 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 5 ოქტომბერი, 2011 |
ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ ბიჭი და გოგო ... იქნებ ბავშვობამდეც. ერთგული მეგობრები იყვნენ. უხაროდათ ერთმანეთი უკვირდათ ერთმანეთი აგიჟებდნენ ერთმანეთს ერთობოდნენ ერთმანეთით... მერე მოვიდა სიყვარული და ყველაფერი გააფუჭა. აღარც უხაროდათ, აღარც უკვირდათ, აღარც გიჟმაჟობდნენ, ვეღარც ერთობოდნენ. ვეღარც მეგობრობდნენ, ვეღარც ერთგულებდნენ. სიყვარულიც ისე გაიპარა ვერც კი შენიშნეს.
_ ხდება ხოლმე, რას იზამ? მაგრამ ეს ხომ ნორმა არ არის. _რა თქმა უნდა, არა.
ბიჭი და გოგო, სრულიად უცნობები ერთ სკამზე აღმოჩნდნენ, ერთ ბაღში, ერთი ხის ჩრდილქვეშ და მათ შორის სიყვარული ისე კოხტად ჩასკუპდა, ისე რომ, ყურადღებაც არ მიუქცევიათ. მერე მოვიდნენ მეგობრობა და ერთგულება, თან თავისი მეგობრებიც მოიყოლეს და იყვნენ მშვენივრად. ახლაც მშვენივრად არიან, თუმცა სიყვარულს ვერ მოჰკრავ თვალს... ფერი იცვალა თითქოს, ან შეიძლება სულაც ზედმეტად იგრძნო თავი და უჩუმრად წავიდა
_შეიძლება. _ფიქრობ წავიდა? _უფრო ფერი იცვალა ალბათ, შეუმჩნეველი გახდა _რომ არაფერს ავნოს, როგორც მაშინ? _არც ესაა გამორიცხული
ერთხელაც ახლადგაცნობილ გოგო-ბიჭს აემგზავრა თურმე სიყვარული და მერე აღარ მოეშვა. მაგრამ რა? როგორც კი სხვა გამოჩნდებოდა, გაიბუტაო თითქოს _ გაქრებოდა. მოიწყენდნენ მაშინვე. გოგო ცალკე გაიბუსხებოდა ბიჭიც კოპებს შეკრავდა იფიქრებ, ამას ელოდაო, მაშინვე გამოჩნდებოდა ისევ და იყო ერთი ამბავი. ყვავილები პაემანი განშორება მოლოდინი შეხვედრა ერთხელაც გადაწყვიტა დარჩენილიყო სამუდამოდ. ამან კი გადაწყვიტა, მაგრამ იმათ რაღაც უცნაურობა დასჩემდათ. ხან ერთი ამოჰკრავდა წიხლს, ხან მეორე მობრუნებულზე და ისიც ნაცემი ძაღლივით აწკავწკავებული ხან ერთს აფარებდა თავს, ხან მეორეს. წასვლით ვეღარ მიდიოდა რატომღაც. დღესაც ერთად არიან ყველანი, მაგრამ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ბიჭის რიგია ახლა... თუ გოგოს? ამერია უკვე
_რა ხდება ვითომ? _რა ვიცი... ასე საინტერსოა ალბათ, ხალისიანია უფრო. _სისულელეა _მართალი ხარ... სისულელეა აბა რა. ამაზე ფიქრიც სისულელეა და წერა ხომ, არც კი ვიცი რა დავარქვა _სისულელეა ესეც _შეიძლება, თუმცა ვაღიარებ, არ მინდა ასე იყოს. _მე მინდა რო?
ბიჭი და გოგო მოდიოდნენ ერთად და სულაც არ ეფიქრებოდათ რა ხდებოდა ირგვლივ. მათ უერთმანეთობა არა თუ არ შეეძლოთ, ვერც წარმოედგინათ. მოდიოდნენ და უკან მორიდებით მოყვებოდათ ამალა სიყვარულით სათავეში და კიდევ მეგობრობა, და კიდევ ერთგულება, და კიდევ, და კიდევ...
_კარგია ასე? _კარგია... ოღონდ მოსაწყენია ოდნავ, არა? _ხო, ინტრიგა აკლია თითქოს... ანუ სულაც არ არის.
ბიჭი და გოგო ძალიან დამეგობრდნენ. ძალიან ძალიან. უხაროდათ ხალისობდნენ ერთგულებდნენ მერე მოვიდა სიყვარული და ყველაფერი გააფუჭა. გოგო გაიბუსხა ბიჭმა კოპები შეკრა სიყვარულიც გაწყრა და წავიდა. მოიწყინეს ერთბაშად და ერთხელ, როცა ერთი ხის ჩრდილქვეშ, ერთ სკამზე, შემთხვევით ერთად აღმოჩნდნენ, ასევე სრულიად შემთხვევით, სიყვარული ისევ ჩასკუპდა მათ შორის. მერე მეგობრობამაც მოირბინა და სხვამაც. იყო ერთი ამბავი. პაემანი ყვავილები განშორება მოლოდინი შეხვედრა თუ რამ ისე არ მოხდებოდა, როგორც ეფიქრებოდათ, გაავდებოდნენ, ხან გოგო, ხან ბიჭი და სიყვარულს წაუთაქებდნენ ეგრევე. ისიც ერთგული ძაღლივით აწკავწკავებული ხანს ერთს შეაფარებდა თავს, ხან მეორეს. წასვლით ვერ მიდიოდა რატომღაც. სიყვარული იყო და არ შეეძლო არ ყვარებოდა. მეგობრობა და სხვანი დაბნეულები მიმოიფანტებოდნენ ხოლმე და ელოდნენ გამოდარებას. დაფიქრდა სიყვარული. იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა... მაგრამ იმ დროისათვის გოგო და ბიჭი უკვე კარგა ღრმად დაბერებულიყვნენ. მიდიოდნენ ერთად და სულ არ ეფიქრებოდათ ირგვლივ რა ხდებოდა. მათ უერთმანეთობა არა თუ არ შეეძლოთ, ვერც წარმოედგინათ. მოდიოდნენ და უკან შლეიფად მოყვებოდათ ამალა სიყვარულით სათავეში და კიდევ მეგობრობა, და კიდევ ერთგულება, და კიდევ, და კიდევ...
_სევდიანი პროცესიის შთაბეჭდილებას ტოვებს რაღაცით ეს სვლა. _განა,შეიძლება სხვაგვარად იყოს? _ ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ ბიჭი და გოგო ... იქნებ ბავშვობამდეც. ერთგული მეგობრები იყვნენ. უხაროდათ ერთმანეთი უკვირდათ ერთმანეთი აგიჟებდნენ ერთმანეთს ერთობოდნენ ერთმანეთით... მერე მოვიდა სიყვარული და ყველაფერი გააფუჭა.
+ + + ზუსტად. :) ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ ბიჭი და გოგო ... იქნებ ბავშვობამდეც. ერთგული მეგობრები იყვნენ. უხაროდათ ერთმანეთი უკვირდათ ერთმანეთი აგიჟებდნენ ერთმანეთს ერთობოდნენ ერთმანეთით... მერე მოვიდა სიყვარული და ყველაფერი გააფუჭა.
+ + + ზუსტად. :)
1. რა კარგი რამ აღმოვაჩინე :)
ისე, კი, სიყვარული ყველგან ყველაფერს აფუჭებს:(( რა კარგი რამ აღმოვაჩინე :)
ისე, კი, სიყვარული ყველგან ყველაფერს აფუჭებს:((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|