ნელ-ნელა ეპარება მარტყოფს შემოდგომა, ნელ-ნელა იღვიძებენ ჩემშიც მოოქროსფრო ფერები, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვხდები. ახლა მე და ლუკა სახეტიალოდ მივემართებით, ახლად შეყვითლებულ ფოთლებში ვიკარგებით და უკვე გაწითლებულებს ვაგროვებთ, ცისფერ პეპლებს დავსდევთ და გვეჩვენება, რომ ისინი მხოლოდ ცისფერ ყვავილებს წოვენ. ჩუმად ვძვრებით მეზობლის ბაღში და წითელ ვაშლებს ვიპარავთ ისე, რომ არავინ დაგვინახოს. ხის კენწეროზე ჩიტის ბუდეა, ლამაზად შემოწნული, შიგნით კი მოზრდილი ბარტყები აბჩენენ პირს. მახსენდება როცა მე ლუკას ტოლი ვიყავი, როგორ მასეირნებდა მამამისი ამ ადგილებში და ასეთ ბუდეებში მახედებდა, მერე ვსხდებოდით დიდი მსხლის ქვეშ და მიყვებოდა ყველაფერს რასაც თვითონ გრძნობდა როცა ჩემსავით პატარა იყო. ცელქი ბიჭია ლუკა, ფიქრებს მიფანტავს და მაღლა მახედებს, უცნაური სურათია, ნახევარი ხე მთლიანად გამხმარა. ნახევარი კი ჯერ ეხლა ყვავის. ბუნებაც გვაჩვევს ანომალიებს, ალბათ რაღაცას გვანიშნებს. პატარა რუ მოლაპარაკობს ჩვენს ფეხებთან, ლუკა თვალებ გაბრწყინებული აყოლებს მის დინებას გამხმარ ფოთლებს. მირბის და მეც მიმიყოლებს, სხვა ბაღში შევდივართ და ორივე ვჩერდებით, ჩვენს წინ თეთრი ცხენი დგას და დიდი თაფლისფერი თვალებით გვიყურებს, მის უკან კი დიდი თეთრი თხა იმალება, ორივე ნამდვილი, ქათქათა თეთრები არიან. პირი გავაღე და თქმა ლუკამ დამასწრო, ზღაპრულ პერსონაჟებს ჰგვანანო, მეც გახარებლი ვეთანხმები და პატარა ხბორებზე ვუთითებ, სტუმართმოყვარე მასპინძლებივით, რომ გამორბიან ჩვენსკენ კუნტრუშით, ლუკა ჩემს ზურგს უკან იმალება, ჯერ კიდევ ეშინია მათი. უკან მოვყავარ და ჩვენს წინ ნამდვილი შემოდგომა იშლება, ნობათით დახუნძლული ბუჩქები გვიღობევენ გზას, კუნელი და კვრინჩხი გასარეცხი უფრო მეტად გვეგემრიელება და სიმჟავით დამანჭულ ერთმანეთის სახეებზე გულიანდ ვიცინით. ცოტა ასკილი და ძეძვიც დავკრიფეთ, მთელი ზამთარი ორივეს დაგვახველებს და ჩვენი მშველელი წამალი კიდევ აფთიაქში არ იშოვება, ჯობია ისევ ესენი მოვიმარაგოთ. სახლისკენ მივდივართ, მალე სკოლიდან დაბრუნდებიან ბავშვები და ახალ ამბებს გვეტყვიან. ცალ მხარეს აპარანია, მეორე მხარეს იალნო, ყველაზე კარგად კი აშკარეთი ჩანს, იმის იქით უკვე თბილისია. ჩვენ ზურგს ვაქცევთ მას და ახლა ხელიხელ ჩაჭიდებულნი მივდივართ, 4 წლის ლუკა და 19 წლის მარიტა, მარტყოფზე შეყვარებული ბავშვები.
პატარა სამოთხეა აღწერილი. ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდას ასე უყვარს თავისი სოფელი. "ხის კენწეროზე ჩიტის ბუდეა, ლამაზად შემოწნული, შიგნით კი მოზრდილი ბარტყები აბჩენენ პირს" - ლამაზია, მაგრამ არა მგონია რომელიმე ჩიტი შემოდგომით ჩეკავდეს ბარტყებს.

დიდი მადლობა ჯონათან; არ ველოდი ასეთ შეფასებას, როგორც წესი უარყოფითს ვიღებ ხოლმე აქ; ეს ალბათ იმიტომ; რომ დავწერე წუსტად ის რაც ვიგრძენი. მე მიყარს ჩემი მარტყოფი და მეამაყება იგი მთელი თავისი წარსულითა და აწმყოთი.

მარიტა, ეს რა ლამაზად დაგიწერია! რეზო ინანიშვილი გამახსენა. კუნელი და კვრინჩხი, ასკილი და ძეძვი, აპარანია, იალნო, აშკარეთი- რამდენმა ვინმემ არ იცის აქ, ალბათ, რაა ესენი (არც მე)... თქვენი მარტყოფი შემიყვარდა, უცებ!:)