 | ავტორი: სოფრომა ჟანრი: პროზა 14 აპრილი, 2012 |
თვალი თვალი დამადგი. უთვალავი ფერით იმდენჯერ მოხატე ჩემი სარკმელშეხსნილი სამყარო, სათვალავი ამერია. თვალაბმული გამოგყევი ზღაპარში, რომელსაც ერთად ვწერდით. ვუთვალთვალებდით ფიქრებს, რომ არ შეციებულიყვნენ. თვალახვეული სულები ერთმანეთს გადაეჭდო და გამთლიანდა. გამთლიანდა და დავრჩით მე და მე. მერე მე ვებრძოლე მეს, დავამარცხე და დავრჩი მე. თავაწეული ამაყად ვუსწორებდი თვალს სამყაროს, რომელმაც მკვლელობა მაიძულა. რატომ მიყვარხარ, როცა მაიძულებ, მკვლელი ვიყო? საკუთარი თავი დავკრძალე ერთ შუადღეს. მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი, ვიცინოდი ცრემლებამდე, ვტიროდი მათ გაშრობამდე. ერთი წუთით ისიც მომეჩვენა, რომ მიცვალებული შეირხა, თითქოს თითები აამოძრავა, თუმცა მალევე მივხვდი, მთვარის ჩრდილების ბრალი იყო და დავიჯერე, რომ მკვდრები არასოდეს ცოცხლდებიან. ძალიან ცხელი შუადღე იყო. მძიმედ ავათრიე ჩემი მკვდარი მე სასაფლაოზე, წელში მოხრილს, ფეხები მერეოდა, სახე მეწვოდა, თვალში იმდენი ცრემლი დაგუბდა და ერთსაც კი არ უნდოდა პატრონის მიტოვება. სადღაც შენს სახეს მოვკარი თვალი. შორს იყავი, თუმცა მეიმედებოდი, ცოტას შევისვენებდი შენთან და გზას გავაგრძელებდი. რაც უფრო გიახლოვდებოდი, მით მეშორებოდი და ამასაც მივხვდი, შენი სახე დაიხრჩო ჩემი თვალების ზღვადქცეულ მოგონებებში. სანამ მიწას მივაბარებდი, აჩრდილებად ქცეული გრძნობები შემოეხვივნენ, განზე გამწიეს და სათითაოდ დაატირეს. მე ის გამიკვირდა, როგორ უსმენდნენ ერთმანეთს აჩრდილები, როცა ჩვენ ცოცხლებმა არ მოვუსმინეთ. მონატრება ტიროდა, როგორ ვერ მოვასწარი შენი მოსურვილებაო. სიყვარულმა, ხომ გეუბნებოდი, ცოტა სხვასაც დაუტოვე, ამდენი არ შეიძლებაო. მოთმინებამ, სადაც ამდენი, ცოტაც გაგეძლოო. ახლოს მივედი, პირზე მომდგარი სანუგეშებელი სიტყვებით. არც შემომხედეს, ისე გაქრნენ. დავასაფლავე. თან ჩავაყოლე ნივთები: მოგონებები, იმედები, იები, ბარათებზე დაწერილი ლექსები, გამოუგზავნელი წერილები, ორიოდე კოცნა. იმას გამოადგება, მე – აღარ. შუაღამემდე ვიჯექი მეს საფლავის სიახლოვეს. აი ასე, არ ყოფილა სიკვდილი ძნელი. არ რჩები ადამიანი მარტო სიკვდილის შემდეგ, როცა თან გატანენ ცრემლს და ძვირფას ნივთებს. აქეთობას უფრო დიდი დრო დამჭირდა, უფრო მოხრილი მოვდიოდი, ნიაღვრად მომსკდარი სიცარიელე კი მიწას მიტალახიანებდა და ვეფლობოდი. არსად არ იყავი. აღარ იყავი. სახლში ხმაურით შევედი. არავინ მკითხა, რატომ ვეხეთქებოდი კედლებს აქეთ-იქით. მერე ველოდი, როდის მაგებინებდნენ პასუხს მკვლელობისთვის. ვუყურებდი საინფორმაციო გამოშვებებს, მანქანაში მუსიკის მაგივრად ვუსმენდი "ფმ უსასრულობას", და ვმშვიდდებოდი. მე ისე უხმაუროდ მომიკლავს და დამისაფლავებია, შენც კი ვერ მიხვდი. დავიღალე და თვალი მოვხუჭე. მე მოგიკვდი.
გული გულმა მითხრა, არ გაბედოო. გულისგულმა, გულისყურით მოუსმინე, უგულო ადამიანი ხომ არ ხარო. გულქვა სიტყვები ერთად მოვაქციე, გულგრილად გადავყარე ფანჯრიდან და გულიანი სიცილით გავიცინე მაშინ, შენ რომ გიპოვე, შევიშალე და შეგიფარე. მერე შენ მითხარი, მეც ხომ მაქვს გულიო და გადაწყვიტე, ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ წაგეღო, მე შეგიბრალე და მთელი გაგატანე. ვფიქრობდი, ასე უკეთ და ადვილად ამოიკითხავდი, რისი ამოქართულებაც მოვასწარი, შენ კი არც გადაგიშლია. დავრჩი უშენოდ და უგულოდაც. აღმოვაჩინე, რომ ასეც შეიძლება არსებობა. ახლა სიყვარულით სავსე გულის ადგილას დაგლეჯილი არტერიებია, რომელთა დახმარებით სისხლის ნაწილაკები მოგზაურობენ ჩემს სხეულში, ხანდახან კი მათაც უჭირთ და ექიმთან მისვლას მთხოვენ. მე, რა თქმა უნდა, არ მივდივარ. რა უნდა მითხრას ექიმმა, რომ ცოტაღა დამრჩა? ეს ხომ ისედაც ვიცი. რომ შეეცდება ჩემს გულისცემას მოუსმინოს და სად არის ნეტავი გული, ანომალიურ გამონაკლისს ხომ არ წარმოვადგენ და მარჯვნივ ხომ არ ისინჯება? მერე მარჯვნივაც ვერ ნახავს და დამკრძალავენ? მე ხომ უკვე დავასაფლავე ჩემი თავი ისე, რომ არავის მოვუკითხივარ? შენ გეზედმეტა ორი გული. აღარ იცოდი, სად წაგეღო. ერთი გული, შენი გული, დაახურდავე და გროშებად დაურიგე ყველას, ვინც კი გთხოვა. ჩემი გული შენთან დარჩა და მშვიდად მოვხუჭე თვალი, მშვიდად მოგიკვდი. მოულოდნელი შეხვედრა
-რას იტყვი ახალს და კარგს? გამოგიკეთდა განწყობა? -კიი, ისეთ საინტერესო ამბებში ამოვყავი თავი, ვინ დამაცდის, მოწყენილი ვიყო ( “საკუთარი თავი მოვკალი და დავასაფლავე ”) -ხოოო, აი ასეთი ხარ, გადარევ კაცებს და მერე ისინი არც გებრალებიან. -აბა, ასეთი ბოროტი და აუტანელი ვარ ( “რატომ ვერ ამჩნევ სიკვდილს ჩემს თვალებში? ”) შენ როგორ ხარ? -მე რა ვიცი, ძველებურად, მოსაბეზრებელია ყველაფერი, რაც ხდება. -ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვყავს, შეუცვლელი მეგობრები? (“ნეტავ, რატომ თავიდანვე არ დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი? ”) -ჰო, მეშინია, არ გავგიჟდე, სიკვდილისაც მეშინია ხანდახან. -მერე სიგიჟეს რა სჯობს, ხომ თქვი, მოწყენილი ვარო? (“მეც არ მინდოდა სიკვდილი, არ მინდოდა”) -გულის ტკივილი დამჩემდა. -ექიმთან წადი (“რაც ჩემს გულს ატარებ . . .”) -კარგ ექიმს ვერ მასწავლი? -ვიცოდი ერთი... -მისამართს ვერ მეტყვი, ან ტელეფონის ნომერს? -გარდაიცვალა. . . გულით. . . (“უფრო სწორედ, უგულოდ ”) -მართლა? საწყალი. ღმერთმა აცხონოს. -სრულფასოვანი ცხოვრების შესანარჩუნებლად მავნე ჩვევები არ დაივიწყა (“მიყვარდი, მწამდი, მეიმედებოდი. ”) -კარგი, გავიქეცი, ახლა არ მცალია, მერე მოგწერ, ხო? სად წავიდა ეს გოგო, რა უცნაური ვინმეა მართლა???
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე, ჩემო კარგო, უდიდესი მადლობა:) გაიხარე, ჩემო კარგო, უდიდესი მადლობა:)
1. მიუხედავად იმისა რომ ლუზერი ვარ ლიტერატურაში არც თუ ცუდად ვერკვევი :) ძალიან კარგად წერ და მინდა წარმატებები გისურვო მომავალშიც :) მიუხედავად იმისა რომ ლუზერი ვარ ლიტერატურაში არც თუ ცუდად ვერკვევი :) ძალიან კარგად წერ და მინდა წარმატებები გისურვო მომავალშიც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|