სვეტებად ჩამოეშვა ქვე ბალახზე.

ამ წალკოტში, მზის სხივების ბრწყინვალებით,
ღვთიურ მიწას სასოება დაეფინა
და გახსნილი ციდან თეთრზე-თეთრი მტრედი
სიხარულით, უბიწობით გადმოფრინდა.

ციდან მიწას დაბჯენილი სხივთა სვეტი
აელვებდა სიოსაგან მღელვარ იებს,
ღაღადებდნენ ანგელოზნი ქნარით ხელში -
ადიდებდნენ უფალს და სულს იმქვეყნიერს.

ვით სანთელი, ამ წალკოტის შუა გულში
ეკლესია და სამრეკლო იდგა ხატად;
მისი სული - თლილი ქვებით მოქარგული
ელვარებდა საუცხოოდ, სახატავად.

გმადლობ ღმერთო, მომცემელო ამ ქვეყნისა,
ამეხილა ბრმა თვალები, დახუჭული
და ჩემ სულში ჩამბერველო ცხოვრებისა,
გთხოვ, მომმადლე ძალა წრფელი, ვარ უძლური.

დავინახე სხივებიდან სისპეტაკე -
ის მხედარი, ვისაც ყველა შეჰხაროდა;
ჩოხაცმული, ზურგს - ნაბადით ჯდა თეთრ რაშზე,
მის თეთრ წვერზე, ვით თავთავზე სიო თრთოდა.

სამრეკლოსკენ ფეხშიშველი გავიქეცი,
ფეხქვეშ იით მოქარგული იწვა მდელო.
ხავერდისებრ ბალახებით კრთოდა ველი
და მწვანესაც ზედაპირზე თრთვილი ედო.

ცის სამრეკლოს ქვის დიდრონი კიბეები
წინ მიძღოდა ძველ ზარების დასარეკად.
ჰე, აჰყევი სულო ჩემო საფეხურებს -
ისევ შენდა ამ ხორცისგან დასახსნელად.

მხედარს ეპყრა ხელთ სასწორი და მახვილი,
ელვარებდა მისგან სხივი ანარეკლი.
მშვიდად, წყნარად ტაძრისაკენ მოდიოდა,
თან მოჰქონდა სიყვარული აღმაფრენით.

სამრეკლოდან ვუცქეროდი ამ ყველაფერს,
სულს სიამე, შვება და ხსნა მოეფინა,
ხელი ბაწარს შემოვჭიდე - ზარი ვრეკე,
მან გუგუნით ირგვლივ ჰაერს გრძნობა მისცა.

ჰორიზონტზე, შორს მთის მიღმა გამობრწყინდა
მისი მსგავსი ქვეყნად იყო არაფერი,
ბურუსს ჭრიდა, მისი სხივი შვებას მგვრიდა.
მე, ქალწული ანგელოზის მსგავსი - მშვენი.

მყარად ვდგავარ სამრეკლოზე, უშიშარი,
ზარებს ვრეკავ და მხედარო გეგებები!
მტრედი დაჯდა სამრეკლოზე, ვით ალმასი,
მე კი ვრეკავ ვერცხლის ზარებს მცირე რწმენით.

დრო გავიდა. გულმაც ბევრი დაიმარხა -
სინანული, აღსარება, ცხარე ცრემლი.
ვით ტანჯულმა, დადაგულმა ბევრი ნახა
და ზამთრისგან აწ არ ვიცი, რას მოველი.

ბევრჯერ აღსდგა სისპეტაკით მზე მას შემდეგ,
მაგრამ ახლა ირგვლივ ყოვლი თეთრი არის;
რა გათენდა, თოვლმა თეთრმა დამაობლა,
ვიგრძენი, რომ დამდგომია აწ ზამთარი.

გავიღვიძე, და ჯერ დილა არც დამდგარა,
სენაკიდან სამრეკლომდე გზა გავკვალე,
ზედ ავედი, ზართა რეკვით შევხვდი დილას.
მზეს ამოსვლა მთის წვეროდან არ ვაცალე...

და ქალწულმა მიატოვა სამყოფელი.
მადლიანსა სისპეტაკე კვლავ ემოსა.
მიდიოდა მონასტრიდან შორ მხარეში...
მე კი ძალა გამომერთვა, რომ მელოცა.

- ნუ მიდიხარ, ნუ მშორდები, გევედრები,
შენ გაჩუქე გული ჩემი, გთხოვ დაბრუნდი.
კარგად იცი, ჩამიქრება მე სანთლები,
ძღვნად მიიღე ჩემგან დიდი სინანული.

მუხლმოდრეკით, ცრემლნარევი, მას ვლოცულობ -
მომიტევე სულს ცოდვანი ერთად-ერთო,
გიღაღადებ, ზამთრის თოვლში ვერ გპოულობ,
დავიღალე, დავიღალე, მოდი ღმერთო.

დაისია. ვერცხლისფერმა ზარმა დაჰკრა,
სამრეკლოდან, მზის სხივებში, თეთრი მტრედი -
ნიავივით, ვით ფანტელი, აფარფატდა;
... აწ კი ვიცი, ზამთრისაგან რას მოველი.

მსაჯულის წინ, მოედანზე სახრჩობელა
უსამართლოდ, სწორედ ჩემთვის დაუდგიათ;
მოსამართლე თეთრ სამოსში, ვითარ კრავი,
თვით შავ მიწას, თვალის ხინჯად, გაუწყვია.

ჯალათები, არა ერთი ჩემსკენ მოდის,
გაუმაძღარ სურვილებით, ვით მელია;
ცივ თვალებში ჩაფერფლილი სითბო მოსჩანს,
სახრჩობელა განა მათი ვერდიქტია?

ათასგვარად ატეხილა ირგვლივ ერი,
სისხლმა სულშიც ამოახრჩო წრფელი რწმენა,
რადგან უკვე ნაცარია ყველაფერი -
უაზრა ალესილი ხმლების ქნევა!

ჯალათები, მოსამართლე, სახრჩობელა!
ცხელი გული ბრაზით ძგერს და ეშინია;
ცივი ხელი მკლავზე მჭიდროდ შემომხვიეს -
ყოველივე თურმე მათი ვერდიქტია!

ავკანკალდი, გავიყინე, შევებრძოლე,
თვალს ცრემლები დილის ნამად დაეთრთვილა;
გაიცინეს, ცივი ხელი მომიჭირეს;
გოლგოთაზე ოფლი სისხლად დაიწრიტა;

ეს სოფელი მარყუჟს მიღმა გაირიყა...
დაისის მზემ კი ღრუბლები ცად შეკაზმა;
სალამური ბიჭმა ლაღად დაუსტვინა,
მოსამართლე წითელ ვაშლსა დაეხარბა...

ქვაფენილზე ნაზი ფეხი გადატყავდა...
თავზე თოკი ჩამომაცვეს, მომიჭირეს...
მიხარია ჯერ რომ ვსუნთქავ ცხელ ნიავსა -
სამარე ხომ სიცივის კარს შემომიღებს.

სიოს გაჰყვა სალამურის ლაღი სტვენა,
მაღლა, ქარში ყორნებია მიფანტული, -
ჰე, გაჰყევი სულო ჩემო ამ სიმღერას,
თორემ ხორცი სამარეა გაყინული.

თვალები ცას, უძირობას უმზერს სპეტაკს,
იქ, ღრუბლებში თავად ღმერთი - არს უფალი;
თეთრი მტრედიც, აფრენილი სამრეკლოდან,
შავ ყორნებმა დაიჯაბნეს გზად ასული.

დასაყრდენი ფეხებიდან გამეცალა,
სული ხორცში დაიხუთა, იქმნა ურვა.
დაისის მზემ შვა ასული, იმ სპეტაკმა -
სული ნიავს, ვით ნამქერი დაუბურა.

როს აღსრულდა, გამიცივდა მსწრაფლ სხეული,
აღსარებით ამქვეყნიურს ნანობს ცოდვებს,
უღვთო ძელზე უსამართლოდ დაკიდებულს -
თვით სამარეს, მძიმე გრგვინვით სული ტოვებს.

მაგრამ როდი საძნელოა ცივ თვალებით -
მზის ჩასვლისას დაკიდული გვამის ცქერა;
სახრჩობელა რის ყულფია თუკი ერთხელ -
სამსჯავროზე ჯალათებიც არ გაება!

შენ კი სულო, დაგვემილო აწ აღდექი.
გმადლობ ღმერთო - წყალობით რომ დამიფარე,
ცრემლებს დავღვრი, სანთელს ვანთებ, ოღონდ ერთი -
შეიწყალე, მოსამართლე შეიწყალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები