ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეილა ლეგაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2011


ახმეტას

მოდის და ჩუმად დუდუნებს ჩვენთვის,
ეს ალაზანი ტალღებლიცლიცა,
სპეროზას მთებმა ნისლი გვესროლა
ცა შემოდგომისფრად გაიცრიცა,
ვეღარ ვერევი ამ მხრებით მტევნებს,
ისმის მინდვრებში ვაზის ჩივილი
ეს ახმეტაა, ჩვენი ახმეტა,
თავის ლხინით და თავის ტკივილით,
კვეტერა სიოს დალალად გვაშლის,
და ბახტრიონზე წარსული ბრწყინავს,
პანკისში თორღვა პანკელის ციხე,
ტანზე ისწორებს კიდევ ერთ დილას,
ფშავლებში რიჟრაჟს მოჰყვება მუზა.
აქ ერთგულებაც იციან, იჭვიც,
სათქმელს ლექსებად გეტყვიან უცბად
დედის მუცლიდან დაყოლილ ნიჭით,
თუშურ გარმონზე ნატირ-ნამღერი
რამდენ სიხარულს და ტკივილს გაცვეთს
შენ გულჩვილობას როგორ შებედავ
დალაობაში ნატირებ კაცებს?!
მთის ფერდობებზე აკრულა ცხვარი
ზვავქვეშ მდინარის რაკრაკი ისმის
ბალახზე ბროლად გაშლილა ცვარი
კლდეებს ქუდებად ახურავს ნისლი.
თუშეთის მთებში , ჯადოსნურ მთებში,
სადაც ქვასაც კი სული უდგია,
დიკლო ,შენაქო, ბოჭორნა, ფარსმა
თითქოს ზეციდან ჩამოუდგიათ,
აქ ყვავილების დაგათრობს სუნი,
აქ მზეც სხვაგვარად ისწორებს ნაწნავს,
თუ სიყვარულით ადუღდა გული
გვირგვინი, სწორედ აქ უნდა დაწნა,
აქ უნდა გული მოიგო მისი,
ვისი თვალებიც გესროდა ქამანდს,
გსურს ზეცას მისწვდე? მიჰყე მთის ტანზე
ცხენის ფლოქვებით შემორტყმულ ქამარს,
შეები ქარებს , გაუძელ ყინვას
და გამძლეობა გქონდეს მწყემსური,
მიიღე ძმებად ქისტი და ოსი
სახლიკაცებად თუშ-ფშავ-ხევსური . . .
რა ლამაზი ხარ , ჩემო ახმეტავ,
ხევიდან ტყემდე, მთიდან ბარამდე,
ალავერდიდან გეწიოს ლოცვა
სამარადჟამოდ, ღმერთი გფარავდეს!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები