ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2011


მზისფერი

ჩემს მზისფერ ქუჩაზე დღეს გაზაფხულია,
დაბნეულ წვიმის წვეთს ღიმილით ვაცილებ,
გარეთ მუსიკოსი უკრავს ვიოლინოს,
გწერ შენ ამ ყველაფერს და... ალბათ გაცინებ.

დღეს ფართოდ გახელილ თვალებს ჰგავს ლურჯი ცა,
მე ისევ ისეთი მსუბუქი...ფერადი...
გიხსნი, როგორ ვხატავ მიმოზებს ტილოზე
და იმ ცისარტყელას, შენ რომ ვერ ხედავდი.

მე გწერ თბილ და ოქროსფერთმიან აპრილზე,
სულს რომ დაგიპურებს სინათლით... სიმშვიდით...
ხანდახან წვიმაში ვეძებ ნაფეხურებს,
მათ კვალს ხომ ყოველთვის ჯიუტად მიშლიდი.

გიყვები ჩემს იასამნისფერ ოთახზე...
ფანჯრის რაფაზე რომ ვუგროვებ მზის სხივებს...
გწერ, როგორ აყვავდა სახლის წინ ატმის ხე,
რომ აქ ჯერ დილაა... შენ კი ვერ იძინებ.

P.S. გწერ... გაზაფხული ისევ უშენოდ გადის
და რომ გახსოვდეს ეს თბილი სუნთქვა ჩემი,
მე სულს ვუბერავ ბაბუაწვერას ახლა...
და შენთან ვატან უმისამართო წერილს...

20.04.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები