ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუპრუმი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2012


რომ არა ერთი მოხუცი...

  ღამის ათი საათი, სიცხე, დახუთულობა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მიწას, ცა პაემანზე ჰყავდა, ეს დღე განსაკუთრებით უჰაერო იყო. მე, როგორც ყოველთვის, ჩემს მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვიდექი. ჩვენს ირგვლივ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, რომ არა ერთი მოხუცი... ის მოდიოდა ნელი ნაბიჯით, დინჯად, აუჩქარებლად. დროს თავისი ნაკვალები მასზეც დაუტყვია. ხელში მუხის ან რომელიმე ძვირფასი ხის ყავარჯენი ეკავა. ტუჩები წვერ-ულვაშში იმალებოდნენ, საცოდავებს მზე დიდი ხნის დავიწყებული ექნებოდათ, თმასაც ერთი დღე არაა, რაც ბუდის დატოვება დაუწყია. ტანზე თეთრი პერენგი ეცვა, ფერწასული, იქა-აქ იმდენად იყო გაცრეცილი ლამის ნაჭერი ვერ შეგემჩნია. შარვალი და ჟილეტი სულ ახალი გეგონებოდა, ისე კარგად იყო მოვლილი. თავის დროს ალბათ ძვირს ფასობდნენ, ერთადერთი კვლავ ჟამის ფერი თუ გასცემდა მათ ასაკს. ამ სურათ ემატება კიდევ ერთი დეტალი, რაც მას საყურებლად შეუძლებელს ხდიდა. მოხუცს მარჯვენა ხელი წინ გაეწვდინა. შეწყალებას ითხოვდა. სიცივისგან და დაღლილობისგან ხელი უცახცახებდა, თითებზე სილურჯე შეჰპარვოდა, სულში კი სიწითლე...  მისი ჩაცმულობითა და სიარულის მანერით მარტივი დასადგენი იყო, რომ არ იყო ასეთ ცხოვრებას მიჩვეული. წარსულში საოცრად მდიდარი თუ არა, საკმაოდ შეძლებული იქნებოდა. მას არ ესმოდა რატომ გაუნაწყენდა ცხოვრება ასე.
  მისი თვალები... ეს თვალები არასდროს დამავიწყდება. ახლაც კი მდუღარედ მეღვრება გულზე მათი მოგონება. რთული, ამოუცნობი და ამავდროულად უბრალო. ვერ შევძელი მისთვის მზერა პირდაპირ მეკადრებინა, ჯიბეზე ხელი ვიტაცე, როდესაც ვერაფერი ვიპოვე, შემოვტრიალდი და  სადარბაზოში შევვარდი. მეგობრებს ხურდა ვთხოვე, შემდეგ მოხუცთან მივედი და დამშვიდებული გულით გადავეცი აგროებული. სადარბაზოში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შეძელი, რატომღც მარტო მომინდა ყოფნა და სახლისკენ წავედი. გზაზე, მაღაზიაში მოხუცი შევამჩნიე, ვიფიქრე საწყალს ისე შია პირველივე მაღაზიას მიდგა-მეთქი, მაგრამ მის ხელში სიგარეტს მოვკარი თვალი, გამიკვირდა, მერე ცოტა გავბრაზდი, სიგარეტისთვის ცალია ახლა, ნეკნებს პერანგიდან დაუტვლის კაცი, ისეთი უჭმელი იყო. დიდხანს ვფიქრობდი ამ ალოგიკურ საქციელზე, ვერაფრით გამეგო მისი. სახლში მისულს უეცრად გონებაში გამინათდა, პასუხი მის თვალებში იმალებოდა, მართალია მას დიდ ხანია საჭმელი ნორმალურად არ იჭამია და ალბათ ძალიანაც შია, მაგრამ სულ მისი სხეულზე მშიერი იყო, სიგარეტს კი სულის საკვებად ხმარობდა. წარმომიდგენია, როგორ თხოვს გამვლელს სიგარეტზე მოკიდებას და ნაფაზთან ერთად, როგორ ჩააქვს სხეულში სიმშვიდე, სიცოცხლე, იმედი, ხვალინდელი დღე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები