ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოჭკვიანო ელემენტი
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2011


ერთ-ერთი,უკვე ჩვეულებრივი,ამბავი

          „მისმინე დათო,ეხლა ტირილს შეეშვი და დაიმახსოვრე,რომ დაგარტყამენ,შენც დაარტყი,არავის არაფერი არ შეარჩინო,თორე სულ ასე ტირილი მოგიწევს“
            პირველი დარიგება ახსოვს მზრუნველი დედისაგან.უკვე იცის რა დაარქვას-კბილი კბილის წილ! დაიმახსოვრა და გაითვალისწინა ზედმიწევნით. შენი ჯავრი არ შეარჩინოო,მართალია დედა,როცა შეძლებს,მაშინ გადაუხდის სამაგიეროს,ყველას. ანუ,როცა შეეძლო,უხდიდა,გამონაკლისის გარეშე. დღესავით ახსოვს,თითქოს ახლახანს,როგორ გააწნა ,საყვედურებით თავმობეზრებულმა მამამ,სილა...შეერჩინა ჯავრი,დედის დარიგება დაევიწყებინა?-არა,არა. იმიტომაც უთავაზა, წამით გაგულისებულმა,მამას თავისი პლასტმასის სატვირთო მანქანა. თუმცა,იმ უარესზე პასუხი ვეღარ გასცა,მაგრამ ახსოვს,როგორ არა. „შენც დაბერდები მა,დაგელევა ძალა მაგ თავის პერპენდიკულარულ მხრებში და...მერე ჰეჰე. “  მომავალმა სიტკბომ კლაკნილ ღიმილად გადაურბინა ტუჩებზე და ისევე აირთქლდა,როგორც ცაზე უეცარი ელვა.
            აინთო მწვანე,ზვინად მიყრილი ფიქრები თითქოს ხელის მოსმით მიშალ-მოშალე და გადაკვეთე ქუჩა. მარჯვენა ხელი-ჯიბეში. აჰა,ის მოსახვევიც გამოჩნდა,შესანიშნავია. უკვე შებნელდა. სად აგდია გიო ამდენ ხანს,ხომ იცი შვიდზე ამთავრებს მათემატიკას,ჩვეულებისამებრ,მალე  უნდა ჩამოიაროს.
      ხო ისე,ღარიბი კია,მაგრამ ძმაკაცები ხართ რა ხანია. ხო,ფაქტიურად, ერთად გაიზარდეთ. მაგარი დედა ჰყავს,რა გემრიელი ხაჭაპურები გამოსდის? ხაჭაპურების გახსენებაზე ნერწყვი მოგადგა. ხო,ხვალ აუცილებლად გაივლი „ლაგუნაში“ ,ვინმეს აიყოლიებ და...მოლხენაც არ გაწყენს.    სიგარეტიც ჩაიფერფლა. უკიდებ მეორეს,ზურგით დაბზარულ კედელს მიყუდებული. -სად გდია ამდენ ხანს. ეე,რომ არ ჩამოიაროს „ვაბშე“ ?-ამის გაფიქრებაზე კი ანერვიულდი,მაგრამ აჩქარებულხარ. აგერ,შენ პირდაპირ ხედავ თორმეტი წლის ნაცნობ სილუეტს. ნაცნობი ნაბიჯები,ნაცნობი,ოდნავ მოხრილი მხრები და შით ჩამალული თავი-შენც კაი ტურა ხარ, რავა ანგელოზივით მოაბიჯებ_ გეფიქრება,გეღიმება. შენს დანახვაზე ოდნავ შემცბარს დედის მოფერებასავით ამშვიდებს ეს ღიმილი.
-ზდაროვა ბრატ!- უწვდი მარცხენას და „ძმას“ ეამბორები ათრთოლებულ ლოყაზე.
-ბარო-დგას და მორჩილად გიყურებს.
-მოდი აქ ბიჭო,რამ გაგადედლა. საქმე მაქვს,გამო- და ძველებურად დაჰკრავ ხელს ქართულ ბეჭებზე. შეთამამდა,მოგყვება. რა სიყვარულით გიყურებს, რა მოწიწებით...შენ ხომ მისი უფროსი ძმა ხარ,მისი ფრთის ქვეშ შემფარებელი. ოდნავ შეუცვალე მიმართულება თვალებს და დაინახავ ამ სითბოს,ცოტა შიშით და კრძალვით შეზავებულს. მაგრამ შენ არ უცვლი მიმართულებას,ირგვლივ იხედები- სიმშვიდეა.
-დათო,ძმა... -ხმა გეუცხოვა,რაღაც ახალი სიმტკიცე ჟღერს,არ აცლი.
-მისმინე აგერ ბიჭო. შენ ვინ გგონივარ? დავიბარე უბანში,ხვალ აიპოდი მომიტანოსო? ჩემი დედა...ძმა ხარ ჩემი და რეებს მიკეთებ ტო , „ცვეტში“ ძმებში სახელს მიფუჭებ. მოიტანე?
-დათო,ძმა, მისმინე. ხო გითხარი,დამივარდა,გატყდა,მაგის დედაც... აიღებს დედა ხელფასს და გიყიდი ,დას ფიცავარ.
-აუ,სულ ფეხებზე მკიდია დედაშენიც და მისი ხელფასიც,ადექი,მოიპარე რამე,გამოიტანე,გაყიდე. ჩემი პრობლემა არაა, მე სიტყვა ვთქვი? „ლუბოი პონტში“ უნდა მივიღო,დღეს!
-კი ,ძმა, ვიცი, მარა დედაა ,ამის დედა ვატირე,როგორ გავუკეთო,ისეც ძლივს გვარჩენს,გაწყდა წელში...
-არაა ჩემი პრობლემა,თუ გინდა სულ ნაკუწებად ქცეულა, ერთი მაგისი...
დამთავრება არ გაცადა,ისე ერთიანად აიქოჩრა შენი „წიწილა“ ,რომ წამით იფიქრე გარისკავსო. თვალები წინ წამოეწია,ჩაუწითლდა,წამებში დაეცვარა სახე. იქვე მიგდებულ აგური აიტაცა ანგარიშმიუცემლად. ეს სულ წამით. მალევე დაიბრუნა თვითკონტროლი. მის თვალებში სიგიჟისა და სითბოს ორთაბრძოლაში სითბომ გაიმარჯვა. ამასობაში შენც მოეგე გონს. მარჯვენა ხელიც ამოცურდა ჯიბიდან და მისი მუცლის არეში შეცურდა ელასტიურად...ძალისხმევა თითქმის არ დაგჭირვებია. არც ხელი აგკანკალებია,არც ტანში დაუვლია ყინვას,როგორც ამ სცენის წარმოდგენისას,დილით.
        გიოს ჯერ სხეული ეჩვარება,მერე ტუჩები უფერმკრთალდება,მაგრამ თვალები...ჯერ კიდევ სითბოთი გიყურებენ. ხმასაც არ იღებს.მუხლი ეკეცება,ცალ ხელს მხარზე გავლებს ,თავის შესაკავებლად,მეორეს მუცელზე იკიდებს და მასზე საკუთარი,წითელი შადრევნის შეგრძნებისას,ერთბაშად ეცვლება გამომეტყველება. ქვემოდან გიყურებს დიდი,უაზროდ გადიდებული თვალებით,საიდანაც უკვე ბავშვური გაოცება წამოტივტივდა. გაოცება და...სხვა არაფერი. არც ფიქრობ,სხვა გამომეტყველება რომ იქნებოდა უფრო ბუნებრივი ამ სიტუაციაში,არც გიკვირს.
-იზვინი ბრატ,ღვიძლ ძმასაც არ შევარჩენდი- და ფრთხილად აწვენ ნახევრად ჩამონგრეულ კედელთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები