ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შალვა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


კოცონი

ტკაცუნობს, იწვის, ელავს,
შენს ყურადღებას ეძებს,
არ დაგანახებს სევდას,
შეშასაც წვავს და ლექსებს.

ხან გეფერება თბილად,
ზოგჯერ ზედმეტი მოსდის,
ძალიან თუ არ გცივა,
მაინც მხურვალედ გკოცნის.

კვამლით აგიწვავს თვალებს,
რადგან არა აქვს გული,
არ გაისტუმრებს ვალებს,
რამე დაგიწვა თუკი.

კედელზეც გეცეკვება,
ათინათებით მოგრთავს,
მოწყენით არ იქნება,
სანამდის შეშას ლოკავს.

როცა ჩაცხრება ვნება,
ნაკვერჩხლებს დაჰკრავს რული,
ნაცარში იფუთნება,
კვამლად ამოსდის სული.

თავის სიცოცხლეს ახალს
კიდევ იპოვის მაშინ,
თუ ნახშირით დახატავს
რამეს მურიანი ბავშვი...

                                      26.07.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები