ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2014


საქართველოს შვილი (რეალური ისტორია ნაწილი მეექვსე)

    ჩემი ყველაზე ,,მავნე'' ჩვევა, დილაადრიან სიგარეტის მოწევა ვერაფრით ვერ მოვიშორე  და ასე მგონია ვერც ვერასოდეს ვერ მოვიშორებ. ამ დილითაც ავდექი თუ არა, მაშინვე სიგარეტს დავეძგერე და სანთებელას ძებნაში ჯერ ჯიბეები ამოვიბრუნე და მერე ოთახი გადავატრიალე, მაგრამ, რას ეძებ, რა დაგკარგვიაო, ჩემზეა ნათქვამი, ვერაფერიც ვერ ვიპოვე. უკმაყოფილო სახით გამოვგლიჯე კარადა, ტანსაცმელი გადავიცვი და კიბეებზე დავეშვი. კიბეები ჩავამთავრე და უკვე სადარბაზოდან გასულმა ყმუილი დავიწყე, გამახსენდა, რომ ჩემები წინა დღით სოფელში წავიდნენ, მე კი კარები პირდაპირ, გასაღების გარეშე გამოვიხურე. სანამ სადარბაზოს წინ ვყმუოდი და სახლში შესაძლო შეღწევის გეგმებს ვატრიალებდი კინოკადრებივით, მობილურმა დამირეკა.უცხო ნომერმა დამაინტრიგა და გავაგონე. ჩემი ბექას მამობილი მირეკავდა, ბექა 2 დღეა არ ჭამს და ოთახიდან არ გამოდის, იქნებ ჩამოხვიდეთ და როგორმე გავერკვეთ რა მოუვიდა, ჩვენთან ლაპარაკი არ უნდაო. ალბათ ესეთ მომენტებში ტვინი უსწრაფესად მუშაობს, წამებში გამახსენდა მეზობელთან დიდი ხნის წინ მიბარებული სათადარიგო გასაღები, მეორე წამში უკვე მეზობელს ვუბრახუნებდი კარებზე, რომელიც ცეცხლწაკიდებულივით გამოვარდა გარეთ და გაოცებულმა კარგა ხანს ვერ იპოვა გასაღები. შემდეგ უკვე სწრაფად ვყრიდი კარადიდან ტანსაცმელს, ერთი ხელით კარებს ვკეტავდი, მეორეთი ჩანთას ვეჯაჯგურებოდი და გაჩეჩილი თმებით, დაკუჭული ტანსაცმლით და შეშფოთებული სახით შევვარდი რუსთავის მარშუტკაში. ადრიანი დილა იყო და ბევრი მგზავრი არ იყო მარშუტში,  ისე მიქროდა, გამეხარდა რომ ტაქსში არ გადავყარე ჩემების დატოვებული ფული, რომ ესეც სწრაფად მიდიოდა და ა.შ. მაგრამ, სადღაც 10 წუთში ეს გაჩეჩილი თმები ყალყზე დამიდგა შიშისგან, სიჩქარე რეკორდულად იზრდებოდა და გზა წამებში მიილია თითქმის. ჩემი რამდენიმე მცდელობა, როგორმე მარშუტკის მძღოლისთვის ხმა მიმეწვდინა გადაჭარბებული სიჩქარის გამო, კრახითვე დამთავრდა  საცოდავად აყივლებული ჩხეიძის მუსიკების გამო. ბოლოს მარშუტკიდან ჩავლასლასდი მეც ასევე თითქმის გალეულ_მილეული. ადრენალინისგან თვალებდაჭყეტილი და უკაცრავად, გულისრევის შეგრძნებისგან პირზე ხელაფარებული. ფეხის გადადგმა  ვერ მოვასწარი, რომ მარშუტკა დაიძრა და მეც პირდაპირ წავყირავდი გზის პირას ბალახებში. სანამ მე ვგორაობდი, სამსახურისკენ მიმავალმა ხალხმა ნაბიჯი შეანელა და ბევრი გაოცებით მიყურებდა, ბევრიც ალბათ სინანულით, ეს ახალგაზრდა გოგო ისე გალეშილა ამ დილითვე, სახლამდეც ვერ მიუღწევიაო. ბოლოს შერცხვენილი და გარეტებული წავლასლასდი და ბურტყუნით შევუთვალე გინება ყველა იმ გარემოებას, რამაც ესე გამაბითურა დილიდან.
  სახლში სამგლოვიარო სიტუაცია დამხვდა, ბექას დედობილის დაწითლებული თვალები იმის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ, საქმე ცუდად იყო. მივესალმე მათ და ბექას ოთახში დაუკაკუნებლად შევედი. თავზე საბანწაფარებული ბექას დანახვა არ გამკვირვებია, მაგრამ, ბავშვი ტანსაცმლიანად იყო საწოლში შემძვრალი, კეტები ერთმანეთზე თასმებით გადაება და იქვე სკამზე  ედო. არც კი შერხეულა ფეხის ხმაზე, უსიტყვოდ ჩამოვჯექი მის საწოლთან.გადმომხედა, თვალებში ციმციმები ჩაერთო, ხელი გამოაცურა საბნიდან, ჩამკიდა, მერე ღრმად ამოიოხრა და თავი ისევ ჩარგო ბალიშში. ხელით ვანიშნე თან შემოყოლილ დედობილ-მამობილს გასულიყვნენ და დავიქოქე.
-რა მოხდა, აბა გაახილე თვალები და მომიყევი._პასუხის მოლოდინში სიგარეტი ამოვაძვრინე ნერვიულად.
დუმილი... წამებმა საათებივით დაიწყო ზოზინი, ათასნაირი შესაძლო ვარიანტი წამომივიდა ტვინში, მაგრამ, რეალური პასუხი ალბათ მაინც სხვა იყო.
-მომიყევი ეხლა, ტყუილად ხომ არ ჩამოვქანდი აქ?_გაღიზიაება შემეპარა ხმაში. დაბღვერილმა გამომხედა და ისევ დახუჭა თვალები.
-ბექა...
  უცებ საკუთარ თავზე გავბრაზდი. რას დავდგომივარ ამ ბავშვს თავზე და დავჩხავი ბოროტი დედინაცვალივით, არ შემეძლო ნორმალურად დავლაპარაკებოდი? უგულო ეგოისტი ვარ, ოღონდ მე გავიგო მიზეზი სწრაფად და იმას აღარ ვფიქრობ, რომ თავად ბავშვს ვინ იცის რა დაემართა, შემოვლითი გზებიც ხომ არსებობს, მით უმეტეს ბექასთან, რომელსაც იძულებით და ბრძანებით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ თუ ათქმევინებ. ბავშვზე, რომელმაც ამდენი რამე გადაიტანა, წარმოუდგენელია ზეგავლენის მოხდენა.  დაბნეული ავწრიალდი საწოლზე და თვალები უკეთესის მოფიქრების  მოლოდინში დავაცეცე.
-გინდა, თბილისში წაგიყვანო?
-მერე?_ამოიღო ხმა როგორც იქნა.
-რა მერე, წავიდეთ კინოში, ვჭამოთ პოპკორნი. არა?
-მერე?
-რა მერე?_დამეჭყიტა თვალები.
-მერე სად წავიდეთ, უკან ჩამომიყვან და აქ დავრჩები?
  უკვე მე გავჩუმდი. ბექა რაღაც არარეალურს მთხოვდა და ვერ გავიგე რას. აქ აღარ უნდოდა დაბრუნება? რა მოხდა? მობეზრდა? რამე შეემთხვა? თავისუფლება მოენატრა? არ ვიცოდი რა მეფიქრა, მაგრამ, აუცილებლად უნდა გამეგო.
-მერე თუ გენდომება ჩემთან ავიდეთ სახლში, მაინც მარტო ვარ და მუსიკებს მოვუსმინოთ და ფილმებს ვუყუროთ.
თავი დამიქნია, ისევ ამოიოხრა და საწოლში წამოჯდა. სანამ ბექა კეტებს ეჯაჯგურებოდა, მე მისაღებში გავედი.ცოლ-ქმარი მომლოდინე თვალებით მიყურებდნენ და კითხვის დასმას ვერც ბედავდნენ.
-მე ეხლა ბექას თბილისსი წავიყვან, ვეცდები გავარკვიო რა ხდება და საღამოს თუ ვერ ჩამოვედით, არ იდარდოთ, დაგირეკავთ მიზეზს როგორც ვათქმევინებ. ხვალ დილით კი აუცილებლად აქ ვარ და ჩამოვიყვან ისევ. აშკარად რაღაც სტრესი გადაიტანა და ვერ ამბობს._დავასრულე გრძელი ტირადა სუსხიანი ხმით.
-ჩვენ არაფერს შუაში ვართ შვილო, გეფიცებით ჩემს შვილებს._ცრემლები ამოიწმინდა დიასახლისმა.
-ალბათ, არ ვიცი. გავარკვევ მიზეზს._შემრცხვა ჩემი სითავხედის. ოთახიდან გამოძურწულ ბექას ხელი ჩავავლე და ნახევარ საათში ისევ თბილისში ამოვყავი თავი, ამჯერად, ბექასთან ერთად და სავარაუდოდ, იგივე სამარშუტო ტაქსით, რადგან, კვლავ ჩხეიძეს ვუსმენდი მთელი გზის მონაკვეთზე და ეს მძღოლიც  გიჟივით მოაქროლებდა მანქანას.
სპორტის სასახლესთან ჩამოსულს, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წამეყვანა ბექა. სახლში? სადმე პარკში? მერე მომაფიქრდა, რომ, სავარაუდოდ მის უცნაურ პროტესტს, შიმშილობაც ექნებოდა დართული და საშაურმესთან ჩამოვდექით, სანამ დიდ ლუკმებს ვიტენიდით გაათმაგებული ძალით, მოქმედების გეგმა დავსახე.
-ახლა, კეთილს ინებებ და ჩეთან წამოხვალ ვაჟკაცო.
ხმა არ ამოუღია, ისე ადგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უკან გამომყვა. სახეზე უემოციობა და სიცივე ეწერა. ლიფტში ისე შემოვიდა, არ გაუპროტესტებია ჩემს სახლში ამოსვლა. სამზარეულოს მაგიდასთან დავსვი და მეც წინ ჩამოვუჯექი.
-აბა, მოყევი ეხლა ყველაფერი და არ დამიმალო. რას ნიშნავს შენი საქციელი და ზოგადად რას ანერვიულებ იმ კეთილ ხალხს. თუ რამე დაგიშავეს და არ ამბობ? ბექა... ამოიღე ხმა, მე არ მენდობი?
-ბეჭედი მოვიპარე._ამოთქვა მოულოდნელად.
წყალი სასულეში გადამცდა და ფეხზე გიჟივით წამოვხტი. ბავშვი მომვარდა და თავისი პატარა ხელებით ზურგზე ბრახაბრუხი ამიტეხა.
-რაა?_ამოვიხავლე ძლივს სული რომ მოვითქვი.
-აი ხედავ? დამიჯერე უცებ.
-ვერ გავიგე ბექა!_კატეგორიულად მოვითხოვე ახსნა-განმარტება.
-ხო, ხო. ასე გეტყვიან მალე და მე ვერაფერს დავამტკიცებ, ვერც იმას რომ ბეჭედი არ ამიღია და იცი რატომ? მე ხომ მათხოვარი ვარ!_აუკანკალდა ხმა.
-და ასე რატომ ლაპარაკობ გამარკვიე შენ აიღე ბეჭედი თუ არა?
-მე არ ამიღია, მაგრამ, ასე გეტყვიან და შენც დაიჯერებ.
-რატომ დავიჯერებ?
-იმიტომ, რომ დაკარგულია ბეჭედი.
-და შენ იცი ვინ აიღო?
-კი.

          შოკში ჩავვარდი. ბეჭედი ვალერის შვილის ძმაკაცს აუღია. ერთ მშვენიერ დღეს ბექა სამზარეულოში წყლის დასალევად აპირებდა შესვლას, როცა ვინმე თორნიკეს ლაპარაკს მოკრა ყური. სამზარეულოს თაროზე დაედო დიასახლისს ბეჭედი, სავარაუდოდ ჭურჭლის რეცხვის დროს და იმის აღებას აპირებდა, აქ მაინც ამ მათხოვარს დაბრალდება და ჩვენ დღეს უეჭველი მოვიგებთო. დღეს იქნება თუ ხვალ მანანა ბეჭედს მოიკითხავს და ყველაფერი მე დამბრალდებაო. ვიჯექი და გული მიმდიოდა ბრაზისგან. მაშინვე ბექას ხელი დავავლე და უკვე ტაქსით დავბრუნდი რუსთავში.
სახლთან მისულმა გავაფრთხილე შენ ხმა არ ამოიღო, ოთახში შედი და დამელოდე, მე მივხედავ ამპრობლემას, მერე შენც დაგიძახებ და ყველაფერი როგორც იყო ისე გაიმეორე მეთქი. არ გველოდნენ ოჯახში ესე მალე, ბექა დავტოვე  და ეზოში ჩავედი. ერთერთი გარაჟის წინ ბიჭები იდგნენ, არ მომრიდებია პირდაპირ მივადექი.
-თორნიკე რომელია თქვენს შორის? _ვიკითხე ღიმილით და თვალი მოვავლე მათ.
-რატომ კითხულობ?_იაქტიურა ერთერთმა.
-შენ ხარ, გიცანი. _გავუღიმე ისევ.
-მე რომ არ გიცნობ?
-არაუშავს, აქ შენს გასაცნობად ჩამოვედი.
    ბიჭებს სიცილი აუვარდათ, კიდევ ერთხელ შემავლეს შემფასებლური ხარბი მზერა. თორნიკე ამაყად გამომყვა გვერდით.
-წამო მანქანაში ჩაჯდეთ და ვინ ხარ თან მითხარი.
უსიტყვოდ გავყევი. ხმა რომ ამომეღო ბრაზს ვეღარ შევიკავებდი და იქვე ყელში ვწვდებოდი. მანქანაში ჩავჯექი თუ არა მაშინვე გასაღები გამოვგლიჯე,მობილური ჩამწერზე ჩავრთე  და კატეგორიულად მოვთხოვე.
-ბეჭედი დამიბრუნე.
-ბეჭედი? რა ბეჭედი? _გაოცებულმა იკითხა დადარაჯებული ხმით.
-ბეჭედი, რომელიც ვალერის სახლიდან მოიპარე.
-რაა? ხომ არ გაგიჟდი გოგო._წამოენთო სახეზე.
-გიმეორებ, ბეჭედი დამიბრუნე თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებ იცოდე, არ გეხუმრები.
-რა მოვიპარე გოგო. ჩემი ძმაკაცის სახლიდან რა უნდა მომეპარა?
-ეხლა გინდა მოვყვე როგორ მოიპარე და თან ბექას უნდა დაბრალებოდა შენი მოკლე ჭკუით? შენზე დიდი არაკაცი ჯერ არ შემხვედრია, ან ეხლავე ბეჭედს დააბრუნებ, ან ყველანაირად დავამტკიცებ შენ რომ აიღე, გაიგებს ამას ყველა, კარგადაც მოგხვდება და ციხეშიც წახვალ, რომელი გაწყობს? თავად აირჩიე.
-ვერაფერს დაამტკიცებ._გაიცინა გესლიანად და ირონიით.
-დარწმუნებული ხარ მაგაში? იცი შენს გამო ბავშვი რა დღეშია? არ გრცხვენია? დაალომბარდე თუ გაყიდე? მითხარი მე გამოვიტან უკან, ვერავინ გაიგებს საერთოდ.
-საიდან გამოიტან უკვე გავყიდე, შენ ვერ დაამტკიცებ მე რომ ავირე და ტყულად ნუ იმუქრები, გადადი ეხლა მანქანიდან, თვალით არ დამენახო, თორემ განანებ და არ გაბედო ვინმესთან ჩამიშვა._ყელზე ძარღვები დაებერა, გაწითლდა და ხელი საჭეს დაარტყა.
-რატომ მოიპარე? კაზინოში ითამაშე? ტოტალიზატორში დადე? არ გრცხვენია ძმაკაცის დედა რომ გაქურდე?
-შენ ვინ გეკითხებოდა? რატომ ერევი? ვინ ხარ ვაფშე?
-ბექას მეგობარი.
-ბექა? აა, მათხოვარი? _ჩაიცინა ისევ.
ვეღარ მოვითმინე და გავარტყი. თვალები გაუფართოვდა. სანამ გონზე მოვიდოდა, გასაღები მივუგდე და მანქანიდან გადავედი.
  აღარ მოვყვები რა მოხდა ბექას მამობილთან. როგორ ტიროდა მანანა როცა ჩანაწერს ისმენდა და იხუტებდა ბექას გულში, როგორ გაგიჟდა ვალერის შვილი და გავარდა გარეთ. მე რა მივიღე ამით? ბექას სიტყვები, გასვლისას რომ ჩამეხუტა და მითხრა: შენ ყველაზე დიდად მიყვარხარ.
    ეს ჩემთვის ყველაფერზე ღირებული იყო. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები