ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: თარგმანი
4 აპრილი, 2013


"საშინელება ჰიმალაის მთებში" - ფრედერიკ ბრაუნი



    სერ ჩანსი არტენტონმა დამშვიდობებისას ხელი დაუქნია გამცილებელ შერპებს, რომლებიც ქვევით დარჩნენ და მარტომ განაგრძო გზა, შერპებმა უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე, რადგან ჰიმალაიში, ევერესტიდან ათეული მილის მოშორებით,  იწყებოდა საშინელი თოვლის კაცის ქვეყანა. დროდადრო მათ ხედავდნენ ტიბეტის მთებში და ნეპალში, მაგრამ ობლიმოვის პიკი, რომლის  ძირშიც  სერ ჩანსმა დატოვა ადგილობრივი გამცილებლები, პირდაპირ ამ არსებებით იყო სავსე და შერპები ვერ ბედავდნენ ასულიყვნენ მაღლა, ამჯერადაც მათ საზრიანად არჩიეს დაბლა დარჩენილიყვნენ და იქ დალოდებოდნენ მის დაბრუნებას, თუმცა კი ნაკლებად სჯეროდათ, რომ დაბრუნდებოდა. იმისათვის, რომ გზა განეგრძო, საჭირო იყო სიმამაცე, სერ ჩანსის კი ლაჩრობას ვერ დასწამებდით. 
        მას ვერც იმას დააბრალებდით, რომ არ ჰქონდა ქალის სილამაზის დაფასების უნარი, სწორედ ამიტომაც ამოყო თავი აქ და ახლა მარტოდმარტო აპირებდა არა მხოლოდ საშიშ ლაშქრობას, არამედ ლოლა გაბრალდის გადარჩენასაც. თუ ის აქამდე კიდევ ცოცხალი იყო, ნამდვილად თოვლის კაცის მკლავებში იმყოფებოდა. ამოცანა, როგორც არ უნდა ვთქვათ, ნებისმიერი მთიანი სიმაღლის შტურმის ტოლფასი, ძალიან საშიში და სარისკო იყო.
        სერ ჩანსის მანამდე არასდროს უნახავს ლოლა გაბრალდი. მის შესახებ მხოლოდ ერთი თვის წინ გაიგო, როდესაც ნახა ფილმი მისი მონაწილეობით, რომელშიც ლოლა მთავარ როლს ასრულებდა და რომლის წყალობითაც ლოლა ცოცხალი ლეგენდა გახდა. ის იყო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი, ყველაზე მომხიბვლელი იტალიელ კინოვარსკვლავებს შორის. სერ ჩანსის ვერაფრით გაეგო, როგორ შეიძლებოდა დაბადებულიყო ასეთი ლამაზი ქალი დედამიწაზე, თუნდაც იტალიაში. ერთერთ ფილმში მან დაჩრდილა ბარდო, ლოლობრიჯიდა და ეკბერგი ერთად აღებული და გახდა ქალის იდეალი პლანეტის ყველა კუთხეში. გამოჩნდა თუ არა ეკრანზე, სერ ჩანსი მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა, თორემ მოკვდებოდა.
      მაგრამ მალევე ლოლა გაბრალდი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მას შემდეგ, რაც პირველი ფილმის გადაღებები დამთავრდა, ის დასასვენებლად ინდოეთში გაემგზავრა, სადაც შეუერთდა ალპინისტების ჯგუფს, რომლებიც ობლიმოვის პიკის შტურმისთვის ემზადებოდნენ. საბოლოოდ ექსპედიციის ყველა წევრი  დაბრუნდა, მის გარდა. დაბრუნებულთაგან ერთ-ერთი ირწმუნებოდა, რომ დაინახა (მართალია, ძალიან დიდი მანძილიდან, საიდანაც ვერ მიეხმარებოდა), როგორ წაათრია იგი ადამიანის მსგავსმა, ცხრა ფუტის სიმაღლის თმიანმა არსებამ, _ საშინელმა თოვლის კაცმა. საექსპედიციო ჯგუფი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა ლოლას, შემდეგ შეწყვიტეს ძებნა და ცივილიზაციას დაუბრუნდნენ.  ყველა დარწმუნებული იყო, რომ ლოლა ცოცხლებში აღარ ეწერა, ყველა, _ მაგრამ არა სერ ჩანსი, რომელიც დაუყოვნებლივ გამოფრინდა ინგლისიდან ინდოეთში.
      და აი, იგი გაჭირვებით მიიკვლევდა გზას მარადიულ თოვლში. ინგლისური აღჭურვილობის გარდა მას ქონდა მძიმე იარაღი, რომლითაც, შარშან, ბენგალიაში, ვეფხვებზე ნადირობდა. “ის რაც გამოდგება ვეფხვებზე სანადიროდ, თოვლის კაცისთვისაც გამოდგება“, _ ფიქრობდა ინგლისელი.
      თოვლის ქარბუქი ტრიალებდა მის ირგვლივ, როდესაც ღრუბლებს მიაღწია. მოულონელად, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით (შორს არაფრის გარჩევა არ შეიძლებოდა) ამოიმართა ადამიანის მსგავსი უზარმაზარი ჩრდილი, სერ ჩანსმა აღმართა იარაღი და გაისროლა, ჩრდილი, რომელიც უფრსკრულის პირას იდგა, შექანდა და ათასფუტიან სიბნელეში გაუჩინარდა.
      ჯერ კიდევ ისმოდა ექოს ხმა, როდესაც, ვიღაცამ უკნიდან  ხელი სტაცა.  ერთი ხელით სერ ჩანსი ჰყავდა დაჭერილი, ხოლო მეორეთი  იარაღი აიღო,  როგორც კბილების საჩიჩქნი ჩხირი ისე გადატეხა და გვერდით მოისროლა.
სადღაც ზევიდან ხმა გაისმა: - „ჩუმად. ყველაფერი კარგად იქნება“.  სერ ჩანსი ლაჩარი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც რაღაც წაილუღლუღა, არსებამ ისე მაგრად მიიხუტა, რომ შეუძლებელი იყო თავის მობრუნება და შეხედვა.
-    შენს გასაგონად მინდა გითხრა, _ განაგრძობდა იდუმალი ხმა, _ ჩვენ ისინი ვართ, ვისაც თქვენ საშინელ თოვლის ადამიანებს ეძახით, ტრანსმუტანტები. ოდესღაც, მრავალი საუკუნის წინ, ჩვენც ისეთივე ტომი ვიყავით, როგორიც შერპები, მაგრამ ჩვენ შევძელით აღმოგვეჩინა ის, რაც საშუალებას მოგვცემდა შეგვეცვალა ჩვენი აღნაგობა, გაგვეზარდა სხეული და შეგვეცვალა ფიზიონომია, რის დახმარებითაც შევძლებდით  შევგუებოდით განსაკუთრებით მკაცრ კლიმატურ ჰაერს, სიცივეს, ყინვას. და აი, ახლა, ჩვენ ვცხოვრობთ მაღალ მთებში, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს და ვერც სხვები გაძლებენ, მხოლოდ ხანდახან შეუძლია ვიღაცას აქ ამოსვლა, გასაგებია?!
- კ-კ-კ-კი, კბილების კაწკაწით წარმოსთქვა სერ ჩანსმა, რომელსაც მოულოდნელად იმედი გაუჩნდა, _  რისთვის დაჭირდა ამ არსებას ასეთი გულახდილობა, თუკი მისი მოკვლა აქვს განზრახული?
- მაშინ მისმინე: ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და დროთა განმავლობაში უფრო ცოტანი ვრჩებით, ამიტომ ჩვენ დროდადრო ვიჭერთ, როგორც ახლა, რომელიმე ალპინისტს.  შეგვყავს მასში ნივთიერება და იგი ჩვენიანია. ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ რაოდენობა მაღალ დონეზე.
- მმმ, _ ენისბორძიკით ჩაიბურტყუნა სერ ჩანსმა, _  ნუთუ ეს ბედი ეწვია ქალს, რომელსაც მე ვეძებ, _ ლოლა გაბრალდის? ესე იგი ის ეხლა რვა ფუტისაა, სულ ბალნიანი და...
- იყო.  სულ ახლახანს შენ ის მოკალი. ერთ-ერთმა ჩემმა ტომის წევრმა იგი ცოლად მოიყვანა. ჩვენ არ გვიყვარს შურისძიება, მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიკავოს მისი ადგილი, ასეა ჩვენთან მიღებული.
- მისი ადგილი უნდა დაიკავოს? მაგრამ მე ხომ კაცი ვარ...
- მადლობა ღმერთს, _ მოესმა სადღაც მაღლიდან, მან იგრძნო, რომ მოაბრუნეს სახით უზარმაზარი სხეულისკენ, ისე, რომ მისი თავი აღმოჩნდა ვიღაცის ბალნიანი მკერდის შუაში, _ მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ მე აუტანელი თოვლის ქალი ვარ.
როგორც პატარა, უსუსური ლეკვი, ისე დაითრია გონმიხდილი სერ ჩანსი მისმა ახალმა მეგობარმა ქალმა და მღვიმის სიღრმეში შეათრია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები