ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ ე ო ნ ა
ჟანრი: პროზა
25 მაისი, 2011


მე – ადამიანი

„ლამაზ-ქალაქში ჭრელი ხალხი ცხოვრობს,მაგრამ მაინც ერთმანეთს გვანან..“
(გ.დოჩანაშვილი)



    ვაგონში შევედი, დავჯექი კუთხეში და ვფიქრობ არაფერზე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერზე არ მინდა ფიქრი...მაგრამ მაინც არაფერზე ვფიქრობ...
    მატარებელმაც ჩამაფიქრა...
    სულ მიდის...მიდის, მიდის, მიდის...
    ჩუქ-ჩუქ...ჩუქ-ჩუქ...ფჰშშშ...შემდეგი სადგური ესა და ეს...
–შემდეგი სადგური „ადამიანი“...
  იმდენი ქვეყანაა სახელად ადამიანი, რომ...
  ალექსანდრიის არ იყოს...
  ისე კი ბევრია ხოლმე თითქოს ერთნაირი, მაგრამ მხოლოდ ერთეულები რჩება მათგან ისტორიას.
  მოკლედ, ყველა ქვეყანა, რომელსაც ადამიანი ჰქვია, თავისებურია...თითოეულს აქვს თავისი თვალწარმტაცი, თვალარწარმტაცი, გიჟი, ჭკვიანი, მელანქოლიური, სანტიმენტალური, სიურრეალისტური თუ რეალისტური კუთხე-კუნჭულები...ერთმანეთს თავგამოდებით უმტკიცებენ–მე შენნაირი არ ვარო–მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ყველა მაინც ერთნაირია, ყველა ერთმა შექმნა და, რაც მთავარია, ყველას ადამიანი ჰქვია. მაგრამ რა ვიცი, რას გაიგებ ამ ქვეყნებისას, ყველა მაინც თავისებურია რა...
    ხო და გამახსენდა ვაგონში რომ ვზივარ, თან არაფერზე არ მინდოდა ფიქრი, თან არაფერზეც მეფიქრებოდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ქვეყნებზე ვფიქრობ... რას გაიგებს კაცი ჩემსას, მე თვითონ ვერაფერი გამიგია საკუთარი თავის, ვერც ჩემი ქვეყნის და სხვა ქვეყნებზე კი ვფიქრობ დიდის ამბით...
ვაგონი...
    რამდენი ემოციაა ვაგონში...ღიმილი, სიცილი, სევდა... „როგორ მეძინება“-ს გამომხატველი ემოციაცაა იქ, მეორე კუთხეში...აი, ამ წუთას „ფუჰ, რა სუნია“-ც დავინახე... ეჰ...
    ნეტა როგორი ქვეყანა აქვს ამას, „ფუჰ,რა სუნია“-ს. ალბათ, სულ ია-ვარდის სურნელით გადაჟღენთილი...ან არა,არა, ეგ უეჭველად შანელის ქვეყნიდან იქნება...
    ჰა-ჰაააჰ, მოვუფიქრე სახელი „ფუჰ,რა სუნია“-ს, სურნელას დავარქმევ. „როგორ მეძინება“-ს – თვლემას...
    ცუდად ავტყდი. რა სხვებზე ვიცინი. ღირსი ვარ ახლა სარკეში ჩავიხედო–მოვალ უცებ ჭკუაზე...
    ისე, მეც ვარ ხოლმე ზოგჯერ ღიმილი, სიცილი, სევდაც... ზოგჯერ „როგორ მეძინება“-ც ვარ და იშვიათად, მაგრამ მაინც – „ფუჰ,რა სუნია“-ც.
    ჩემი ქვეყანაც არ განსხვავდება დიდად სხვისი ქვეყნებისგან. არც იმას ვცდილობ, ვინმეს ვუმტკიცო – არა, ჩემი ქვეყანა სჯობს შენსას-მეთქი... არა, განა პატრიოტი არ ვარ, ვარ, მაგრამ რეალისტიც ვარ და არც ვინმესთვის თავის გადამეტება მიყვარს მაინცდამაინც. თანაც მარტო მე ხომ არ ვარ ასე, ყველას უყვარს თავისი ქვეყანა ასე თუ ისე. ისე კი, ეს აქ რა შუაშია, მაგრამ მგონია, რომ თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, მაშინ ვერც სხვა ქვეყანას ვერ შეიყვარებ ნამდვილი სიყვარულით. ეს სიტყვები, უფრო სწორად კი – მოსაზრება, მე არ მეკუთვნის. ალბათ, სადმე ამოვიკითხე, ან ვინმესგან მოვისმინე და მერე ჩემებურად გადმოვხარშე. ისე კი, კარგი აზრი დევს მასში – სიყვარული...
    რა დიდი და გაცვეთილ-უცვეთელი სიტყვაა...
    ...სადამდე მოვედი...
    ...ჩავჯექი ვაგონში, არაფერზე არ მინდოდა ფიქრი, თან არაფერზეც მეფიქრებოდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ბევრ რამეზე ვიფიქრე... რას გაიგებს კაცი ჩემსას...ან რა უნდა, რომ გაიგოს, ჯერ თავისი გაიგოს და მერე – ჩემი, თუ მაგარი ვინმეა ეს კაციც...
    სადგური „ადამიანიც“ ჩამოდგა...
–...კარები იკეტება, შემდეგი სადგური „მე“.
    არ გავცდე. წინაზეც დამავიწყდა ჩამოსვლა... ამ სადგურამდე ხან ისე მოკლეა გზა, ხან კი ისე უსასრულო... რას გაიგებს კაცი, მაგრამ ჯერ თავისი გაიგოს...
    ჩერდება მატარებელი...
–„მე“..
  აქ ჩამოვალ...
–კარები იკეტება.. შემდეგი სადგური – „ადამიანი“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები