ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2011


გესმის ფისუნი?


იმ დღეს, როცა თამუნამ გადაწყვიტა ახალი კაბა შეეკერა, დათო დარწმუნებული იყო რომ მისი ცოლი მსოფლიოში ულამაზესი ქალია , ხოლო თამუნას არანაკლებ სჯეროდა, რომ მისი ქმარი ყველაზე კეთილშობილი და ჭკვიანი მამაკაცი იყო, არა მარტო უბანში, მთელ ქალაქშიაც კი.
არც ერთი მაშინ არ იცნობდა, როგორც დღეს იტყვიან, კუტურიეს სახელად სამსონი.
თავად სამსონს სიტყვა კუტურიე ღიმილს გვრიდა და თავს ძველ ყაიდაზე “მკერავს” უწოდებდა, ეროვნული მოძრაობის კეთილშობილურ ხანაში კი “თერძს”. ერთსაც და მეორესაც ზოგჯერ დაამატებდა ხოლმე  “ქალთა კაბების” - აი ასეთი მკაფიოდ მონიშნული ნიშა ეჭირა მსუბუქი მრეწველობის სფეროში, სანამ ქვეყანა ყირაზე დადგებოდა და საბაზრო ეკონომიკა უმუშევარს დატოვებდა. 
დაივიწყეს სამსონა.
კარდენი, დიორი და ძმანი მისნი გახდნენ  გემოვნებით ჩაცმის ორიენტირები.
თამუნასაც მეზობელმა გადააფიქრებინა, კაბის ბუტიკში შეძენა და სამსონა გაიხსენა, მისი გარდერობის სამი საუკეთესო კაბიდან, სამივეს შემოქმედი.
ქალაქში ერთადერთი და იაფი-ასეთ ცდუნებას თამუნამ ვერ გაუძლო.

***
-ფისუნი, კარებს მე გავაღებ-მოისმა ოთახიდან
-ოოო, როგორც იქნა-თქვა იგივე ხმამ და კარებში გამოჩნდა  ოდნავ მხრებში მოხრილი და ერთი შეხედვით ყოჩაღი მოხუცი. თმაგაჩეჩილი, ასაკსმოხდენილი ღიპით და კეთილმოსურნე  ღიმილით კარგა ხნის გაუპარსავ სახეზე.
-ხომ გეუბნებოდი ფისუნი-ბინის სიღრმისკენ იყო მიმართული სიტყვები-ისინი მაინც მოვიდნენ-ჟესტით ისე მოიპატიჟა სტუმრები, რომ ლაპარაკი არც შეუწყვეტია
-შენ კიდევ იძახდი, ნინიკოს კაბის მერე, საღ ჭკუაზე მყოფი შენთან ვინ მოვაო
-თქვენთან კაბის თაობაზე ვართ სწორედ-დაიწყო დათომ
-გესმის ფისუნი?-შეაწყვეტინა სამსონმა  -კაბის თაობაზე ჩემთან მოასწავლეს… მადლობა ღმერთს, დარჩენილან ამ ქალაქში ნორმალური ადამიანები. მე კიდევ მეგონა გადაირია ხალხი… დიორი, კარდენი, ლაგერფელდი  სხვა არაფერი ისმის. ვინ არის ეს ლაგერფელდი, გეკითხებით?-უეცრად ბრაზმორეული ჯიქურ მიაჩერდა დათოს
-დიიდი ამბავი, ინგლისის დედოფალს აცმევს… კი ბატონო! თქვენი მეუღლე, ხომ?
დაუდასტურეს
-თუ გინდათ თქვენი მეუღლე, ასეთ ნორჩ ასაკში გამოიყურებოდეს როგორც ინგლისის დედოფალი დღეს, რა გაეწყობა, მიბრძანდით ლაგერფელდთან!!!
-ჩვენ თქვენთან მოვედით, ბატონო სამსონ-დაამშვიდა დათომ
-და სწორედაც მოიქეცით-თავისმხრივ დააიმედა სამსონმა
-მაშ, შევუდგეთ საქმეს! ერთი შეკითხვა მხოლოდ. იცით თუ არა რა არის კაბა?-და იქვე მიაყოლა-შეგიძლიათ არ მიპასუხოთ… დამიწყებთ ახლა მაქმანები, პლისე-მისე, ვიტიჩკები რამე… ყველაფერი ეს სისულელეა. კაბა, სულ სხვა რამეა, ჩემო კარგებო. კაბა უპირველეს ყოვლისა ქსოვილის ნაჭერია. ქსოვილი კი იმისთვის შეიქმნა რომ დავუფაროთ ქალს ის რაც წამგებიანია და გავხსნათ ის რაშიაც უდავოდ ვიგებთ. ხვდებით ხომ რასაც ვამბობ? მაგალითად ქალს ლამაზი ფეხებით ვუკერავთ მინის და ფეხებზე ვიგებთ, ან კიდევ ქალს არცთუ ლამაზი ფეხები აქვს, მაგრამ გადასარევი ბიუსტი. მკერდი ესე იგი. მაშინ ვკერავთ მაქსის ღრმა დეკოლტეთი. ანუ ვფარავთ ფეხებს, ვხსნით მკერდს და ვიგებთ ბიუსტზე… და ასე დაუსრულებლად. ამ მხრივ ქალი ამოუწურავი თემაა. მოცემულ შემთხვევაში კი-სამსონმა ყურადღებით შეათვალიერა თამუნა
-ხო, ესე იგი ამ შემთხვევაში... მდაჰ! ამსემთხვევაში, ვფიქრობ ვერაფერს გავხსნით. პირიქით, უნდა შევკეროთ მკაცრი, აბსოლუტურად დახურული ყელიდან კოჭებამდე კაბა.
-ეს როგორ “აბსოლუტურად დახურული”- აღშფოთდა დათო - მაშინ, როგორც თქვენ ბრძანეთ, რაზე მოვიგოთ?
-რაზე?.. რაზე და ფერზე - გახარებული ჩანდა სამსონი - მწვანე შინდისფერ ფონზე, ან პირიქით. ქსოვილებიც ხომ ასეთი შეგირჩევიათ - და სხარტად შეუდგა არც თუ უმიზეზოდ შეცბუნებული თამუნას აზომვას, თან წიგნაკში იწერდა რაღაცეებს.
-მოიცა, მოიცა - ვერ დამშვიდდა დათო - რაღაც ვერ გავიგე! თქვენ თვლით რომ აქ - შეწუხებულ თამუნაზე მიანიშნა -არაფრის გახსნა არ ღირს? ფეხები მაგალითად. რას უწუნებთ? ისინი რა, ძალიან თხელია, თქვენი აზრით, თუ ძალიან სქელი.
-რა შუაშია ეს - განაგრძობდა აზომვას სამსონი - განა საქმე იმაშია, თხელია თუ სქელი. სხვადასხვა ქალებს სხვადასხვანაირი ფეხები აქვთ… და ეს ნორმალურია. ცუდია როცა სხვადასხვანაირი  ფეხები ერთ ქალს აქვს…
-რაო, რა ბრძანეთ? - ნაწყენი ჩანდა დათო
-იქნებ წავიდეთ აქედან, დათუჩი? - მორცხვად იკითხა თამუნამ
-მოიცა შენ! - ვერ წყნარდებოდა დათო - რა ბრძანეთ პატივცემულო? ეს როგორ, სხვადასხვა. აბა სად?
-ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ თქვენს მომხიბვლელ მეუღლეს მარჯვენა ფეხი უფრო მასიური აქვს, უფრო დაკუნთული.
დათომ ისე შეათვათვალიერა მეუღლის ფეხები, თითქოს პირველად ხედავდა საყვარელი ქალის სხეულის სწორედ ამ ნაწილს.
-მართალი ხარ ხომ იცი - სახეალეწილ მეუღლეს მიუბრუნდა - რას ნიშნავს თამუნა ეს? რატომ არაფერი მითხარი აქამდე?
-რა უნდა მეთქვა - წაილუღლუღა თამუნამ - მთელი ბავშვობა ასკინკილათი დავხტოდი - თქო? თუ ის რომ სკოლაში სიმაღლეზე ხტომაში ვვარჯიშობდიო. წავიდეთ რა აქედან?
-აბა მე რა ვთქვი? სიმაღლეზე ხტომისას მარჯვენა ფეხი საყრდენი იყო და აი შედეგიც - საზეიმო ხმით განაცხადა სამსონმა -მარცხენა ფეხი ნორმალურია, ადამიანური, მარჯვენა კი სხვანაირი, ანუ სპორტული. ეს დეფექტი აუცილებლად უნდა დაიფაროს.
-დავუშვათ - იხტიბარს არ იტეხდა დათო - მკერდს რას ერჩით?
-ჰოო… აქ საქმე უფრო რთულადაა.
-რატომ? ჩემი აზრით, ამ ბიუსტზე მშვენივრად შეიძლება, როგორც თქვენ იძახით, მოვიგოთ. თან ძალიან კარგადაც. არ მესმის რატომ არ უნდა გავხსნათ.
-იცით რა, ჩემო კარგო - დინჯად დაიწყო სამსონმა - ჩემს ადგილზე ახლა მხატვარი რომ იდგეს, გეტყოდათ: ბიუსტი რომ დავხატო, ყველაზე ცოტა, ის უნდა იყოსო. ვწუხვარ, მაგრამ მეც იგივე უნდა გითხრათ… გულს ნუ გაიტეხთ. დიდი ამბავი, ბიუსტი! ირწმუნეთ ადამიანის წარმოსახვის ძალისა! აქ მთავარია ქსოვილის სწორი დრაპირება იმაზე რაც გვაქვს და მერე წარმოსახვა ისე ამოავსებს ქსოვილქვემო სიცარიელეს, თანაც ისე ლამაზად, რომ ბუნებაც კი ვერ გაუწევს მეტოქეობას, მიუხედავად თავისი ყოვლისშემძლეობისა. და ეს მარტო ბიუსტს როდი ეხება. ავიღოთ მაგალითად სახე… სხვათაშორის აღმოსავლელი ქალების გარდერობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ჩადრი…
-თქვენ რა?! - დათოს აღშფოთება შიშითაც გაზავდა - მირჩევთ ჩადრი ვატარებინო ჩემს ცოლს?
-მე ეგ არ მითქვამს!
-დათუჩი, წავიდეთ რა აქედან - თამუნას ხმაში შეშფოთება იგრძნობოდა
-მაცალე მეთქი! - უხეშად  შეაწყვეტინა დათომ - ხომ უნდა გავერკვე ბოლოსდაბოლოს… ბოდიში  თქვენი სახელი დამავიწყდა.
-სამსონი
-ბატონო სამსონ…ვთქვათ და ბიუსტის საკითხშიც დამიყოლიეთ… ახლა მეც ვხედავ, მაგრამ არაფერი გვაქვს მომგებიანი? ვთქვათ და თეძოებზე ვერაფერს მოვიგებთ?
-ეს როგორ - დაინტერესდა სამსონი - გინდათ რომ თეძოები გავხსნათ?
-არა, რატომ გავხსნათ…რაღაცნაირად, თქვენ რომ ამბობთ, დრაპირებით თუ რაც არი…
-ეს კი. ეს შეიძლება - დაეთანხმა - ოღონდ ჯერ მიჩვენეთ სად ხედავთ აქ თეძოებს და მერე მე მოვუხერხებ რამეს. და საერთოდ, გეყოფათ, უკაცრავად და სულელური რჩევების მოცემა. თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ და იქორწინეთ ხომ? ესე იგი, თქვენთვის თქვენი მეუღლე ულამაზესი ქალია მსოფლიოში. ასე არ არის?-დათო ჩუმად იდგა
-ჰოო და - მოგეხსენებათ, სიჩუმე თანხმობის ნიშანია - ახლა ჩემი ამოცანაა ამაში  სხვებიც დავარწმუნო… თქვენც კარგი ხართ, “წავიდეთ აქედან, წავიდეთ” - თამუნას გახედა წყრომით - გინდათ იყოთ ლამაზი, მაშინ მოითმინეთ! მორჩა! დღეს საკმარისია. ოთხი დღის მერე მობრძანდით და ვნახოთ რა გამოგვდის.

***
ოთხი დღის შემდეგ, სამსონი თავის კლიენტებს კიბეზე შეეგება. თვალები სიხარულით უბრწყინავდა.
-მომილოცავს, მომილოცავს ახალგაზრდებო - აღელვებული სულს ძლივს ითქვამდა - სამი ღამე ნორმალურად არ მიძინია თქვენზე დარდით.
სამუშაო ოთახში შეუძღვა სტუმრებს. მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ სამსონის აღფრთოვანებას სრულფასოვნად ვერ იზიარებდნენ. ის კი ამას აინუნშიაც არ აგდებდა და იგივე განწყობით განაგრძობდა.
-იცით რა? როგორც იქნა მივხვდი, ფერის გარდა კიდევ რაზე შეიძლება მოვიგოთ. გაგიკვირდეთ იქნებ მაგრამ, ფეხებზე. დიახ სწორედ რომ ფეხებზე. უფრო სწორედ  მარცხენა ფეხზე, რომელიც ნორმალურია. აი იმ მხარეს გავაკეთებთ ჭრილს, ეგრეთწოდებული თეძოს შუიდან კოჭამდე. გაიგეთ ხომ? ახლა წარმოიდგინეთ, მზიანი, თბილი დღეა. თქვენ მეუღლესთან ერთად სეირნობთ ბულვარზე. მას ახალი კაბა აცვია ჭრილით მარცხენა მხარეს. ყველა აღფრთოვანებულია. გამვლელები იმიტომ რომ ჭრილში საუცხოოდ გამოკრთება ხოლმე, უმშვენიერესი მარცხენა ფეხი, თქვენ კი იმიტომ რომ, ვერავინ ხედავს მეორე, არანორმალურად დაკუნთულ ფეხს. მთელი ბულვარი შემოგღიმით. ა? რას იტყვით? განა ეს გენიალური არ არის?
-ალბათ - უგემურად დაეთანხმა დათო
-გესმის ფისუნი?- მიაყვირა ბინის სიღრმეში - მას ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება

***
რამდენიმე დღის შემდეგ თამუნა მარტო მოვიდა კაბის წასაღებად.
-სად არის თქვენი კეთილშობილი მეუღლე - იკითხა სამსონმა
-ვერ მოიცალა, ბატონო სამსონ… და საერთოდ, ამ ბოლო დროს…- სევდიანი იყო თამუნა.
-რაო, ამ ბოლო დროს?
-ეეჰ… მგონი ისე აღარ ვუყვარვარ, როგორც ადრე - თავი ჩაღუნა, ცრემლს მალავდა აშკარად.
-აი თურმე რა - შეწუხდა სამსონი - შენ ძალიან ნუ იდარდებ. ჩვენ, მკერავებს ეს არ გვეშლება, ისევ მობრუნდება და გაგაღმერთებს…შენ ხომ ჯერ ოცისაც არა ხარ. სულ რაღაც ორ წელიწადში ფეხებიც ერთნაირი გექნება, და ისე შეივსები ქალი კი არა ქალღმერთი იქნები. მიდი ჩაიცვი ახალი კაბა - მამობრივი სითბოთი გაუღიმა გულაჩუყებულ თამუნას და ოთახიდან გავიდა.
-შენ, ნუ შეწუხდები ფისუნი, ყავას მე მივართმევ ჩვენს სტუმარს - მოისმა ბინის სიღრმიდან.
რამდენიმე წუთიც და ლანგნარით ხელში შემოვიდა ოთახში.
თამუნას კაბა მოერგო და თვალებში სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა ბრილიანტის სამშვენისივით. მრავლისმნახველი სამსონიც კი გააშეშა ამ სურათმა.
-იცი რა გითხრა,შვილო - ხმა უთრთოდა სამსონს - მამაკაცები მართალია ძალიანაც ვიხიბლებით ქალის მშვენიერი ნაკვთებით, მაგრამ სიყვარულით სულ სხვა რამისთვის გვიყვარს… ეს კია ვერ ვხვდებით რისთვის სახელდობრ. შენ  სავსე ხარ იმ რამეებით. ჩემი ფისუნიც სწორედ იმ რამის გამო მიყვარდა და მიყვარს დღესაც, მიუხედავად იმისა რომ უკვე ათი წელი იქნება რაც უკეთეს სამყაროშია.
-ეს როგორ - გაოცდა თამუნა - აბა ვის ელაპარეკებით ხოლმე იქით ოთახში?
-რა თქმა უნდა ფისუნის, სხვა ვინა მყავს რო. თუ გიყვარს, მასთან ვერაფერი გაგყრის, ისეთი სერიოზული ფათერაკიც კი, როგორიც სიკვდილია. ასე არ არი ფისუნი?- ისევ გასძახა ბინის სიღრმეში - გესმის... დუმს. დუმილი კი თანხმობის ნიშანია.

***
ოდნავ მხრებში მოხრილი ,თმაგაჩეჩილი, ასაკს მოხდენილი ღიპით, ღიმილით კარგა ხნის გაუპარსავ სახეზე და სიხარულით გაბრწყინებული თვალებით მიაცილებდა, ტროტუარზე მიმავალ, ამაყად ყელმოღერებულ ქალს სამსონი და გულში სიამაყით აღნიშნავდა
“თეძოებიც  რა ლამაზად გამოვუჩინე, არა და არც ეტყობოდაო”.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები