ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2011


მოზაიკა

ნაცრისფერ სიზმრებს ვხედავ ბოლო დროს...
საკუთარ "მე"-ს ვკარგავ, სულ სადღაც მიქრება...
ვცდილობ შევაგროვო  თვალებით, თითებით...
ხან წვიმის  წვეთებში, ხან თოვლის ფიფქებად.

ფერად ნაწილაკებს ქარი მიაქროლებს,
გზადაგზა მხვდებიან ყვითელი ფოთლებიც,
და ჩემი ნამდვილი სახის ამ დევნაში
ვგრძნობ ნაპირს თუ როგორ ნელ-ნელა ვშორდები.

რატომღაც ფსკერს ვეძებ უძირო ლურჯი ზღვის,
მე ხომ ზედაპირი არასდროს მიზიდავს,
მთავარი სიღრმეა...არ მინდა გავფრინდე
ამ  ღრუბლებში დაღლილი  დედამიწიდან.

მაგრამ ოცნების გარეშე ცხოვრება,
სულს მტვერში ამოსვრილს ვერ  გამიფერადებს...
გავრბივარ... ვეცემი... და ვყვირი: "შეჩერდი!..
არ მსურს, რომ ცრემლებად გაფანტულს გხედავდნენ!.."

ყოველდღე თავიდან ვიმსხვრევი და ისევ...
მოზაიკას ვაწყობ: „მე მგონი ვგავარ...“
დილით კი კვლავ ვფიქრობ თუ გამომაფხიზლებს
თეთრი შოკოლადი და  უშაქრო ყავა.

ბოლო დროს  სიზმრებს ვხედავ  ნაცრისფერს...

25. 06.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები