ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოვლი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 აპრილი, 2011


ბელზებელის თოჯინები

  ,,ყველაფერს ვფიცავ, მინდა დრო უკან დაბრუნდეს და ეს ყველაფერი გითხრა." 






    სანამ საბოლოოდ დაგიგუბდა სმენა(რადგან ზევით წნევა მკვეთრად იცვლება), მინდა როგორმე ხმა ამოგაწვდინო და გითხრა, რომ მარიონეტივით გათამაშებენ.
  რთულია კულისებიდან, მითუმეტეს მაშინ, როცა ფარდა ნახევრად დაშვებულია(ან როგორც შენ იტყოდი:__ბოლომდე დაშვებული), მაგრამ მე უკანასკნელ რწმენასაც არ ვკარგავ, რადგან ვერაფრით წარმომიდგენიხარ სათამაშოდ, ვერაფრით მოგიხდინე ძაფები და იმ მექანიკური ბაგეებით, რომლებიც ბოლო დროს წითლად გადაგიღებეს, მგონია, რომ ისევ ცივ რძეს სვამ ჩემთან ერთად, ჰამაკში, მე კი გიყვები, როგორ გადაარჩინეს ელფებმა მზე.
  რიგებს შორის სველი ხავსია. სკამებზე ლოკოკინის ბრჭყვიალა, ლორწოვანი ნაკვალევი ჩანს. აუტანელი გუგუნი, რომელიც სცენის მიღმიდან ისმის, ჩემს ხმას ახშობს და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ მოვიდე, თუნდაც ფეხშიშველა, ლორწოებსა და წყალმცენარეებში გახლართული, რომ ნათლად დაგანახო, როგორ გათამაშებენ.


  ჯერ იყო და შაქარყინულებით მიგიტყუეს თეატრთან, რომელიც ბოლო დროს დილეგს უფრო გავს;
  მერე გაგაგონეს ხმა, რომლის მოსმენის გარეშეც უძილობით, ოფლში გახვითქული ბორგავდი ლოგინში და დაუსრულებლად მიმეორებდი, რომ მომეყვანა, მინის ქილაში ჩამემწყვდია და როგორც კი შენს ოთახში შემოვიდოდი, ქილისთვის თავი ამეხადა.
  ყველა ბგერამ შენში თავშესაფარი იპოვნა,
  ,,პაზლის" სათამაშოსავით აეწყვნენ შენი და მისი ქსოვილები და თვალის დახამხამებაში ერთ მთლიან სხეულად გადაიქეცით.
  შენ ამბობდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, რომ სიყვარულისგან თავდავიწყებულს დაბნეულობა, ნივთების ხელიდან გავარდნა, გულმავიწყობა, უყურადღებობა დაგჩემდა სხვა, ყველა, დანარჩენისადმი.
  მე ვხვდები, რომ უფლება არ მქონდა ჭკუის დარიგების, რომ ჩემს ცივ რძეს პირს აღარ აკარებდი და ყოველთვის ყავას მიირთმევდი მასთან ერთად, ორივენი ტკბილს, 3 კოვზი შაქრით.
  მერე ნელ-ნელა სხეულის ნაწილები აგიორთქლდა, ჯერ ხელის მტევნებმა დაიწყეს ჩაქრობა, მერე მხრებმა, ყელმა, თვალებმა, ტუჩებმა და ბოლოს მუცელმა, საშომ, ფეხებმა. თითქოს ყველაფერი, რასაც მისი ცხელი კვალი შეეხო, აირადი ნივთიერებასავით უხილავი შეიქმნა.
  ჰიპნოზით გაბრუებული მეუბნებოდი, რომ ეს ერთ-ერთი მორიგი ეტაპი იყო, რაც სიყვარულს ყოველთვის მოსდევს და ჩემი საყვედურების ბოლოს დაუმატებდი ხოლმე, რომ მე ვერასდროს ჩავწვდებოდი ამას, რადგან შენ გყავდა ის ერთადერთი, რომლის გამეორებაც არ არსებობს!
 
  ერთ შაბათ დილით მე შეგამჩნიე, რომ აორთქლილი სხეულის ნაწილები მექანიკურად გამართული ხის ნაჭრებითა და რკინით შეგეცვალა. შეშფოთებულს ამპარტავნებით მომახალე, რომ ეს მოდაში იყო და რომ საკმაოდ ჩამოვრჩი თანამედროვეობას.
  მერე დღე დღეს დაემატა და მთლიანად ხისგან ჩამოგთალეს თითქოს, გეხატა თვალები, ნესტოები, ტუჩები, ფრჩხილები, მკერდი, განსაკუთრებით კი ჩემი აზრი. მერე გრძელი, უხეში ბაწრებით შეგიკრეს კიდურები და ჭრელ ფერებში მორთული სცენაზე ტრაფარეტივით ჩამოგკიდეს, რომელზეც თითქოს დიდი, ბრჭყვიალა ასოებით ეწერა :__ვიყიდები.
  ვგრძნობ, რომ ჩემი ხმა ისევ იმ გუგუნმა ჩაახშო, სცენის მიღმიდან რომ მოდის. ფარდის უკან თითქოს უზარმაზარი, მუხლუხოსფეხებიანი ტანკი შემოხრიგინდა. აფეთქების მოლოდინში მინდა ბოლო სიტყვები მოვასწრო და ძალამოკრებილი ფესვიანად ვგლეჯ ხავსებს იატაკიდან, ლორწოებში ვიძირები, როგორც ჭაობში, მერე თითქოს მჟავააო, გულ-მუცელი მეწვის და ტკივილი მაძლევს საშუალებას, მთელი ხმით ვიღრიალო:__შენ გატყუებენ!!! შენ გა-ტყუ-ე-ბენ!!!..
 
  ფარდა ირხევა. ვიღაც კულისებში აკვესებს მზერას, სიბნელეს თვალს უშტერებს, ოდნავ ჭუტავს კიდეც, მერე ძირს დაგდებულს მაკვირდება და მთლიანი სხეულით გამოდის ფარდიდან, მიახლოვდება და ორად მოკეცილს მიყვანს ხელში:
__ეს თოჯინა აქ ვინ დააგდო?
 
  ფეხსაცმელები ხის იატაკზე ბაკუნობს, ბოლოს უკანასკნელი ჭრიალიც წყდება..
  ,,ღამე ბნელზე ბნელი, როგორც ბელზებელი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები