ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2012


სიჩუმემ დამღალა

სიჩუმემ დამღალა.
დღედადღე, ქარდაქარ
ამ წუთებს, ამ წამებს
კედლებად აღვმართავ,
ფურცლებად გავაკრავ.
შევძლო და ვიცოცხლო,
ლექსს დავაფრთიანებ,
დავივლი კარდაკარ.
ვიქცევი მათხოვრად,
ჩემს ბედნიერებას
წამოვკრეფ, დავლამბავ -
წუთს წუთთან, წამს წამთან.
წუთწუთად, წამ-წამად,
წვეთ-წვეთად, დარს დართან,
ავდარს კი ავდართან.
ნელ-ნელა, კვალდაკვალ,
ავკინძავ მძივებად,
ავკინძავ მითებად...
ამ მითებს შევცვლი,
ფეხდაფეხ მივყვები და დავაკვირდები
როგორ შეიცვლება ბგერა და ლექსი.
და შევკრავ არზას,
ერთფეროვნების წვეთ-წვეთად განცდას.
ვგრძნობ ყველა ნაღვენთს,
დროის უმცირეს გაელვებად რომ ვჩუქნი ზამთარს.
ყველა ნაკვალევს აწუხებს რაღაც,
მაშინ როდესაც
სხეული გტკივა,
სული კანკალებს.
ცრუ ყოფიერი ითვისებს წამებს.
ითვისებს ფერებს.
თავგზა გებნევა, ხელს წამოუსვამ
ერთმანეთში ნადღაბნ პალიტრას,
მიაყრი ხეებს...
... შემოდგომაა...
ფიქრი ნდომაა, გეშორება წამიც კი თითქოს.
ფიქრები-ტილო - შიმშილი რომ სწვევია ფერის...
სივრცე უფერო...
როგორ ვუშველო ქიმერათა ბნელ სერენადებს,
რომ მითელავენ გზა-ნაპირებს
იმედად დევნის?!
გზააბნეული ხეტიალობს ქუჩაში დენდი.
დაეძებს ფრთებს, რომ შეეხიდოს ოცნებას ფრენის.
სულს იფაქიზებს, რომ კვლავ იტვირთოს,
გაზაფხულზე ალეწილ ზეცას ჩამოხსნას სარკე,
დედამიწის სარკე, და სივრცეს
ფერებად ნაკვეთს,
იებად ნაფენს
მოედოს მზერად, ბედნიერ მზერად,
უთვალავ ფერად,
ანარეკლად ბედნიერი გაზაფხულების.

ვხვდები და ვამჩნევ:
წუთ-წუთად, წამს წამთან,
ნელ-ნელა, ქარდაქარ,
წვეთწვეთად, ფიქრდაფიქრ,
ჩუმ-ჩუმად, თვალდათვალ.
გრძნობის ერთბაშად ამოფრქვევად,
უცხოთ ცხოვრების, ქუჩაძი მზერის გადაკვეთად,
ფრენად და ცრემლად,'
დარად და ავდრად,
ტილოზე ვქარგავ,
ფერებად ვქარგავ,
ჩემში ვქარგავ
ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები