ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: იუმორისტული
15 ნოემბერი, 2011


გურული "მაკვარანჩხული"

საიზიზღარ ხასიათზე იყო. მზერა ჭერისთვის  ისე მიებჯინა, გუგებში ტკივილიც კი იგრძნო.
  “ თავო ჩემო უნდა მემღერა თურმე, მე ამბავი მჭირვებია, ხასანბეგურათი რომ დავიგლიჯე ფილტვები”
ჩრჩილივით მოუსვენრად ღრნიდა და ღრნიდა უჟმური ფიქრი
“არა, მაინც რა იყო ეს ა?... რა მაკადრა  დილაუთენია ამ ქალმა”
ყელი ისე გამოშრობოდა, ერთ ყლუპ წყალში გაცვლიდა  ახლა რაჟდენას მთელ ქვევრ ადესას
"მაინც კაი ფასში გამოუვა" - მიაღიმილა ზედ
”წყალის მომწოდებელია ეს? ისეთი ამოუშვა დღეს პირიდან. არა რა!  ქალისთვის არც ტვინი უნდა მიეცა ღმერთს და არც ენა,  დანარჩენს კიდე რაცხანაირად აუვა კაცი, მაგრამ ეს ორი… ხო,ხო,ხო, მაინც  რავა კაი ალესილი ნაჯახივით ხმარობენ ერთსაც და მეორესაც… ისე, სხვასთან რა მინდა, ქე ყავს ეგერ შალიკოს, გუგულივით ქალი, არც მომფიქრებელია რამის და არც მომჩივანი. მოაკლდა რამე შალიკოს?! აფერი! გაღვიძებისთანავე მოშხამავს ვინმე თუ წყალს არ მიუტანენ ნამთვრალევს. სახლშია და მარტო მაგის ხმა ისმის, კი და არას მეტი პასუხად, დიდი დიდი არ ვიციო უთხრან კიდო…ა კაცი! ისე ზოგჯერ სუფრაზეც სახლში გონია თავი და ქე შეტოპავს დოუკრეფავში, მარა დიდი აფერი, უბოროტო კაცია… რა გააბოროტებს, რა! არა, მაინც რა იყო ეს, კაცო… ოხ მე შენი, რავა მომიშხამე დილა… რაჟდენას აძმარებული ადესის “პახმელია” არ მყოფნიდა თავის ტკივილად, შენ არ მოგეწამლე კიდო”
გაუსაძლისი ხდებოდა ამ კარგა გათენებულზე ლოგინში წოლა, მაგრამ ადგომაც რომ არ პირდებოდა არაფერს სასიკეთოს, იცოდა ესეც.
“კიდო რამე რომ მითხრას იმფერი, შემომაკვდება ნამდვილად”.
ქათმების კრიახი ატყდა ეზოში
”ე, ახლაა კაი დრო გავასწრო აქედან”
გაიფიქრა და მაშინვე წამოდგა
“ახლა მაგას ჩემთვის არ ცხელა, ჭუკები ყავს მისახედი”
ფაცხაფუცხით იცმევდა
”ამას რას მოესწარი ვალიკო, სამარცხვინოდ მიიპარები საკუთარი სახლიდან, ისიც ჭუკების იმედით”
ფანჯარაში გახედა საქათმესთან მოფუსფუსე ქალს - “მაგათ სკლინტში ვნახე ამოვლებული შენი  ენაო”
აივანზე დოქიდან წყალი მოსვა, ცოტაც სახეზე შეისხა და ფრუტუნით გატუსტუსდა ჭიშკრისკენ.
-არ დააგვიანო ჰო - ვითომ არც გაუგია, ისე მოიხურა ჭიშკარი - დღე არ გამოტოვოთ, დღე…  გაწყდა თქვენი სინსილა - და მერე  უფრო  ხმამაღლა, ისე რომ უეჭველად გაეგო- ვნახავ ერთი დღეს რაფერი მოხვალ და რაფრა ივაჟკაცებ იმასაც.
“მიგახმა მაგ ენა ძირში” - ქალივით მიაწყევლა გულში ვალიკომ და ვითომ არც არაფერიაო, დინჯად გაუყვა გზას მაღაზიისკენ, თან ზუსტად იცოდა, რა ჩანაწერითაც შეავსებდა ნისიების ისედაც შთამბეჭდავ სიას.
”დღესვე გიჩვენებ სეირს, მე არ ვიყო ვალიკო, თუ არ განანო მაგ სიტყვები"
ისეთი ტექსტით დაიმუქრა გულში, უკანდასახევი გზები მოიჭრა
"სიბერეა ვითომ? მარა რა დროისაა... ჯერ ერთი, აი ორი კვირა გადამბულად სიპიტო სვამდა ჩემ მაგიერ, თუ რა?.. ან სიპიტო რამ გამახსენა ამ უთენია, ის დაფეხვილი, ისა. რაცხა გლახად დეიწყო აი დღე და ენამ არ უყივლოს მაგას თორემ, ამოვაგლეჯ ფესვიანა”
საავდრო ღრუბელივითო, რომ იტყვიან ისე მოიქუფრა ვალიკო.

*****
-დათია რო ჩამოვიდა გეიგებდი ალბათ
-როდის კაცო?
-ალიონზე, დადგომია ოჯახს თავზე… იქ ამბავი იყოო…
-აუჰ, რა მითხარი ეს - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა - რაღა დღეს, მაინც და მაინც… ერთი დღე ვერ იდროვა იმ კაიდედმამიშვილმა - ენაზე იკბინა მაგრამ, გვიანი იყო
-რა გეწყინა შე კაცო, მეზობლებიდან პირველი შენ გიკითხა თურმე-ხო მყავს რავარც დავტოვე ისეო…
-კაი,კაი ახლა, ნუ ოუშვი შენებური…მეწყინა არა ისა… რას ქვია მეწყინა, ძმაია ჩემი… მარა წუხელღამ მცოდნოდა კაი იყო… შევპირდი კაცს, ამბავი რაცხა… რა ვქნა ახლა, ა? -ნიკაპი მოისრისა და იდუმალი ხმით-მოიხედე აქეთ…არავინ შემხვედრია ამ დილაადრიან შენმეტი და ეგება… ჰა?
-აპ,აპ,აპ… არ გამაგონო. გნახავდა  ვინცხაიქნებოდა და დამბრალდება მაი მე, ჩემი ბედი რომ ვიცი
ბედი კიდევ ნუ იტყვი, ისეთი ჰქონდა, უცხოს იქნებ შეშურებოდა კიდეც, მაგრამ ვინც იცნობდა იმისთვის…
მოკლედ: 
იშვიათად  რაიმე ფრინველს გადაეფრინა და თუნდაც მილეთის ხალხში მდგარიყო, გამორჩევით მიხაკოსთვის არ მოერტყა…კი ხვდებით ხომ რაც?.. პირველ ხანებში, მხარზე ხელის ტყაპუნით და არც მთლად უშურველი სიცილით ულოცავდნენ, ბედი შენა გქონიაო, მაგრამ მერე და მერე, როცა იღბლის ამ , სასიამოვნოს რომ ვერ დაარქმევ, მინიშნებას შედეგად სავარაუდო,როგორც ხალხში ითვლებოდა, შედეგი არადა არ მოჰყვა, ღიმილიც და მილოცვაც სრულიად უშურველი გახდა… მეტიც, სოფელში მცხოვრები ორი მიხაკოს ერთმანეთისგან გასარჩევად, ჩვენს მიხაკოს ჯერ “ჩიტების ყულაბა” და ბოლოს მხოლოდ “ყულაბა” მეტსახელად შერჩა. უცხოს რომ ეკითხა მიხაკო-ო, რომელი, ყულაბაო, დააზუსტებდნენ. გვარ-სახელივით ჟღერდა, მით უმეტეს რომ მეორე მიხაკო გვარად უკლება გახლდათ.
-კი, კი, მართალი ხარ , ხო იცი-ამ გახსენებაზე ჩვეულმა ხალისმა გადაურბინა სახეზე ვალიკოს-ისე, აქ გადახურულში, ქე გრძნობ თავს მშვიდად, ამ გაგანია გადაფრენის დროს.
-ეხლა შენ ენას ნუ აიმყრალებ და ა შენ  ლუდი და აგერ შენ თვალწინ ვწერ, ერთი ლუდიი… რიცხვი, თვე და არ დამიწყო მერე საიდანო.
  ენის ხსენებაზე, ვალიკოს ისევ გაუხსენა სატკივარმა და ამჯერად უხმოდ, გულში გაივლო-"არ ივარგებს დღეს ჩემი დალევა, მარა… ერთმა ბოთლმა ლუდმა რა უნდა მიქნას კაძახს… ეგება, ტვინიც ქე გამიხსნას პაწა… ოხ, თალიკო, თალიკო… ჩამოღამდეს ერთი!!! მე შენ დღე გაყარო!!!"- თალიკო, ხვდებით ალბათ, ცოლი გახლდათ ვალიკოსი… ასე ,მშვენიერ რითმაში მოუდიოდნენ ერთმანეთს, კარგად გაწყობილი ლექსივით. მაგრამ, რა…დღეს დილაუთენია, სწორედ მაშინ, როცა აგერ ხუთი წლის წინ რუსეთში გადაკარგულ დათიას ფეხი შეუდგამს სახლში, დაირღვა პოეტური იდილია-"ბედი, არ გინდა"-მიხაკოს გახედა, პირზე ბოთლმოყუდებულმა-"ან ამას, ედროვა ერთი დღე, ან იმასო"-ისევ მწარედ უჩქმიტა გულში.
-გაამოს, გაამოს-ო-მიხაკო ყულაბამ-ისე, მაგარი გაივაჟკაცია წუხელის, გავიგე.
ეგ ითქვა და, მოულოდნელობისგან ელდანაკრავ ვალიკოს გადასცდა სასულეში ასე ნანატრი ლუდი და  ხველა აუტყდაა- ლამის დაიხრჩო, ივარგა მიხაკომ, არ დაიბნა და ზურგზე ისეთი ბრაგუნი აუტეხა, სუნთქვა მობრუნებულმა, ვალიკომ აცრემლებული თვალებით- რას შობი ბიჯო, მკლავო-კნავილით იკითხა
-მაგი, წუხელის უნდა გეფიქრა, გადელდა კაცი, ყანწი ვერ გავაგდებიეთ ხელიდანო…
-ვინ გითხრა, ვინ ჩემი ცოდვით სავსემ…იმ ყანწით დამელიოს მაგის შესანდობარი…
-ჩიტმა მომიტანა ამბავიოოო-გაექილიკა ყულაბა
-რასაც მაგენი შენ საქმეს გიშობიან, მაინც გჯერა მაგათი ხომ?.. ალალი ყოფილა შენზე- გული მოიოხა  ვალიკომ.
-არა, ძამა, არა… ისე ყარხარ ამ დილით, ერთი ბოთლი კი არა, ლუდში ჩალბობაც არ გიშველის-იწყინა მიხაკომ-უქენი აბდალს სიკეთე -გამოგივა სიბოთეო…-საკუთარი წარმოების ანდაზაც მიაყოლა ზედ.
-ააუჰ…კაი ახლა, ხუმრობაზე აცრილივით იქცევი შენ, ჩემო ყუ… მიხაკო-დროზე მოასწრო ვალიკომ , მართლაც რომ სიაბდლის გასწორება-გამიხსენი ერთიც და წავედი დათიასთან.  რაღაი სხვა გზა არ მქონია, რას ვიზამ,  ჩემი ფეხით ვეახლები ყაენს-კარგა დაჭმუჭნული ფრაზა იყო რომელიღაც ფილმიდან.
  უსიტყვოდ გადმოუდეს გახსნილი ლუდი.
-რას შობი ახლა, არ ჩაწერ? შენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი დაგავიწყდება იქეთ და დევიღუპებით შენც და მეც-წაელაქუცა. მიხაკოსთან კონფლიქტი არავის არგებდა. იცოდა ეს, მაგრამ რა მერე, ჩიტებს ფრენისას ხომ ვერ აუკრძალავდი მუდრეგობას, თანაც ნიჭიერადაც რომ გამოსდიოდათ, მაგ ჩასახრაკებს…
-რა ვიცი ბატონო-დრო იხელთა მიხაკომ-პირველ ჩაწერაზე კიღამ ხელში ჩამაკვდი და…
ისე გაუცინეს ერთმანეთს, მარტო გურულებმა რომ იციან და ვალიკოც, პაწა ტვინგახსნილი, გაემართა თავისი დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრისკენ, იმაზე ფიქრით დამძიმებული, თუ როგორ დაეძვრინა დალევისგან თავი ამ საჩოთირო სიტუაციაში… “ეხ დათია, დათია, რაღა დღეს მაინცდამაინც… ა? არა რა!!! რას მოვა ქალის დანაჩხავლთან, ყვავის ნაყრანტალებიო.” მიაგორებდა ვალიკო უთავბოლო, ღიმილით და სევდით შეკმაზულ ფიქრებს, მეგობრის სახლისკენ მიმავალ შარაზე.

*****
  დიდი ხნის უნახავი ადამიანები სად არ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ გურიაში? ეს საცქერლად ფრიად თავშესაქცევი ამბავია, მაგრამ წერილობით გადმოსაცემად ბევრად უფრო ძნელია. ალბათ ამიტომაც თავს არ გამოვიდებ, ამ შეხვედრის დაწვრილებით აღწერით. არც მკითხველს შევაწუხებ, ნოველის კიდევ ერთი არც თუ საინტერესოდ გაშლილი სცენით, მაგრამ არ ითქვას ის მცირედი რითაც შეხვედრა დიდი ხნის უნახავი მეგობრებისა დაიწყო-შეუძლებელია. დაწყებით კი ასე დაიწყო…
  შარაზე თავდაჯერებულად დათიას სახლისკენ მომავალ კაცს, ჯერ კიდევ ჭიშკართან მოახლოვებამდე მოჰკრა თვალი, აივანზე გადაკიდებული ფარდაგის ფერთხვით გართულმა დათიას დედამ. “ნეტაი, ვინ არის ამ დილაადრიანო” ხელით მოიჩრდილა, თუმცა ამის დიდი აუცილებლობა არ იყო, მაგრამ მისთვის ეს ხომ ერთგვარი დურბინდიც იყო.  ჰოდა, მოიმარჯვა დურბინდი და რაც უიმისოდაც არ გაუჭირდებოდა ახლა მით უმეტეს - ამოიცნო იმ კაცში ვალიკო. ვალიკო,  თავის ფიქრებში ჩაფლული, თავჩაქინდრული, ნელა და ისე დინჯად მომავალი, თითქოს ეშინოდა ფეხი არაფრისთვის წამოეკრა. გაუკვირდაო-ტყუილი იქნებოდა, არ ესიამოვნაო, გვეთქვა-ცოდოს დავიდებთ. მოკლედ რას უნდა გამოეწვია, შეცხადებასავით ძვალრბილის გამჭოლი
-ტიტუუუ, დედა, ნახე ვინ მოდიიის- დღესაც გაურკვეველია.
  ეგ კია, გულგრილი არავინ დარჩენილა…თავისთვის მთვლემარე ძაღლს ყეფა - ყმუილი ერთმანეთში აერია. პირველი აივანზე დათია გამოვარდა-ჩტო სლუჩილასო-შეშინებულმა, და იქვე თარგმანიც მიაყოლა. მერე სხვებიც მოყვნენ… ვის ეცალა ჭიშკრისკენ თავპირისმტვრევით მორბენალი ვალიკოსთვის, დაზაფრულმა ეზოში შემოსვლამდე მაინც მოასწრო გაფიქრება-ეს კაცი, ჩამოვიდა, თუ ჩამოასვენესო.
  მერე რაც ხდებოდა, ამის აღწერა, ჩემს კალამს არ ძალუძს. ერთი კია “მაპატიეთ, ნენა, ვერ მოვზომე პაწაო”-თავს იმართლებდა დათიას მკლავებში მომმყუდროვებული მოხუცი, “გუუხმა თავი –ვალიკოზე მიანიშნა-მაგის დანახვაზე, ამათმა ბავშვობამ გამირბინა თვალწინ და ეტყობა ჯანი მომემატაო”. ჭაღარას უკოცნიდა შვილი. უბოროტო შურით შესცქეროდა დედაშვილს, რძალი-“რატომ მე არ გავფერთხე ფარდაგიო- წამოჰკრა უგემურმა-თუმცაო…” არც გაუგრძელებია, გაეღიმა მხოლოდ… და მართალიც იყო-განა ყველას ერთნაირად ოსტატურად შეუძლია დურბინდის მომარჯვება და თუ გნებავთ, ფარდაგის ფერთხვაც. რომ არაფერი ვთქვათ სხვა, უფრო მნიშვნელოვანზე ამ ეპიზოდში.

*****
-ნუ, ჩემო ვალიკო, დღეს ქე იცი, შენი იმედით ვარ
-რა ცუდ დღეში ვარ რომ იცოდე დათია, არ მეტყოდი მაგას.
-ეეე, ეხლა ნე ნადა, ყველაფერი ვიცი მე. ყვე-ლა-ფე-რი. - ვალიკოს გააჟრჟოლა
-რა მაინც - დადარაჯებით იკითხა
-ვსიო ზნაიუ, გაიგე რა! ასე,რომ თავს ვერ დაიძვრენ. ისღა მაკლია ამდენი ხნის უნახავმა, შენ მაწყენინო მაინცდამაინც…არ გამუა მაი ამბავი… ვსიო! - რუსული ჩანართები განსაკუთრებულ კატეგორიულობას სძენდა ნათქვამს.
-რა იცი მაინც,  თქვი და მეც მეცოდინება ბარემ.
-მთელი თვე რომ არ გამომშრალხარ, ხომ ვიცი… და ისიც ვიცი რაჟდენასთან რა დღეში იყავი გუშღამ - ვალიკომ შვებით ამოისუნთქა.
  ”ისე მეც კარგი ბოთე ვარო”-გაიფიქრა-“ჯერ იყო და, მაღაზიაში კიღამ დავიხრჩე, ახლა აქ გული მისკდება. რა ხდება ბოლო-ბოლო, იმ ქალმა მაგი მე მითხრა თუ მითხრა, ტელევიზიით კი არ გამოსულაო”-უსაყვედურა თავს-“ თუ სიმართლე გინდა, ძალიან მორიდებულადაც კი მითხრა.  და საცხა მართალიც ქე იყო” - ამოიოხრა - “საცხა კი არა მართალი იყო, კაკრაზ”- დათიას სტილში არ დაინდო თავი - “დრო ვერ მოზომა თლად მოხერხებული, ესაა ერთი… ამანაც” - სინანულით გახედა მეგობარს. მას არც შეუნიშნავს, თავისას აწვებოდა
-კაროჩე, მოემზადე შენ რომ იცი ისე.
-არ  შეიძლება დათია დღეს ჩემი დალევა.  არაფრით არ შეიძლება ბიჯო.
  ისე ითქვა, ისე რომ…დათია კი არა ქვა გალღვებოდა.
-რა ფარსაგი ამბავი დაგმართნია, ძამა?  მითხარი, ძმაი არ ხარ ჩემი? ჩვენს შორის  რა ვერ გაგებულა, ვალიკო, შემომხედე ერთი - გულწრფელი იყო დათია
-აუჰ…რა ვქნა რა წყალში ჩავვარდე, კაცო - აფორიაქდა ვალიკო - მაი არ მთხოვო, მომკალი და მაი არ მათქმიო, ძმობას გაფიცებ.
-აი არ მთხოვო…მაი არ მათქმიო.  გამომჭერი ძამა ყელი და შენც მოისვენებ და მეც ისედაც ქე შემიცხადასავით დედაჩემმა შენ მოსვლაზე, უგრძვნია ქალს, ჩემ მოსაკლავად მონავალხარ შენ! - შეწუხდა ვალიკო, ისე შეწუხდაა…
-თალიკო, შენი ენა ვნახე შამფურზე წამოგებულიო - დაიქუხა. წამოცდა ეგ და მაშინვე მიხვდა რომ უკანდასახევი გზა მოიჭრა.
ეზოში, ლაღად ნაზარდი ვაშლის ქვეშ მოწყობილ მაგიდასთან ჩამოსხდნენ, ცნობისმოყვარე ყურებს გაერიდნენ.

-მთელი თვე არა მარა, ორი კვირა ქე იქნება, მართლა ნამეტანი მომდის -  უხალისოდ, ფრთხილად დაიწყო. ხაზგასმული თანაგრძნობით უსმენდა დათია, ძლივს სააღსარებოდ განწყობილ მეგობარს - ქე იცი სოფლის ამბავი,  ნადი აქეთ, ნადი იქეთ, ამინდებიც კაი დაიჭირა და დილიდან ამ წლის ჭირნახულს ვალაგებდით ბეღელში და საღამოს, გასული წლიდან შემორჩენილს მუცელში. ასე იყო ყოველთვის და ასეა ეხლაც…
-კი, მასეა  - თავის კანტურით დაეთანხმა დათია  - არც ჩემები დაგვიწყებიათ, ჩემს არყოფნაში და იმიზა ვარ აღერღილი,  სოფელს მინდა მადლობა ვუთხრა და შენ იქ არ უნდა მყავდე? ხარაშო, მაი მერე… მიყევი შენ!
-ჰოო  და - ჯანჯლობდა ვალიკო,ვერ გადაეწყვიტა მიყოლოდა თუ არა ბოლომდე. დათია კიდევ ისეთი ალალი თვალებით შემოსცქეროდა, მისი გაწბილება არა და არ იქნებოდა - დათია!- ხმა გაიფოლადა - ჩვენ ძმობას არ უნდა გაცდეს აი ამბავი, იცოდე!
-მოგიკვდე მაშინ! ისეთი რა უნდა მითხრა, ბიჯო, ძმამ ვერ შეგინახო, არ გადამრიო კაცი!
-კაი აბა - გადაწყვიტა თითქოს - აგერ ა, კვირაზე მეტი არც იქნება, ვხედავ რაცხანაირად, აკლია ეზო-კარს ქალის ხელი.  ვიფიქრე, ქე იცი ახლა, მიჩოულს ნუ გადააჩოვო და რაღაცა იქა, რომ არი. იცი შენ - დათიამ ყოველი შემთხვევისთვის დაუდასტურა. ანდაზა კი გაიხსენა, მაგრამ  “რაღაცა იქა”-ს თვითონ იტყვისო, გაიფიქრა. ვალიკომაც კიდევ ერთხელ უხალისოდ გადაცოხნა სათქმელი და რაც იქნება იქნებაო, განაგრძო -ჰოო-და…მოვეფერები - თქვა,ვიფიქრე, ერთხელაც მობრუნებულზე… კი გაინაზა ერთი ხანობა, მარა დევიყოლიე ნელნელა და…- დათიას გახედა. ცდილობდა დათია, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ თვალები უბრწყინავდა რაღაცნაირად საეჭვოდ.
-დათია, ძმაი ხომ ხარ ჩემი?
-ხვატიტ, რა! თუ ასე ფიქრობ, მოვრჩეთ ბაზარს! - მართლა კატეგორიულად ჟღერდა, თან რუსულად ალაგ ალაგ, ეფექტურიც კი იყო.
- კაი ახლა, შენგან მაკლია მე? - ვალიკომ სიგარეტს მოუკიდა და ნაფაზი დაარტყა - ლამის დაგლიჯა ფილტვები - ჰოო-და… სწორედ მაშინ … იცი შენ… როცა ისა… ქე ჩამეძინა.
-მერე, რა მოხდა შე კაცო, სკემ ნე ბივალა - დაუყოვნებლივ დაამშვიდა დათიამ და შვებით ამოუშვა გულში მოფართხალე სიცილი - თან კაი მაგარ ნასვამზე, მარცხია, სხვა აფერი.
-ეს კი, ერთხელ, ჰა და ჰა მეორედ, მარა ასე ხდება უკვე აგერ კვირაზე მეტია.
-ოოო, ეს ვერ მოგსვლია თლად კაი ამბავი. შენ კიდე რას იკლავდი მერე თავს, გედროვა ცოტაც, მოიფხიზლებდი რამე და…
-მაი, კია მართალი, მარა არ დამადგა საშველი. ხან ერთი მექაჩება, ხან მეორე. თორემ მე რა, მე აფერი ისეთი არ მჭირს, არც კაცურში და არც… იმაში.
-მერე? სადაც ამდენი იქ ერთიც დღეც,  რა ქვეყანა დაიქცევა.
-ეეჰ… საქმეც იმაშია,ჩემო დათია, რომ ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი.
-დაამთავრე აწი! რაცხა ფარცაგი გჭირდა მეგონა, გადამრიე კაცი. რა მოხდა კიდო?
-რა და…თალიკომ მომითავა ამ დილით.
-რაიო, რა გითხრა ამფერი.
-რაიო და…ისე მითხრა ხმადაბლა, დანდობით და იმიტომ უფრო მემწარა, თორემ საცხა მართალიც ქე იყო.
-რაიო,რა.  ამოღერღე აწი!
-რაიო და…ვალიკოვო, მიჩივა,ყოველღამ ღლაბუცს რომ დამიწყებო, გამაიმასმიზამო და მერე ვითომც არაფერი გდომოდა ისე ხვრინვას რო ამოუშვებო, მიჩივა…აი  საცვალის  რეზინა მე ტანზე კი არ მიჭერსო.
    დათიამ ხარხარით იფეთქაა…ძაღლი,ცოტა ხნის წინ ინფარქტს გადარჩენილი, შეშინებული წკმუტუნით ისე უხერხელად შეძვრა თავის სოროში, გარეთ თავის გამოყოფა ვერა და ვერ მოახერხა.  ცოლი გამოვარდა აივანზე. მოხარხარე  დათიას და ერთიანად ალეწილი ვალიკოს ნახვაზე, დაიბნა. იმასაც მიხვდა არავინ არაფერს აუხსნიდა, “კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო” ჩაიბუტბუტა, რატომღაც მხოლოდ ვალიკოს მისამართით და ისევ შინ შებრუნდა. დათია კარგა ხანს ვერ დაწყნარდა. ვალიკოსთვის კი უკვე ყველაფერი სულერთი იყო. იჯდა და გულგრილად აბოლებდა.
-ოოხ, თალიკო, თალიკო - როგორც იქნა დამშვიდდა დათია - ქალი კი არა, სუპერია.
-სუპერი უძახე შენ, ძმაი ქე გაგიბითურა და - თავი მოისაწყლა ვალიკომ
-მერე, რას აპირებდი მაინც და მაინც დღეს, თქვი აწი.
-რას და - იმედი მოეცა ვალიკოს - ამ ამბის გაციება არ შეიძლება, ამაღამ უნდა ავუგო წესი - მერე ისევ საწყლად გამოხედა და - მარა, რა…ამდონი ხნის უნახავი, დღეს ჩამოხვიდოდი, რას ვიფიქრებდი. რა ვქნა ახლა, რა წყალში ჩავვარდე არ ვიცი. ჩემ თავს არ ვჩივი… ამის გადამტანი  ვარ მე?  ვერც შენ მოგილხენ და ეგება ვერც იქ ვივარგო, წეღანდელივით. ა ბატონო, ძმაი ხომ ხარ?  რასაც მეტყვი იმას ვიზამ.
-ბეზ პრობლემ!  მე ვთხოვ თალიკოს შენ თავს დღეს. უარს არ მეტყვის, ახალჩამოსულზე ტემ ბოლე.
-თავს კი მოგცემს, კი - ტანს თუ დოუტიებ დასამარხად
-მთლად მასეა საქმე? იმენნო ამაღამ, რა არი ასეთი რომ არ გადაიდება.  ბოლოს და ბოლოს. მოვიფიქროთ რამე.
-...
-პრიდუმალ, გითხარი მე შენ მოვიფიქრებ-თქვა… დილამდე შევუბეროთ
-მერე?
-მერე, უტრო ვეჩერომ მუდრენიაო, არ გაგიგია?
-სად გავიგებდი თუ იცი? ყულაბასთან, დუქანში?
-დილით, უთენია, სანამ გაღვიძებია... თან რომანტიჩნიც იქნება, რომ იცოდე…
-გადამრევს ეს კაცი! რაის მაქნისი ვიქნები  უთენია, შე აბდალო, მთელი ღამის ნასვამი, დიდი დიდი მივსულვარ და ნარეზინალი მომიფხანია, ხო გადავრიე მთლად.
გასახედნი ცხენივით, აჭიხვინებულ დათიას და მისდაუნებურად მას აყოლილ ვალიკოს, პირველად ძაღლი გამოეხმაურა, გაავებული ყეფით. მერე შეშფოთებულმა ცოლ-შვილმა ამჯერად ფანჯრიდან გამოხედა. მხოლოდ დედა დარჩა ბუხართან. რომ ნახეს ორივე ისე დაოსებულიყვნენ სიცილით, რომ მუცლები ხელით ეჭირათ, ბავშვები აკისკისდნენ, დათიას მეუღლემ კი კოპები შეჰყარა და “ამათი ერთად ყოფნა დიდხანს რაფრა შეიძლებაო”, საქმეს მიუბრუნდა.
-რაიო, ნენა, რა მოხდა იქანა იმფერი, ძაღლი რომ გედირია - იკითხა დათიას დედამ
-რა და,  უყურებს ერთმანეთს ორი კაძახი და იჭაჭებიან სიცილით
-იცინონ, ნენა, მერე,  ხო არ ჩხუბობენ.
-უშნოდ, აცუნდრუკებული კაცები არ მიყვარს მე!!! - ბრაზობდა რძალი, ამდენი ხნის უნახავი ქმარი ვალიკოსთან, როგორც თავად ბრძანა, საცუნდრუკოდ არ ემეტებოდა.      სიყვარულმა თუ იცის ასე…  უსაგნო ეჭვიანობა  მონატრებულზე.

*****
  დათიას ბრძანებამ- “ხვალიზა ვემზადებითო”- ყველა გააკვირვა, მაგრამ იქვე მოყოლებულ განმარტებას- “ნამეტანი გალახული ვარ გზით და სირცხვილია, ჯეროვანი პატივი ვერ ვცე ხალხსო”-გაგებით შეხვდნენ-“დავისვენებ პაწას, ჩემ კნეინაზე უკეთ მე ვინ მიწამლებსო”-სხვანაირი პეწით იყო ნათქვამი, რასაც მეუღლის გაბრწყინებული სახე და კეკლუცი მზერა გამოეხმაურა.
-ახლა კი - განაგრძობდა სარდლობის ეშხში შესული დათია - სანამ, ჩემი ვალიკო, მეზობლებს დასაპატიჟებლად ჩამოუვლის, თითო ჭიქა შეხვედრისა, ჩაფიქრებულ საქმეს ნამდვილად არ გაგვიფუჭებს, ხომ?! ჩტო სკაჟეშ, ვალიკო-გვერდულად გამოხედა ვალიკომ, ეშმაკურად მოღიმარ დათიას…”სული არ წაიწყმიდოო” იკითხებოდა მზერაში. დათიამაც არ დაახანა, მხარზე ხელი მოჰხვია და ამით ყველაფერი ითქვა - ხვალ, მზემ არ ამოგასწროს ჩემსას, იცოდე!

*****
კი არ მოდიოდა, ყმაწვილივით მოხტოდა ვალიკო. თავაღერილი, მოციმციმე თვალებით და გულში აღიღინებული. შეშას აპობდა დათია ჭიშკარმა რომ გაიხმაურა და ეზოს ფხიზელმა დარაჯმა კი არ წაიწკმუტუნა,როგორც ჩვეოდა ვალიკოს დანახვაზე, საალერსოდ განწყობილს, ჩაიღრინა - მწარედ ახსოვდა მისი გუშინდელი ვიზიტი.
-რავა ხარ, ბიჯო, ვალიკო… ხომ კარგად გყავს თალიკო - გაურითმა დათიამ
-იცოცხლე!!! თავწაკრული ეზოს გვიდა უთენია,  მივხედავ პაწას და მეც ამოვალო.
-ესი იგი, რავაც  იტყვიან, სტატუს ქვო აღდგენილია! - ატყდა ისევ ხორხოცი, ისეთიი…  ძაღლმა არ იცოდა რა ექნა, ბედად მეზობლის ძუკნას მოჰკრა თვალი და იქით გავარდა, ეშმაკმა უწყის რა განზრახვით.
    აივნიდან  ქალები უღიმოდნენ ეზოში “უშნოდ აცუნდრუკებულ კაძახებს”. ბავშვებს კი ჯერაც ტკბილად ეძინათ და ვინ იცის სიზმარში როგორ ირეკლებოდა სიცილით  ახმაურებული ეზო და  მკათათვის  ჯერ კიდევ თბილი დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს