ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2012


მუნჯი მხატვარი

  ტყე რომ აშრიალდეს, ქარი უნდა ქროდესო, მითხარი და ქოხის კარები ზურგით შეაღე. ობობას ხის კედლები გობელინის ნახატად ექცია. იქვე მიგდებულ ჯორკოზე ჩამოვჯექი.
  -ფრთხილად, არ დაისვარო, საუკუნეა აქ არავინ ყოფილა.
  -ჩემი რომ იყოს ძალიან ხშირად მოვიდოდი.
  -ცხოველების არ გეშინია? არადა თვალები შიშით გაქვს დაშუპებული
  -გულიც... მაგრამ არა შიშით...
  -აბა?
  -მოლოდინით.
  -ახლა ცეცხლს ავაგიზგიზებ და ჩავუსხდეთ, მოგიყვები.
  -რომ განმეროდეს რას აპირებ?
  -კარგი რა, მე დღესაც მოჩვენება მგონია.
  -მეშინია.
  - მანქანაში ასანთია, შეგიძლია მომიტანო? გასაღები კარებთან რომ ლურსმანია, იქ დავკიდე.
  მეშინია, მაგრამ ვერ ვამხელ.
  ქოხს არცერთი ფანჯარა არა აქვს, თაგვებისგან გამოხრული იატაკი ჭრიჭინებს. მანქანამდე სადღაც ათი ნაბიჯია, ათი წლის სიცოცხლეს რომ მართმევს.
  ასანთი სწრაფად ამოვიღე და სახლისკენ გავიქეცი. ზუკა ჩემგან ზურგით იდგა და ძველი მორყეული სავარძლის ქვეშიდან რვეულებს იღებდა, სიჩქარისგან ხელები უკანკალებდა.
  -ზუკა, შეშა მზად გაქვს?
  -აა, მოხვედი უკვე? აქ ბავშვობა და რაღაცეები შევინახე ...
  -თუ გინდა ნუ ამიხსნი, ასე მგონია მათრახით გადგავარ თავზე და გაიძულებ ჩადენილი დანაშაული აღიარო, როცა არც კი ვიცი რა იმალება ამ პატარა და ნახევრადდაშლილ ქოხში. ასე თუ ნერვიულობ, ასანთს წავუკიდებ და ...
  - დამაცდი? ჩამოჯექი რა ...
  ლაპარაკს არ ვაცდით ერთმანეთს, ორივეს გვეშინია, ორივე გავურბით და ვერსად ვიმალებით...
  -ლიკა, როცა შენ გამიცანი, ერთი მამიკოს ფულებით გასუქებული ბიჭი ვიყავი, ყველასთვის მისაღები და საყვარელი, შენ კი ქერა, ოქროს დალალებიანი გოგო, რომელზეც ნებისმიერი იოცნებებდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, მანკიერი მხარეები დამემალა, ამასობაში მეც დავიჯერე რომ ცხოვრება შენით დავიწყე და წარსული დიდ ურნაში გადავაგდე. სამსახური არ მაწუხებდა და არც იმაზე ფიქრი შენი გულის მოსაგებად ფული როგორ მეშოვნა. ჩემი დილა ორზე იწყებოდა, მერე კი იცი, შენ გხვდებოდი და თორმეტამდე ერთად ვიყავით, ხან მცხეთაში, ხან ბაკურიანში, ხან ტაბახმელაში და სადაც შენ ინდომებდი იქ. მერე სახლთან გტოვებდი, მე კაზინოსკენ  ვაგრძელებდი გზას, მეორე დღეს ორ საათზე მაღვიძარა მახსენებდა არსებობას და მობილურზე ყოველთვის მამაჩემის ნომერი მხვდებოდა. ისევ მეზარებოდა სამზარეულოში გასვლა, სადაც დედაჩემის ლექციების მოსმენა მიწევდა, სასწრაფოდ გადავივლებდი წყალს და გამოვრბოდი. გარეთ ისევ ყველაზე სიმპათიური, მიმზიდველი და ფულიანი ბიჭი ვიყავი, რომელიც კისრით დიდ ურნას დაათრევდა.
  -ეს ათასჯერ მაქვს მოსმენილი და  ჩაყლაპული.
  -მაგრამ შენ არ იცი რატომ მექცა ცხოვრება ჯოჯოხეთად, შენ მანამდეც ასეთი გეგონე, ბავშვობიდან გაბლატავებული. არაა ეს ასე, მართლა არაა.
  -კარგი რა, თაზოს ერთი ბიჭი ჰყავხარ და ვერ დამაჯერებ ...თვალებში გიყურებს ახლაც.
  -თვალებში ყურება იმას არ ნიშნავს, თავზე დაადგე და ფული გამოსძალო, რასაც თავად მაძლევს ის სხვაა...
  -შენ დიდხანს უნდა მელაპარაკო სისულელეებზე? აქ რატომ მომიყვანე, ამიხსენი.
  -ლიკა, ეს ქოხი ჩვენი აშენებულია, ჩემი და ნიკასი.
  -რომ მოკვდა?
  -ჰო, ნიკა ამ ქოხში მოკვდა, უფრო სწორად...
  -რა უფრო სწორად?
  ლაპარაკი მძლავრმა ქარმა შეგვაწყვეტინა, კარები მარაოსავით ფრიალებდა, შეუძლებელი იყო აქ სიმშვიდის მიყურადება, ზუკას ცალ ხელში დაჩეხილი შეშა ეჭირა და გიჟივით უყურებდა კარებს.
  -ისევ აქ ხარ? აღარ მომშორდები? არ გეყო?
ღრიალებდა ზუკა და მის ზურგსუკან ვკიოდი მეც. ქარმა კარები მოგლიჯა, ოთახში შემოაგდო, წარმოვიდგინე თითქოს სასახლე იყო და შიგ მაწვენდნენ, საკუთარი წარმოდგენის შემშურდა. ვერ გამეგო ვის ებრძოდა ზუკა, ქარს, ტყეს თუ თავის წარსულს, ახლა მას მომავალი არ გააჩნდა, არც მე ...
  ამ მდგომარეობაში ვიყავით სადღაც ათი წუთი, ზურგთან წამიერი სიცივე ვიგრძენი, აი, ადამინი რომ ჩაგირბენს ისეთი, ინსტიქტურად მივიხედე. შიშს დავაბრალე.
  -ლიკა, ლიკა უყურებ ლიკააააა? ყველაფრის თავი ეს ქალია, წლებია არ მშორდება, ამის დედას მოვ.... ახლა.
  და ზუკა შეშით ხელში დამისხლტა ხელიდან.
კარებთან თეთრებში ჩაცმული ქალი იდგა , მარჯვენა მენჯის ძვალზე პატარა გოგო შემოესვა და იღიმოდა. სახეც თეთრი ქონდა, თითქოს ცარცი შეაყარესო. ლამაზს მხრებამდე სწვდებოდა შავი თმა, ფეხშიშველას ტალახის წვეთიც არ ეცხო, შემეცოდა კიდეც და ზუკას დავუწყე ყვირილი.
  -შეეშვი, რას გიშლის ეს ქალი, გაგიჟდი? ბავშვითაა, დაბრუნდი.
ახლა ზუკა იდგა კარებში და ეძებდა მას, ვინც  სული წაართვა. მე კი ვერც გავიგე როდის გავიდა ბავშვიანი ქალი ქოხიდან.
  შიშმა თავისი გაიტანა, ზუკას იმ ღამეს მეტყველების უნარი წაერთვა. არც მე მიცდია ზედმეტი კითხვებით გამეღიზიანებინა. პატარა ჯორკოზე მიეძინა.
  სავარძლიდან ჩუმად გამოვაჩოჩე ნესტიანი, ვირთხის ცურცლიანი ფურცლები  და რამდენიმე ფოტო. სადაც ქალი ქოხის შემოღობილ ეზოში, მინდორში იჯდა და ბავშვს ეთამაშებოდა, ზედ თარიღიც ქონდა მითითებული. 1987 წლის მაისი, დღე ორშაბათი.
რვეულები ზუკას და ნიკას ჩანაწერებით იყო სავსე.
  "მე ნიკა მქვია. პატარა ქოხში ვცხოვრობ, ტყე შრიალებს. ყოველ ჩამოსვლაზე ვხვდები როგორ ვიზრდები და ვეღარ მაშინებს ქარი და სიცივე, ვერც ის ქალი მე და ზუკას რომ გადაგვეკიდა. ის ბავშვიანია, როცა სახლს ვაშენებდით ხის სათამაშო თოჯინა ვიპოვეთ, იმ ღამეს საბანმაც ვერ უშველა სიცივეს, ზუკას თოჯინა გაახსენდა, შემოვიტანეთ და ცეცხლი დავანთეთ, სითბოში ჩაგვეძინა. დილას ბავშვის კივილმა წამოგვყარა, მაგრამ ხმა ყველა მხრიდან მოდიოდა, ვერ მივაგენით. დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და ქალაქში ვბრუნდები. მე მიყვარს ჩემი შექმნილი ზღაპარი, ჩემი აშენებული ქოხი, ტყე, შიშიც, სადაც შემიძლია ჩემს გემოზე ვიცხოვრო. "

თითქმის სველი ფურცლები შეშას მივაფიცხე.  შიშმა მოლანდებები მომიგზავნა. ოთახის ოთხივე კუთხეში ქალი იდგა. საოცარი კი ის იყო, რომ არაფერს მერჩოდა.
  ჩამძინებია, გამთენიისას ბავშვის ხმამ გამაღვიძა, მერე ვიღაცამ ჩუსტების ფლატუნით ჩამირბინა. თვალების გახელის სწორედ მაშინ გეშინია, როცა არ იცი სიბრმავე სჯობს თუ გახელა. ისე მაგრად დავხუჭე, წამწამები გუგებში ჩამეტანია, გარსზე ანთებული ასანთის ღერებივით მომედო, უარესის მოლოდინის შიშმა ტკივილი ნეკა თითზე დაიტია. მამაჩემს კი მუდამ კაცივით უდრეკი ვეგონე. ცდებიან  ადამიანები, როცა სხვების ამოხსნას ცდილობენ და ორმაგად ცდებიან როცა საკუთარ თავს უკირკიტებენ.
  ზუკას სიჩუმემ დამაეჭვა. ოდნავ გახელილი ქუთუთოებიდან მისი ძებნა დავიწყე. ალბათ ეზოშია,  ალბათ, ალბათ... და ეს ალბათ გაიზარდა, დაგორგოლავდა და თავზე ხელსისხლიანი ჯალათივით წამომადგა.
  -ზუკა, ზუკა რას აკეთებ? გაიყინები, როგორ დგახარ...
ზუკა მოვიდა, შუბლზე ნაზად მომადო თბილი ტუჩები და გაბრუნდა. შუადღემდე ვუყურებდი როგორ გამოყავდა ცარცით ხის კედლებზე ქალის გამოსახულება. ღუმელს ქალიშვილი გოგოსავით აუწითლდა ლოყები. საღამოს ექვსი ხდებოდა  ნახატთან მიმიყვანა, ქალს ბავშვი მენჯზე შემოესვა და დახუჭული თვალებიდან ცრემლი სდიოდა. ის არაფერს მიხსნიდა, არც მე ვეკითხებოდი...
  ნივთები შევაგროვეთ, შიმშილისგან კუჭი ამტკივდა, მანქანაში ბოლო ღერი სიგარეტი ვიპოვე, დატკეპნილი, მაინც მოვუკიდე...სანამ ზუკა პიჯაკს ბერტყავდა, რვეულები ჩანთაში ჩავმალე. ღვედი გადავიჭირეთ, ზუკამ ზურგზე ხელის დადებით ქოხის კარებისკენ მიმანიშნა, იმდენად მშვიდი სახე ქონდა, პირველად შემეშინდა სიმშვიდის. ბავშვი ქოხის საკეტურს აწვალებდა, ერთხანს წამოიტირა და ბალახში ჩაჯდა, ვარდისფერი სარაფანა ეცვა და ვარდისფერივე ხელით ნაქსოვი ჟაკეტი. ზუკა, ჩვენ თუ ოდესმე შვილი გვეყოლება, ასეთი ლამაზი მინდა იყოს-მეთქი, საკუთარ თავს ვუთხარი და დაძრული მანქანიდან ვიღაც არარსებულს ხელი დავუქნიე.
  ტყიდან გამოსასვლელი ორი გზა არსებობდა, ერთი, რომლითაც შევედით და მეორე რომლითაც ახლა მივდიოდით. მეორე დღე სრულდებოდა ზუკას ხმა არ მსმენია, ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ განგებ ჩაიგდო ენა. მანქანა დიდ მუხასთან შეანელა. მშიერ ხეს ჩემი პირივით დაეღო ფუღურო. სწორედ იქიდან რაღაც შავი , მტვრისგან გათეთრებული ნივთი გამოიღო და სწრაფად ჩაჯდა. ეს იყო ის ისტორიული იარაღი, რასაც ნიკუშას მამა წლობით ეძებდა, რათა შური ეძია მისი შვილის არარსებულ მკვლელზე. ზუკა ნაზად ასაფთუვებდა მაკაროვს და მასაც ქალივით თვალდახუჭულს ჩამოსდიოდა ცრემლები. მაშინ პირველად გადავწყვიტე, რომ ზუსტად ერთნაირად ტირიან ქალები და კაცებიც-მეთქი.
  თბილისში შესვლისას მივხვდი , რომ ვინმე რეალური პიროვნება ვიყავი, სახელიც მქონდა და გვარიც, რომ ხვალ არ დამკეცავდნენ მობეზრებული ზღაპრის წიგნივით. ჩამოვედი, მაგრამ სხვისი ცხოვრებაც ძალაუნებურად გამოვიყოლე.
 


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები