გამარჯობის თქმა ჯერ არ ვიცი, სალმის ნიშნად ვიღიმები და თვალები მიჟუჟუნებს. ჰოდა, თქვენც ერთს შემოგცინებთ და მოგიყვებით ჩემი განათების ამბებს.
მოკლედ, მამა ალექსანდრეს ლოდინში რომ კარგად გაერთნენ უკვე გითხარით. მოვიდა მამაო და ცერე-რაღაცა დაიწყეს(რა საჭიროა ამსიგრძე სიტყვები ვერ ვხვდები, მე სულ შემოკლებულად უნდა ვილაპარაკო როცა გავიზრდები, თორემ ძალიან დავიღლები).
ტაძარში ევედით, ტანსაცმელი გამხადეს და პირდაპირ პამპერსზე მოსანათლი მანტია მომახურეს. ვაიმეეე, გადავირიე ქალი. ტაძარში დამაყენეს ფაქტიურად შიშველი უცხო ხალხის(მგალობელთა გუნდის) და მითუმეტეს მამა ალექსანდრეს წინაშე. თან ფოტოებსაც რომ მიღებდნენ?.. ეგ რაღა გადასაღები იყო ვერ გავიგე, რომ გავიზრდები უნდა მრცხვენოდეს ტაძარში ჩემი სიშიშვლის და ამისი უამრავი ნივთმტკიცება მქონდეს?.. საწყალი ალეკო ბიძია, ისეთ დღეში იყო, გადაღების ღილაკისათვის ხელი არ გაუშვია. სიშიშვლე არ მაკმარეს ცოტა ხანში ეს მანტიაც გამხადეს და წყალში ჩამსვეს. მომეწონა მეგონა მბანდნენ და სიხარულით ფეხები ავაჭყაპუნე. თურმე კი არ მბანენ, უბრალოდ მასველებდნენ. მამაომ პეშვებით 3 ჯერ დამასხვა თავზე წყალი, გამწუწა ფაქტიურად და ისევ გამამშრალეს. ფუუუ, გამშრალება სახლში არ მიყვარს და აქ მოვითმენდი? რომ ავტეხე ბღავილიიიი, სალომე ნათლია სასოწარკვეთილი სახით იყურებოდა აქეთ-იქეთ. მერე ამ წყლის გარშემო დაიწყეს სიარული ნათლიებმა და მამაომ. უცნაურ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ თან. აი მერე მოხდა რაც მოხდააა... რაღაცა უნდოდა რომ წაესვა ჩემთვის მამა ალექსანდრეს, თან მეუბნებოდა "დუხებია, დუხებიო" იმას ეგონა გოგოა და სუნამოთი მოვატყუებო. აბა, მაგისი მოსატყუარი კბილები სად მქონდა ჯერ ამოსული? არ დავიჯერე და რომ ავკივლდიიიი, ცას წვდებოდა ჩემი ხმა. როგორც იქნა დამაწყნარეს და ახლა მაკრატლით მოვიდა მამაო. ვაააჰ, ეს რაღათ უნდა მეთქი გაფიქრებაც ვერ მოვასწარი და არ დამეჯაჯგურა თმებზე? ვაიმნეეე, აი ვაიმნეეე!.. ჯერ ისე არ მაქვს თმა და ამასაც მოჭრას უპირებენ მეთქი როგორც კი გავიფიქრე და ავკივლდი "ქოჩორს ხელი უშვი მამაოოოოოოოოო"... გეკადრებათ? გეგონებათ, მე იქ კი არ ვტიროდი, არამედ ვიცინოდი, არავის რეაქცია არ ჰქონდა.
მოკლედ ეს თმაშეჭრილი გაწუწული და "დუხებწასმული" ისევ შემკაზმეს. ახლა დედაკო მიიხმო თავისთან მამაომ. ვიფიქრე ახლა ამასაც თუ იგივე უქნა მაგრად უნდა ვიცინო მეთქი, მაგრამ არც თმა შეაჭრა, არც სუნამო წაუსვა, მხოლოდ გაწუწა 3 ჯერ იგივე წყლით რითაც მე. შემდეგ ჯვარს ამთხვია, ბოლოს ჩემი განათება მოულოცა გააფრთხილა 24 საათი არავინ აკოცოთ დედა-შვილსო და გამოგვიშვა. ჰეჰ, საწყალი მამაკი, ვერც დედაკოს კოცნიდა ვერც მე...
"რესტორანში 8-ზე გველოდებიან და სადმე გავისეირნოთო" იდეა დაახეთქა ალეკო ბიძიამ. ამათაც მეტი რა უნდოდათ? ეს ფოტოების ხამები ესენი. ჰოდა ნარიყალაზე ავედით. გოგოებმა იპოზიორეს, მე სილამაზით დავტკბი და როგორც იქნა მივაღწიეთ.
რესტორან "მეიდანში" უკვე გველოდნენ. ისეთი ოვაციებით შეგვხვდნენ, გეგონებათ უძღები შვილი დაბრუნდა სახლშიო. გააჩაღეს ქეიფი და დროსტარება. ფასანაურის ამბები მონაგონი იყო. ცოტა ხანში თოკო და იკა ბიძიებიც შემოგვიერთდნენ და დღესასწაულიც ნელ-ნელა მეტ ეშხში შევიდა. სადღეგრძელოების, დალოცვებისა და ფოტოაპარატის ჩხაკუნის ფონზე სიმღერაც მოისურვეს. ბიჭებმა მომსახურე პერსონალს გიტარა სთხოვეს, იმათ თავის მხრივ თავები გამოიდეს- "არ შეგვიძლია ეგ მომღერლების საკუთრებააო". არაუშავს ხალხურ სიმღერას გიტარა არა სჭირიაო და გუდამაყრული "ხანშიშესულო მეცხვარევ" რომ შემოსძახეს 3 ხმაში- ბიჭებმა, მამაკიმ და ალეკო ბიძიამ მთელი დარბაზი გაისუსა. სიმღერის დასრულების შემდეგ ყველამ ტაშის ხმაზე მივიხედეთ და უცხოელების მთელი ჯგრო არ იდგა ფეხზე გაღიმებული სახეებით?.. აბა ამათ რა ეგონათ? ასეთი მაგრები ვართ ქართველებიო იძახდნენ ჩემები...
5 წუთის შემდეგ რესტორნის მენეჯერი მოვიდა და ბიჭებს გიტარა მოუტანა, რითაც ირონიული ღიმილი და ცალყბა მადლობა დაიმსახურა. ცოტა ხანში ყველა სუფრიდან ჩენი სიმღერის მოლოდინი შეიმშნეოდა. ესენიც მღეროდნენ და დამსახურებულ ოვაციასაც იღებდნენ. შემდეგ ვიღაცეებმა იცნეს ძმები გულაშვილები არიანო და ფოტოებიც გადაიღეს მათთან. არადა მე მხოლოდ ჩემი დედაკო მეგონა სურათების ხამი...
ჩემი ჭამის დროც მოვიდა. დედაკომ მიმტანი მოიხმო, რაღაც უთხრა და ცოტა ხანში მოიტანეს პაწაწუნა ჭურჭლით ანადუღარი და შეგრილებული წყალი რძისთვის, ჩემი დასვრილი და აწ უკვე გარეცხილი საწოვარა ლანგრებით. ამის დანახვაზე გაიგუდა ხალხი სიცილით. მე მივირთვი და იქვე ჩემს ეტლში ისე გემრიელად დავიძინე, თქვენი მოწონებული.
როცა გამეღვიძა სუფრასთან აღარავინ იყო. ვიფიქრე დათვრნენ ეს ბასიაკები, წავიდნენ და დავავიწყდი მეთქი შეშინებულმა ავტეხე კივილი. თურმე ყველა აქ იყო, მაგრამ ცეკვავდნენ. ვაახ კიდევ ერთი პლუსი ჩემს მშობლებს ჩემგან... ნუ, ეხლა მამაკიმ რომ რაჭულის ცეკვა იცოდა ეჭვი არც მეპარებოდა, მაგრამ დედაკოსაგან არ ველოდი. რაჭულს აჭარული მოჰყვა, აჭარულს მთიულური, მთიულურს ქართული და სანამ ქანცი არ გასძვრათ იქამდე ყრიდნენ ტლინკებს. ყველა ცეკვავდა ალკოჰოლის რაოდენობის, გვარიშვილობის, სიმაღლისა და წონის მიუხედავად...
მეც მომინდა ხელ-ფეხის გაქნევა, მაგრამ ჯერ არ ვიცი ცეკვა. მგონი დედაკოს კარგი იდეა აქვს, როცა ამბობს ჩემი გოგო სუხიშვილების მოცეკვავე უნდა გამოვიდესო, აი სიამოვნებით ვიცეკვებ.
ცოტა ხანში სოფო ნათლია ადგა და პერსონალთან ჩურჩული დაიწყო. კინაღამ ამოვხტი გეტრებიდან. "ვის არ თვლი ქალო შენ საზოგადოებად, ჩურჩულები რომ მომინდომე აქ"?.. მერე, უცბათ შუქი ჩაქვრა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა როცა დავინახე აციმციმებული ტორტი მოჰქონდათ და დედაკოს თვალები აუცრემლიანდა, მამაკის ჩაეხუტა მერეღა გავიგე უკვე 12 საათი გამხდარიყო. 28 აგვისტოს ხომ დედას დაბადების დღეა? "happy birthday"-ს და ტაშის ფონზე მარიკომ სანთლები ჩააქრო ტორტი დაჭრა და ჩამოარიგა. დაიწყო დალოცვები... ისე აქეს ჩემი დედიკუნა, მეგონა წმინდანზე ლაპარაკობდნენ, ახლა ეს წამოდგა და სანამ სუფრის ყველა წევრს სათითაოდ არ გადაუხადა მადლობა, არ მოესიყვარულა, და ჩაკოცნა იქამდე არ დამჯდარა. იმსიგრძე სამადლობელი ჰქონდა მაგას რა მოუსმენდა?.. ისევ დაძინება ვამჯობინე.
ღამის 2 საათი ხდებოდა, როცა რყევამ გამაღვიძა. მანქანაში ვისხედით, ეტყობა სახლში მივდიოდით, გავაგრძელე ძილი და დილამდე აღარაფერი ვიცი ამათი ამბებისა.
დილით დაიწყო ისევ სტუმრები ისევ სუფრა ისევ დალოცვები და სადღეგრძელოები. ამ შემთხვევაში კი, მთავარი მიზეზი ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაული და ჩემი დედაკოს მოკრძალებული "დაბიდუბი" იყო. ამათი ქეიფის ამბებს აღარ მოგიყვებით, ახალი არაფერი მომხდარა გარდა მისა, რომ სოფო ნათლია ტაქსამდე ძლივს მივიდა და მამაკი სუფრიდანვე ლოგინისკენ გადავარდა ინერციით.
ასე გამანათლეს და ჩაიდღესასწაულეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი მომავალი დაიკოს გაჩენის ამბავი როგორ გაიგეს ამას შემდეგი შეხვედრისას მოგიყვებით. გვიანია უკვე, დავწვე თორემ მარიკომ რომ ასეთ დროს კომპიუტერთან დამინახოს დამსჯის აუცილებლად და თავის კოსმეტიკას აღარ მათხოვებს სათამაშოდ...
ტკბილინებისას გისურვებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სულ ვკითხულობ ანასტასიას ამბებს.
აი, დაღლილი რომ ხარ და მსუბუქ, ხალისიან, სასიამოვნოდ საკითხავ რაიმეს ეძებ, ზუსტად ისაა.
დიდ პროზაზე პრეტენზია, ალბათ, არც აქვს ანასტასიას დღიურებს:) სულ ვკითხულობ ანასტასიას ამბებს.
აი, დაღლილი რომ ხარ და მსუბუქ, ხალისიან, სასიამოვნოდ საკითხავ რაიმეს ეძებ, ზუსტად ისაა.
დიდ პროზაზე პრეტენზია, ალბათ, არც აქვს ანასტასიას დღიურებს:)
3. გაიხარე ანასტასია, ,რა კარგად გვიყვები ნათლობას. გაიხარე ანასტასია, ,რა კარგად გვიყვები ნათლობას.
2. რა ხალისიანი მონათხრობია..........:) რა ხალისიანი მონათხრობია..........:)
1. ვაიმე ტასუნა მომენატრა უცებ ძალიააააააააან:****
ვაიმე ტასუნა მომენატრა უცებ ძალიააააააააან:****
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|