| ავტორი: მოგზაური ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2011 |
არწივის ნისკარტით ღვიძლი მაქვს ნაკორტნი, ფასკუნჯის ჭანგებმა ხორცი დამიფლითეს, გაჩენის დღიდან რამდენჯერ ვეწამე, ყველაზე ვერ ვიტყვი–გამგები გაიგებს.
უხსოვარ დროიდან ვთელავდი ბილიკებს, ნიორის ფურცლებს გზადაგზა ვყრიდი, გრძელ ყურებს ვახევდი ავყია ოჩოკოჩს, ალების დალალებს ხახაში ვჩრიდი.
წიქარას ქეჩოზე სალამურს ვაკვნესებ, არა ვარ ქარბუქი, ვარ სიო დილის ხანაც შიკრიკი ვარ მზეთუნახავთან გაუცინარი ხელმწიფის შვილის.
დევებს რქებს ვამსხვრევ ლახტით და მათრახით ბროლის კოშკებიდან ყამარ–ქალს ვიტაცებ, ჭინკებს სულს ვართმევ კოპალას სატევრით სულ ოქროს თევზები მოჰყვება ჩემს ფაცერს.
მზეს ქალი წავგვარე მწველსა და მცხუნვარეს ტოტები ვამტვრიე ელიას ბაღებში, უფსკრულშიც ჩავედი ძმათა საძებრად ჭოტივით ვიფრინე ქვესკნელის თაღებში.
ცამცუმის მაგივრად დალს გვერდით მივუწექ, ქვას წვენი ვადინე და მიჯნურს ცრემლები, მუჭანახევარა ცხრაჯერ ვაცემინე, გულღრძო გველეშაპიც მე მიცქერს ყვედრებით.
დავსაჯე უზნეო ქოსამატყუარა, სპილოთა მეფე დაბლა დავანარცხე, სულ გიმტკიცებდი, რომ ბოლოსდაბოლოს კეთილი ბოროტს ყოველთვის ამარცხებს.
თუ მინდა, მფრინავ რაშს ფაფარს დავუწნავ, კუდიან დედაბერს დავითრევ კუდით, სახლში ვესტუმრები მთვარეს და ვარსკვლავებს მე – ჩემი ზღაპრების ვეება გუდით.
მგლის მუხლით ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავსერე, ბადრი და უსუპი გვერდით მომყვებიან ტყუილებს ჩმახავსო, ვიღაც დამწამებს არადა, ჩემს ამბებს შვილებთან ყვებიან.
სინათლეს ვეძებდი, სიმართლეს ვთესავდი, ვაჟკაცებს გიზრდიდი ოქროსქოჩრიანებს – უშიშრებს, გულადებს, ლამაზებს, ჭკვიანებს – დავითებს, ვახტანგებს, ცოტნე დადიანებს.
ნუ შეგაშინებენ ქაჯი და ეშმაკი – ჭიაკოკონობას კოცონი ბრიალებს ჩემო საქართველო, მე ისევ აქა ვარ– შენს გულში, შენს სულში, შენს თვალწინ ვტრიალებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "არწივის ნისკარტით ღვიძლი მაქვს ნაკორტნი" - ამირან,ბუჯუ, შენა ხააარ? "არწივის ნისკარტით ღვიძლი მაქვს ნაკორტნი" - ამირან,ბუჯუ, შენა ხააარ?
1. წარმატებები ავტორს წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|