ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2012


საქართველოს შვილი (რეალური ისტორია ნაწილი მეხუთე)

  ზაფხულის შხაპუნა წვიმამ გამაღვიძა დილით. ამ შემაწუხებელი სიცხის შემდეგ, წვიმამ გამაცოცხლებლად იმოქმედა. ფეხშიშველი გავტანტალდი სამზარეულოში და იქაურობა 10 წუთში ბრძოლის ველს დავამსგავსე. რასაც შევეხე, ყველაფერი დამივარდა და იქაურობა მოისვარა. საზამთროს დაჭრის მცდელობას ლამის ჩემი თითებიც შეეწირა და ჩემებმაც საბოლოოდ დაასკვნეს კიდევ ერთხელ, რომ, ჩემგან არაფრით არ შეიძლება, ნორმალური დიასახლისი კი არა, უბრალოდ ,,ქმრის დამპურებელიც'' კი დადგეს. მეც, უკვე ასეთ დიალოგებზე იმუნიტეტ გამომუშავებულს ხასიათი არ შემცვლია, ის კი არა და ხმაც არ ამომიღია, უბრალოდ საყვარლად გავუღიმე ყველას და კეტების ძებნა დავიწყე. ყოველი დილა ხომ ასე იწყება თითქმის.
-დე, ჩემი კეტები სადაა?
-რათ გინდა?_დამიბრუნდა როგორც ყოველთვის ალოგიკური კითხვა.
-უნდა გავრეცხო, დავჭრა და მოვხარშო._არანაკლები პასუხი მიიღო ჩემგანაც.
-მოხარშვა არა, მაგრამ, დაჭრა იდეალური იქნებოდა. მე არ გამიგია ქალი,უკვე გასათხოვარი თუ გაუთხოვარი(23 წლის ვარ, არ გეგონოთ დავბერდი) ქალი, 24 საათიდან 18 საათს მაინც არ იშორებდეს ფეხიდან ამ საზიზღრობას!_გააპროტესტა დედამ.
-ხოდა რადგან ეს შენი გაუთხოვარ-გასათხოვარი ქალი მაინც არ იშლის თავისას, ხო შეიძლება შეეგუოთ მის ახირებებს და თქვენც დაისვენოთ და მეც? ჰა, ქალბატონო დედიკო._აგრესიამ გაიჟღერა ჩემს ხმაში.
-შენ რა გაგათხოვებს,ასეთ ფეთხუმს ვინ წაგიყვანს, რა დავაშავე, ჯერ ყველაფერი ერთად არ მეყოფოდა, ეხლა ეს ცხვირიც რომ გაიხვრიტა, რატომ შვილო, რატომ, თორემ ჯანდაბას!
-დე,  გეხვეწები, ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამ თემაზე ათასჯერ? რატომ უნდა მოიშალო ნერვები? _ბუზღუნით და აურზაურით გამოვჩხრიკე სადღაც მოუძებნელში შეყრილი კეტები, დაკუჭული მაიკა ძლივს გავასწორე ხელით, როგორც მოვახერხე და კიბეებზე დავეშვი.
  რუსთავშიც წვიმდა და უსიამოვნო შეგრძნებით შეიცვალა ჩემი დილანდელი კარგი ხასიათი. გაუფრთხილებლად მივადექი ჩემი ბექას ახალ ოჯახს და დავაკაკუნე. კარები 12 წლამდე ბიჭმა გამიღო.
-შეიძლება? მე ბექასთან მოვედი._გავუღიმე ბავშვს.
სახლის პატარა ბინადარმა უხმოდ შემიშვა, ბექას ოთახამდე მიმაცილა და შიშველი ფეხების ტყაპატყუპით მოუსვა. კარები ოდნავ შევხსენი და შევიხედე. ბექა კომპიუტერთან იჯდა ჯოისტიკით ხელში და მთელი არსებით იყო გადართული თამაშზე. რამდენიმე წამი დავტკბი მისი ყურებით და ის იყო შესვლა დავაპირე, რომ, ველური ყმუილის მსგავსმა კაკაფონიამ დაფარა ოთახი. ეს ალბათ გამარჯვების მოპოვებით გამოწვეული სიხარული იყო. შიშისგან ინსტიქტურად შევკივლე და ბექაც გვარიანად დავაფრთხე. უცებ მოეგო გონს, გამოქანდა და კისერზე შემომეხვია. სანამ მე და ბექა ნამდვილ, აპაჩებისეულ ფერხულს ვუვლიდით ოთახში და ვყმუოდით უკვე 2 ხმაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ოთახში ქალბატონი მანანა შემოვარდა გულისხეთქებით. ორივე წამიერად გავიყინეთ ერთ ადგილზე და თავი დავხარეთ.
-რა მოხდა ბექა? გამარჯობა შვილო.
-არაფერი ქალბატონო მანანა, უბრალოდ, სიხარული გამოვხატეთ ესე, ბოდიშს გიხდით თუ აგაფორიაქეთ.-მივესალმე ოჯახის დიასახლისს და მართლა შემრცხვა ჩემი საქციელის.
-არაუშავს, წამოდით, ყავას დაგალევინებ და თან ვისაუბროთ._პირველმა დატოვა ოთახი თავად და მე და ბექაც ხუსხუსით გავედევნეთ.
-ბექა ხშირად გახსენებს, ამბობს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი შენ ხარ.ესე არაა ბექა?_ყავა დამისხა და მაგიდასთან ჩამოჯდა ბექას დედობილი.
-ხოო? მაშინ რადგან ესე ამბობს, მეც არ დამჭირდება დიდი თხოვნა იმისა, რომ ბექა საღამომდე ჩემთან გამოუშვათ, ძალიან გთხოვთ.
-მარტო ვერ გადავწყვიტავ შვილო, დაველოდოთ ჩემს მეუღლეს და მერე თუ თანახმა იქნება ბექა, წაიყვანეთ._თბილად, სასიამოვნოდ გამეპასუხა.
    მე და ბექა დავირაზმეთ და უკანმოუხადავად გამოვვარდით სახლიდან. ჩემი ნაჩუქარი კეპით და ახალი ტანსაცმელით პატარა ონავარი უკანმოუხადავად ჩახტა მამაობილის მანქანაში და თბილისში ჩამოვედით. ბატონ ვალერის დავემშვიდობე და ბექა პატარა სკვერისკენ წავიყვანე.
-მომენატრა თბილისი._ამოიოხრა დიდი კაცივით.
-მერე რატომ არ ჩამოხვედი ჩემთან? ხომ დაგიტოვე ნომერი, დამირეკავდი და დაგხვდებოდი.
-ხო, მაგრამ, რა ვიცი, რომ დამერეკა და მერე გეთქვა არ მცალიაო, მეწყინებოდა. ისე, სულ გელოდებოდი.
-მომიყვები რა ხდება, როგორ გექცევიან? განსაკუთრებით ის დიდი ბიჭი, ვალერის შვილი.
-კარგად, ფეხბურთელია და მეც მავარჯიშებს ხოლმე, ნაყინებიც მოაქვს ჩემთვის.ერთხელ ეზოში ვიღაც დიდი ბიჭებიც ცემა ჩემს გამო._ალაპარაკდა უცებ.
-და რატომ ცემა? რამე გაწყენინეს?
-კი, უპატრონო მათხოვარი რატომ მოიყვანეთ სახლშიო,რამეს მოგპარავთ და წავაო, უთხრეს და გაბრაზდა.
-შენზე უთხრეს, არა? შენ ხო იცი, ისინი რომ თავად არიან მათხოვრები და უპატრონოდ გაზრდილები, მაგაზე ერთი წამითაც არ ინერვიულო, თორემ ჩამოვალ და ყველას სათითაოდ ვცემ._თმები ავუჩეჩე ბექას.
-შენ ცემ?_გაუკვირდა გულწრფელად.
-ხო, რა იყო? შენ გგონია, ვერ მოვერევი?_გამეცინა მის დაჭყეტილ თვალებზე.
-მერე, გოგოს ჩხუბი რომ არ უხდება?
-ეჰ. კაი რა. წამო მე და შენ კინოში წავიდეთ, მადაგასკარი ვნახოთ, არ გინდა?
-ეგ ბავშვების კინოა, მე უკვე დიდი ვარ._აუვარდა გულიანი ხითხითი.
-კარგი რა. შენ კი არა, მე მიყვარს მადაგასკარი და ნუ გამომიხვედი აქ ზრდასრული ვაჟკაცი._აღარ დავიხიე უკან და სულ ძალით შევაბუნძულე კინო რუსთაველში.ბილეთები უსწრაფესად ვიყიდე და 2 საათიან სეანსზე, უკვე დაწყებულზე უკანმოუხედავად შევვარდით. ბექა დავსვი, მე გარეთ გამოვვარდი, პოპკორნი ავიღე და ისევ შევქანდი. ბექა უკვე ფილმში იყო გადავარდნილი, გულიანად იცინოდა და ხალისობდა. თვალი ვერ მოვაშორე, ბავშვობა უბრუნდებოდა ჩემს პატარა მხეცს. დიდი, დაბრძენებული კაცის იერი ეკარგებოდა და ცხოვრებას ეხლა იწყებდა. თითქოს, დიდი დაიბადა უკვე და ეხლა პატარავდებოდა. ფილმი გამახსენდა, ბრედ პიტის მონაწილეობით, ,,ბენჯამენ ბატონის საიდუმლოება" და შემეშინდა უცებ, ერთ დღეს ბექა რომ გამქრალიყო, რა მეშველებოდა. გადავიხარე და ხელები ძლიერად მოვხვიე. სიცილი შეწყვიტა და შემომხედა.
-ნუ გეშინია, მე სუულ შენი ძმაკაცი ვიქნები._გრძნეულივით გაეპასუხა ჩემს აზრებს და ხელი მაგრად ჩამკიდა.

        მთელი დღე ვიბოდიალეთ, ვჭამეთ, მერე ისევ ვიბოდიალეთ, მერე ისევ ვჭამეთ და საღამოს ბედნიერი და გახალისებული ჩემი ,,დიდი ბავშვი'' მამობილმა წაიყვანა. მივდიოდი სახლში და ხელში ბექას ნაჩუქარ გასაღების საკიდს ვატრიალებდი, მიხაროდა ცხოვრება. მიხაროდა, რომ, მყავდა ბუზღუნა და უთბილესი დედა, მუდამ დაკავებული და მშრომელი მამა, ჭკვიანი და სერიოზული ძმა და ამ ყველაფერთან ერთად მიხაროდა, რომ მყავდა ბექა, ჩემი პატარა მხეცუნია, მხეცი, რომელიც ბევრ ზრდასრულ ადამიანს ჯობდა ყველაფრით, რომელსაც ესმოდა ცხოვრება, მიუხედავად ირგვლივ ამდენი სიძულვილისა-უყვარდა ადამიანები და საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული შვილი გაეზრდებოდა. მწამდა, რომ მის ძლიერ სულს ვერაფერი მოერეოდა და ცხოვრებას წინ თუ არ გაუსწრებდა, ფეხდაფეხ მაინც მიყვებოდა. მინდოდა ცრემლები წამომსვლოდა და არ მომდიოდა, მინდოდა მეყვირა ხმამაღლა, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ მრცხვენოდა და მაკომპლექსებდა მცნება, ,,რას იტყვის ხალხი.'' მიხაროდა ისიც, რომ, სახლში მისულს დედა თბილ საჭმელს დამახვედრებდა, მერე როგორც კი დავწვებოდი, ჩემს კეტებს აიღებდა, მზრუნველად გაწმენდდა, მაინც დამალავდა მოუძებნელში და დილით ისევ დაიწყებოდა:
  -დე, ჩემი კეტები სადაა?
  -რათ გინდა? .... და ასე, უსასრულობამდე გაგრძელდებოდა, გაგრძელდებოდა იმიტომ, რომ, ეს იყო ჩემი სიმყუდროვე და ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები