ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2012


ლიმერა

      ნელ-ნელა ვუახლოვდები კრემისფერ ბილიკს და გონებაში ვხატავ ჩემი სიკვდილის შავ-თეთრ სცენებს. ყოველგვარი ცდის გარეშე ვეგუები, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვიფიქრო ხალხზე, რადგან მათ გამო, უბედურების მეტი არაფერი მიდგება თვალწინ. ისევ და ისევ, შეუჩერებლივ ვაგრძელებ სადღაც შორს გადაწვდენილ გზაზე სეირნობას და ვაჯერებ თავს, რომ როდესღაც, ილუზიური ცხოვრების გარეთაც შევხვდები იმ შაბიამნისფერთმიან გოგონას, გუშინდელ სიზმარშიც რომ გამომეცხადა. - ,,იქნებ ჯობია აღარ ვეძებო, ჟეზ?” - ვეკითხები ხელებში ჩაბღუჯულ ყავისფერ კურდღელს, რომელიც ძლიერად მეკვრის მკლავზე. ჟეზი არაფერს მპასუხობს, აბრწყინებულ მრგვალ თვალებს მაცეცებს გულუბრყვილოდ. - დარწმუნებული ვარ ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად მეტყოდა, ძებნა გააგრძელეო. - ,,ასე არაა, ჟეზ?” - კურდღელი თავს აქნევს. მე მაინც არ ვწყვეტ შაბიამნისფერთმიანი გოგონას ძებნას, ის კი მიამიტი ბავშვივით მიყურებს თვალებში, ალბათ რაღაცის კითხვას ცდილობს, - ,,ლიმერა ჰქვია, ჟეზ.” - ვეუბნები და გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.

        თუ ვარდობისთვეს ტყის წინ მოხვედრილხარ, მაშინ გეცოდინება, რომ ამ პერიოდში, ძალდაუტანებლად შეგიძლია უსმინო ჩიტების ჭიკჭიკს და თავი მიუშვირო იმ გრილ ჰაერს, ასეთი იშვიათი სიამოვნება რომაა ჩვენი ქალაქისთვის. თუმცა, რასაკვირველია, ბორცვზე იმისთვის არ შევმდგარვარ, რომ გალობისთვის მესმინა, - მთას გადავხედე და ქოხებს დავუწყე თვალიერება. - ,,ჟეზ, ჟეზ!” - ვუყვირი კურდღელს, - ,,ხედავ იმ ქოხს, ტბას რომ გადაჰყურებს? - შაბიამნისფერთმიანი გოგონა სად იცხოვრებს, თუ არა - შაბიამნისფერ სახლში?!” - მალევე მავიწყდება ის მონაცისფრო ფიქრები, სიკვდილთან და ხალხთან დაკავშირებით, და ნარინჯისფერი ოცნებებით ვიძვრი მაღალ ბორცვზე ნაგები შაბიამნისფერი ქოხისკენ; სახლს ვუახლოვდები და ვამჩნევ, რომ მის წინ ახლახანს ამოზრდილი ფურისულა ყვავის, ისე ლამაზად, რომ მისთვის ხელის შეხება მინდება. კარზე ერთი-ორჯერ ვაკაკუნებ და შაბიამნისფერ კარს შაბიამნისფერთმიანი ქალი მიღებს. - სასიამოვნო შესახედაობისა გახლავთ, თუმცა მის სახეზე, კურდღლის არ იყოს, ვერაფერს ვკითხულობ. - ,,თქვენ ქალიშვილი ხომ არა გყავთ, სახელად ლიმერა?” - ვეკითხები და ვუხსნი, რომ ის ჩემი მეგობარია, თუმცა არც ახლა მპასუხობს რამეს, გაშტერებული შემომცქერის დიდრონი თვალებით, თავს რამდენჯერმე მიქნევს და ხმის კანკალით გამოსცემს რაღაც სიტყებს; მე მხოლოდ ახლა თუ ვამჩნევ მის ყვრიმალზე აბრწყინებულ ცრემლებს და ნერვიულობისგან აცახცახებული მოაჯირს ვეყრდნობი...
        შაბიამნისფერთმიანი გოგონა საწოლზე წევს და, ალბათ, მელოდება. თმები სიზმრებში ნანახისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მბზინავი აქვს, სახე კი ისევ ისეთი ფერმკრთალი. უიმედოდ ველი, როდის შემომანათებს თავის შაბიამნისფერ თვალებს, ასე ძალიან რომ მომწონს ხილვებში, თუმცა ის ჩემსკენ არც კი იყურება. - ,,სამუდამოდ ძილი გადაწყვიტა.” - ამბობს ქალი, და უფერული სახით გადის ფერადი ოთახიდან. მე კი სულ მარტო ვრჩები ლიმერასთან და ჟეზთან ერთად, გოგონას გვერდზე ვჯდები და გონებაში წარმოვიდგენ, თუ როგორ იმსხვრევა ჩემი ნარინჯისფერი ოცნებები მუქ შაბიამნისფრად...

        ,,ეს სამყარო საერთოდ არ არის შავ-თეთრი, ჟეზ, საერთოდ; ეს მე ვარ ზედმეტად ფერადი, რომ ვერ ვეგუები ფერგასულ სიკვდილს.” - კურდღელი გაკვირვებული მიყურებს. - ,, იქაურ სამყაროში შევხვდებით, ჟეზ!” - ვეუბნები ჩუმად, ჩურჩულით; თვალს ვავლებ ფანჯრიდან გადაშლილ სივრცეს და ძლიერად ვიხუტებ კურდღელს მკლავებში...
        ილუზიური ცხოვრების გარეთ, არაილუზიური წვიმა იწყებს მიწაზე წკაპუნს. მე უხმაუროდ ვწვები გოგონას გვერდით და ჟეზს ვემშვიდობები. მონაცრისფრო ცა სინანულით დამყურებს თავზე, მე კი ყურადღებსაც არ ვაქცევ მას, ისე ვხუჭავ თვალებს და ისე ვეშვები ნარინჯისფერ-შაბიამნისფერი ოცნებებით სავსე სამყაროში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები