| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 24 იანვარი, 2013 |
– ისე თქვენ კი გეტყობათ, რომ კარგი მუსიკა მოგწონთ არა? ტელეფონზე რომ დაგირეკეს წეღან, ვიცანი მელოდია... – დავმეგობრდეთ და უბრალოდ სახელებით მივმართოთ ერთმანეთს, ასე სჯობია. შენ რა ძალიან დიდი გგონივარ? უბრალოდ ჭაღარა შემომერია და ეგ მმატებს ასაკს, თორე ისე 27 წლის ვარ. ისე კი გააჩნია შენ კარგ მუსიკას რას ეძახი, თუ ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს ძალიანაც კარგი. – ნუ კი, რავიცი... – კი გამიხარდა შენნაირი კარგი ბიჭი რომ ვიპოვნე, მეც მარტო ვარ მოსული. კარგი, მე რა მიჭირს, მაგრამ შენ რატომღა მოხვედი მარტო? – არავის ეცალა წამოსასვლელად, თან უცებ გადავწყვიტე, ვერ ვიყავი რაღაც ხასიათზე და... მომწონს ეს ადგილი, ხის კარი, დაძველებული ხის მაგიდები... კურიერით და სხვა ათასი უაზრობით რომ არ ბურღავდნენ ტვინს, ალბათ თავი ელ პასოში მეგონებოდა – თქვა და ჩაიცინა. – აი, მეც ზუსტად ეგ მომწონს ამ ბარის. შენ ალბათ ცოტა დროს ატარებ აქ, თორემ გეცოდინებოდა, რომ საღამოს საათებში გამორთულია ხოლმე ტელევიზორი. ზოგჯერ ისეთ იდილიას ვიქმნი, რომ ხელს ქამრის მარჯვენა მხარეს ვაპარებ ხოლმე, არარსებული კოლტ 45–სკენ და ვფიქრობ, ახლა რომ ვინმე შემოვიდეს და ბარმენის გაძარცვა შეეცადოს მორიკონეს მუსიკის ფონზე დავაჭედებდი შუბლში ტყვიას–თქო. შენ რომ გიყურებ ჩემი ბავშვობა მახსენდება. ზუსტად... იცი როგორ მიყვარდა ჩემზე დიდი ასაკის ხალხთან ლაპარაკი? აი ისეთებთან, რომ მიყვებოდნენ თუ როგორ ჩალიჩობდნენ სამოცდაათიანებში ფლოიდების და ზეპელინების ფირფიტებზე... ისინიც მეუბნებოდნენ, შენ რომ გიყურებ ჩემი ბავშვობა მახსენდებაო. მიზიდავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სვავდნენ და შემდეგ მუსიკით ტკბებოდნენ, ვიცოდი რომ წამალსაც იკეთებდნენ, მაგრამ არაფერ ცუდს არ განვიცდიდი მათ მიმართ. აი ზოგი კი იყო ნარკომანი, მაგრამ ჩემში არ ჯდებოდა, კაიფისას ნინო ჩხეიძეს და სხვა საქეიფო სიმღერებს უსმენდა. მერე მათ მიმართ უკვე ზიზღისმაგვარი გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე, ალბათ შენ გესმის ჩემი. ეგეთი სასიამოვნო უფროსი სულ 2–3 მყავდა ბავშვობაში. ყველაზე მეტად მაგ ხალხთან ლაპარაკი მსიამოვნებდა... ახლა მე ვარ თითქოს მათ ადგილზე და ვხვდები თუ რა სიამოვნებაა პატარა ბიჭთან ლაპარაკი, რომელიც შენს თავს გაგონებს. კარგი, მოდი თავი რომ არ შეგაწყინო რამე სადღეგრძელო დავლიოთ. ჩემს მოსვლამდე სვამდი შენ, ამიტომ თავად უკეთ იცი რისი დალევა გირჩევნია. – არა, არა. ჩემთვის სულერთია. თქვენ აარჩიეთ. უი,ჰოო, შენ. შენ აარჩიე. – კარგი. რახან ასე გამეხსნა ლაპარაკის მუღამი და ასეთ გულწრფელობას განვიცდი შენს მიმართ, მოდი მაშინ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულზე – სიყვარულზე ვილაპარაკებ. მიუხედავად მის მიერ გამოწვეული იმედგაცრუებებისა და უამრავ მასთან დაკავშირებული ცუდი მოგონებებისა, მის სადღეგრძელოს მაინც ყოველთვის ვსვამ... სიყვარულს როგორც სურს ისე მათამაშებს მთელი ჩემი ცხოვრება. მთელი ის ხანი რაც შევიგრძნე ქალის სურნელი. ბევრჯერ გამაბედნიერა, ბევრჯერ პირიქით – გამაუბედურა... ბევრნაირი ემოცია მოუტანია ჩემთვის. მის გამო ხშირად მომდომებია თავის მოკვლა, და ასევე ხშირად მდომებია უკვდავობა. საერთოდ ბევრი გოგო მყავდა მთელი ცხოვრების განმვალობაში, სულ სხვადასხვანაირები... ზოგს დიდი მკერდი ჰქონდა, ზოგს სწორი ფეხები, ზოგს ლამაზი ტუჩები, ზოგს ლამაზი თმა, ზოგი ნაკითხი იყო, ზოგი უბრალოდ საყვარელი. ზოგი ჩემთვის უბრალოდ ჰორმონების დასაკმაყოფილებელი თოჯინა იყო, ზოგის მიმართ კი უფრო სერიოზულ რამეს განვიცდიდი. იყვნენ ისეთები ვინც მიყვარდნენ, მაგრამ ხო იცი, ყველას ჰყავს თავის ,,ცხოვრების სიყვარული“, რომელსაც ვერ გავიწყებს ვერავინ და ვერაფერი. რომელმაც შენზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ იმ აფექტიდან გამოსვლას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებ. ახლა იფიქრებ, ამას რა ცხოვრება აქვს გავლილი ჯერ 27 წლის არისო, მაგრამ, წიგნში წამიკითხავს, ფილმში მომისმენია იგივე, ვიცი რომ ყველას ჰყავს ერთი ასეთი ადამიანი. და საერთოდ, არც გჭირდება წიგნი ან ფილმი, ამას თავადაც მიხვდები, 1000 ქალიდანაც მიხვდები, თუ რომელია ის ერთი და განუმეორებელი. ყველა კაცს ჰყავს დაახლოებით მაინც შექმნილი ქალის ის – უხეშად რომ ვთქვათ – მოდელი, რომელზეც ოცნებობს, რომ ოდესმე სადმე შეხვდეს. რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთის პოვნა რთულია, ყველაფერი რომ მოგწონდეს მასში. მეც ალბათ შენხელა ვიყავი, როდესაც ასეთ მონახაზებს ვაკეთებდი გონებაში. ვფიქრობდი იმ ოცნების გოგოზე, არარსებულზე ან მხოლოდ ჩემს გონებაში არსებულზე. აი ისეთზე, ძილის წინ რომ ფიქრობ. რომ ფიქრობ, თუ როგორ ივლი ,,მას“–თან ერთად ხელჩაკიდებული სხვადასხვა ხიდებზე, ქუჩებზე. როგორ დაელაპარაკები მას შენს საყვარელ ფილმებზე, მუსიკაზე, წიგნებზე. ,,იგი“ არ გაღიზიანდება შენს ხშირად წარმოთქმულ ინგლისურ ფრაზებზე. „იგი“ არა შენს გაფუჭებულ ფრჩხილებს დააკვირდება, მაშინ, როდესაც შენ შოპენის ან მოცარტის რომელიმე ნაწარმოებს ხელით აყვები და შეიგრძნობ მას სულით ხორცამდე, არამედ ისიც თვალებს დახუჭავს, შემდეგ გაახელს, ჩაგხედავს შენს თვალებში და იგივეს შეიგრძნობს რასაც შენ... ,,იგი“ არ გაგიწყრება იმის გამო, რომ შენ მასთან მესიჯის მიწერა ვერ მოასწარი. ,,იგი“ შეძლებს უსიტყვოდ იყოს შენზე მოკრული საათობით და უბრალოდ დატკბეს იმ ბედნიერი წუთებით, თუნდაც რომ იცოდეს, რომ ეს ბედნიერი წუთები მალე დამთავრდება და ერთად აღარ იქნებით... იცოდეს, რომ შეიძლება ჩვენი გრძნობა განელდეს, მაგრამ ეს არ შეიმჩნიოს და არ ილაპარაკოს ამაზე... არამედ დატკბეს იმ გრძნობით, რომელიც სიყვარულით გამოწვეული ჩახუტებისას ხსნის გულის იმ პატარა ნაწილის სარქველს, სადაც ჰაერი იშვიათად თუ ჩადის... ამაზე ვვოცნებობდი. და ამიხდა კიდეც ოცნება. ვიპოვნე ის. იმის გადმოცემა რთულია, თუ რას განვიცდიდი მასთან ურთიერთობისას. ეს იყო დაახლოებით ახალი წლის ლოდინის მსგავსი. მთელი დღე ემზადები და იცი, რომ დღის ბოლოს შენს გულში ფეიერვერკი იფეთქებს, მრავალფერადი და ხანგრძლივი. ჩვეულებრივი გოგონა იყო გარეგნობით. მაკმიორფისნაირი შავი ქუდი ეფარა ხოლმე და მულტფილმების გმირების მაისურები ეცვა. არც ბერძნული სვეტებივით სწორი ფეხები ჰქონდა, როგორც ალ პაჩინო ამბობდა და არც ისეთი ‘სეკრეტის’ მოდელის შეხედულებაზე იყო, როგორზეც ჩვენი უბნელი ბიჭები ოცნებობდნენ. მე სხვა რამ მიყვარდა მასში. ის ღიმილი და ის ლამაზი ხმა... მუდამ იღიმოდა, მხოლოდ მაშინ თუ გაისწორებდა სახეს, როდესაც რაიმე ძალიან სერიოზულზე ვსაუბრობდით. და ხმა... ხმა რომელსაც გსურს მთელი ცხოვრება უსმინო, თუნდაც სულ ერთ სიტყვას იმეორებდეს. უბრალოდ ის ხმა გესმოდეს და აზრი არ აქვს როგორ. არასდროს დამავიწყდება... არ ვიცი როგორ გითხრა, ზედმეტად გვიყვარდა ერთმანეთი, ზედმეტად გამოვხატავდით ამას. ხშირად, საათები უთქმელად გვიყურებია ერთმანეთისთვის თვალებში, ხშირად, უმიზეზოდ გვიტირია და ასევე უმიზეზოდ გვიცინია. რასაც მე ვგრძნობდი ისიც მაშინვე ხვდებოდა და მასზეც გადადიოდა ყოველი ეს... ჩემს გულსა და გონებაში ცეცხლი ენთო, ცეცხლი, რომლიც ჩაქრობა ერთი რამის გარდა ვერავინ და ვერაფერმა მოახერხა. აი, ეს გულსამაგრი, ჩვენს დროს კნოპს უძახდნენ, მისთვის შევუკვეთე სპეციალურად, ალბათ გეცნობა – ეს რეინბოუს ალბომის ‘Long Live Rock ‘n’ Roll’ ის ,,ალბოშკაა’’. დავურეკე, რომ შემხვედროდა და ტელეფონი მისმა დამ აიღო, რომელიც ნახევრად მტირალი ხმით საუბრობდა. გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო და გაუცნობიერებლად ვიღრიალე, რა მოხდა მეთქი... გარდაცვლილიყო... თურმე ხატვაზე მიდიოდა მარშუტკით და გზის გადაკვეთაზე ისეთი მოძრაობა შეიქმნა, რომ სამი მანქანა დაიმტვრა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. იმ მარშუტკაში კი ის და ერთი პატარა, 7 წლის გოგონა... რაღაც უცნაური მოხდა ჩემს სხეულში, თითქოს ჩემი თვალით დავაკვირდი მასში მიმდინარე მოვლენებს... ის ცეცხლი ცივმა წყალმა ერთიანად ჩააქრო და წამიერად გაყინა... თითქოს გულში აშენებული დიდი სიყვარულის კედელი ჩამოიქცა, კედელი, რომლის აგურებსაც ჩვენს მიერ გატარებული ყველა ის წამი წარმოადგენდა. ნანგრევების მტვერი კი სველ გულის კიდეებს მოედო. მშრალი ხმით ვიღრიალე და დავვარდი. მას შემდეგ 10 წელია გასული და მაინც ვერ ვივიწყებ ყველაფერ ამას, მის საფლავთანაც ხშირად მივდივარ და ხშირად ვესაუბრები. მთელი ბავშვობა დავცინოდი ასეთ ხალხს, ვინც ასეთ რამეებს აკეთებდა, მაგრამ ახლა მესმის მათი... ჩვენი მაგნიტაფონი ამაქვს და სხვადასხვა მუსიკებს ვუსმენთ ხოლმე ერთად... ხან კლასიკას, ხან როკს. ერთი ისაა, რომ ფიზიკურად ვეღარ შევიგრძნობ, თორემ თუ თავზე ძლიერი გავლენა მოვახდინე, მაინც აღვიდგენ ხოლმე მის გარეგნულ მახასიათებლებს და ვუყურებ შორიახლოს მჯდომს... შევცქერით ისევ ისე ერთმანეთს, ხან ვტირით ხან ვიცინით... რას იზამ, უცნაურად ჟღერს ვიცი, მაგრამ ეგრეა ჩემო მეგობარო. სასმელსაც მას შემდეგ მივეძალე, მასში ვპოულობ ხსნას. ხსნას რომელიც სევდიანი ფიქრების გარდა სხვაგან არსად მაგდებს, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის აზრი დაკარგა ცხოვრებისეულმა მიზნებმაც, ოჯახმაც, ყველაფერმა რაც მის გარეშე ხდება... ამიტომ, მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს იმ სიყვარულს, რომელმაც მე ბევრი ბედნიერი და ბევრი უბედური წუთი, საათი, დღეე და წელი მაჩუქა... გაუმარჯოს ჭეშმარიტ სიყვარულს... გაუმარჯოს მის სულს.
No sighs or mysteries She lay golden in the sun No broken harmonies But I've lost my way She had rainbow eyes Rainbow eyes Rainbow eyes . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. სიყვარული = ფერმენტ ფენილეთილამინის გამოყოფა თავის ტვინის უჯრედებში. სიყვარული = ფერმენტ ფენილეთილამინის გამოყოფა თავის ტვინის უჯრედებში.
5. http://www.youtube.com/watch?v=v3xwCkhmies http://www.youtube.com/watch?v=v3xwCkhmies
4. მადლობა ყველას, დიდი :) მადლობა ყველას, დიდი :)
3. ოკე ,ლამაზ სიყვარულს გისურვებ,ჩემო კარგო. გაიხარე ... ძალიან მომეწონა და მიხარია,რომ ახალ ნაწერებს არ გვაკლებ ოკე ,ლამაზ სიყვარულს გისურვებ,ჩემო კარგო. გაიხარე ... ძალიან მომეწონა და მიხარია,რომ ახალ ნაწერებს არ გვაკლებ
2. გაუმარჯოს ჭეშმარიტ სიყვარულს..
გაუმარჯოს:) გაუმარჯოს ჭეშმარიტ სიყვარულს..
გაუმარჯოს:)
1. საოცრად მომეწონა... მუსიკაც როგორ მოუხდა.... საოცრად მომეწონა... მუსიკაც როგორ მოუხდა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|