ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 დეკემბერი, 2011


ადამ ბობღიაშვილი(ალვანელი) - ტრაგიკული ბედის პოეტი და მწერალი

        ამასწინათ მეგობარმა მათხოვა წიგნი, სადაც შეტანილი იყო ათი ქართული მოთხრობა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ჩემთვის უცნობი (ჩემდა სამწუხაროდ)ავტორის ადამ ბობღიაშვილის (ალვანელი-ს) ნოველა ”სიკვდილი კაკლიანში”, რომელიც ეხება თუშების რაზმის დაბრუნებას ომიდან. ნაწარმოები ძალიან დახვეწილი და საინტერესოა. კარგა ხანს მიტრიალებდა მისი კინოსცენარად გადაკეთების იდეა, რის განხორციელებასაც შევუდექი... ამ ავტორმა ძალიან გამიტაცა, თან ახალგაზრდა დაღუპულა - 31 წლის.  დავიწყე მოძიება მისი ცხოვრების შესახებ, რომელიც ძალიან ტრაგიკული ყოფილა.
        ადამ ბობღიშვილი დაიბადა 1912 წლის 28 მაისს ზემო ალვანში. მამამისი იყო ჩარეული 1905 წლის რევოლუციაში და მას პარიზიდან იარაღიც ჩამოუტანია. პატარა ადამი თელავში სწავლობდა, იღებდა მონაწილეობას სკოლის თეატრში და აქედან იწყება მისი ცხოვრება, როგორც ხელოვანის. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა უნივერსიტეტში, სადაც დაიწყო  საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა. მან და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ შექმნეს ანტისაბჭოური ორგანიზაცია ”სამანი”, რომელიც იშიფრებოდა ასე - ”საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები”.
        შეთქმულება 1941 წელს გასცეს და 17 სტუდენტი დახვრიტეს. ადამ ბობღიაშვილმა და იმედიძემ გაქცევა მოასწრეს და თავი ჯერ კახეთს, შემდეგ კი თუშეთს შეაფარეს. მიზნად ჰქონდათ ჩეჩნური და ინგუშური ანტისაბჭოთა პარტიების შემოკრება და კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ ხალხი მფარველობდა,  მაგრამ მათი ადგილსამყოფელი მაინც გასცა ვიღაცამ 1944 წელს. შეთქმულთა წინააღმდეგ სამი ასეული გაიგზავნა. ახალგაზრდების რაზმმა სოფელ დოჭუდან გაქცევა მოასწრო, მაგრამ მათ  დაეწივნენ ”თორღვას აბანოებთან”, სადაც უთანასწორო ბრძოლაში დაიხოცნენ. ბობღიაშვილს მდევრის დანახვაზე აღმოხდენია: ”ყოჩაღ თუშებო, გაიმარჯვეთ თუშებზე!”. რაზმის მეთაურებს - იმედიძეს, ბობღიაშვილს და თავბერიძეს თავები მოჰკვეთეს და თუშ პოეტს არჩილ კიტოშვილს აჰკიდეს. თურმე მათ გრძელი წვერი ჰქონდათ, რითაც მიუბამთ კიტოშვილის ხურჯინზე და სოფელ ხისოდან ომალოში ჩაუტანინებიათ. მეთაურთა სხეულები იმდენ ხანს ეყარა მიწაზე, სანამ არ გაიხრწნა და მარტო ძვლები არ დარჩა. მერე ერთ თუშს ბობღიაშვილის დედისთვის პოეტის ერთი ძვალი ჩამოუტანია და უბედურ დედას ის მალულად დაუმარხავს ეზოში.

          ახლა კი, ადამ ბობღიაშვილის ლექსებსაც დავამატებ:
________________________________________
ავდარია ქედებზე
ლიზას

ქარი მთებზე ჯირითობს,
ქარმა ჯანღი დაწეწა,
ჩადგა ღამე ხევებში,
ფრთები მძიმედ დაკეცა.
თალხი ბინდი ჰკიდია
ტყის კენწერო წვერებზე,
ტყდება ელვა დროულად,
ავდრობს ბებერ სერებზე.
ქოხის თავზე იბნევა
ქვიმის კრიალოსანი,
შორით მოჩანს კერასთან
შავი მადილოსანი.
გადალეულ დედის გულს
დღეს ჯანღებმა აუწყეს,
თურმე იმის ობოლას
დანით გული გაუპეს.
ერთადერთი ნუგეში
ბალახივით გადახმა,
თითქოს ტყიურ მოზარედ
ყმუის მგელი გადაღმა.
ავდარია ქედებზე,
დედის გულშიც ქარია,
ბოღმა ცრემლად ნაჟური
თითქოს ნიაღვარია.
ჭირნახული ღაწვები
ჯავრმა უნდა დაადნოს,
მთაში ქისტი გოგონა
აღარ მოვა არასდროს.
ღამე დაყუდებულა
ქოხის მიწნულ კარებთან,
დედას ბოღმა აწუხებს
ცრემლი ბზინავს თვალებთან.
ავდარია ქედებზე,
ქოხთან ქარი ხრიალებს,
დედის შავი მანდილი
კლდოვან ქიმზე ფრიალებს.

1936 წელი, ივნისი

***
ეგ ყორნისფერი თვალები ღია
დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
ალაპარაკდი, მითხარი რამე.
ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
და იდუმალად შრიალებს ღამე.
ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?!
იყავ ღადარზე უმხურვალესი
და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა.
აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი,
ჩამოიშალა ჯანღები მთიდან.
რატომ ჩააქრე ცეცხლი ვნებათა
ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?!
მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა,
თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის.
მორჩა ეს ღამეც წაიშლება და
ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი.
და მოვიგონებ ოდესმე, კიდევ,
როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს,
როგორ წამართვი სულის სიმშვიდე,
და მოლოდინით როგორ დამღალე;
დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს,
ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს.

1940 წელი.


ოცდამეათე გაზაფხული

(დღეს შემისრულდა 30 წელი)


დგას ტყე უღრანი, სურნელებით პირამდე სავსე,
მზის სიმხურვალე მოხეთქილი ციდან ღვარებად,
და ვხედავ ახლა, ამ ცხოვრების უდაბურ გზაზე
ოცდამეათე გაზაფხულის შემონათებას.

სისხლდაშრეტილი ვაჟკაცობის ბჭესთან მოვედი,
გავყურებ უკან გადაქროლილ დღეთა ქარავანს,
იქ შემოდგომის სუსხდაკრული მოჩნს ყოველი,
მაგრამ ჯერ კიდევ დაღუპული მაინც არა ვარ.

ვისაც ეწადა მზე ხმელეთზე ჩამოეტანა,
ვისაც სურვილი აუყვავდა ია-ვარდებად,
ვინც ბრძოლის ჟინით შეაჯერა ცა და ქვეყანა,
იმას სიცოცხლე თავგანწირვით შეუყვარდება.

მე კი დავეცი უდროობით მხარდასეტყვილი,
თუმცა მრავალჯერ საკუთარ გულს მკაცრად შევები,
დავკარგე რწმენა, გაზაფხულმა მოისხა ჩრდილი
და კვლავ უაზრო გატაცებით ქრიან დღეები.

ქრიან დღეები, მზიანი კი არ მახსოვს ერთიც,
ბედთან ბრძოლაში ოცდაათი წელი გავიდა,
რა იქნებოდა, რა მიზანი, რა ჯოჯოხეთი,
ჩემი ცხოვრება რომ დამეწყო ისევ თავიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები