ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2013


მე ანასტასია ვარ IX

    მოგესალმებით ყველას.
    ძალიან მომენატრეთ, მაგრამ ჩემსკენ ისეთი ამბები ხდებოდა ვეღარ მოვიცალე იმისათვის, რომ შემოვსულიყავი და თქვენთვის ახალი ამბები მომეყოლა. მოკლედ, ახლა აქ ვარ და გავაგრძელებ ჩემი ამბის თხრობას, თავს თუ არ შეგაწყენთ.
    იმას გიყვებოდით, როგორ გადავურჩი ავადმყოფობას. ამ ამბის შემდეგ დედაკო ცოტა დამშვიდდა, და ჩვეულებრივად გადიოდა დრო სანამ რამოდენიმე კვირის შემდეგ ახალი "სადარდებელი" არ გაუჩნდათ- მარიკო კიდევ ორსულად იყო...
    დაიწყეს ნერვიულობა, შეიძლებოდა თუ არა პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ ასე სწრაფად მისი ორსულობა. იყო ექიმებში სირბილი, ნაკერის შემოწმებები და ერთი ამბავი. მხოლოდ მე მიხაროდა ეს ამბავი ისე, რომ პრობლემებზე არ ვფიქრობდი. რატომ არ უნდა გამხარებოდა? 1 წლით უმცროსი დედმამიშვილი მეყოლება, სულ ერთად ვივლით ყველგან- ბაღში, სკოლაში სადაც ყველაფერში დავიცავ და გვერდით ვეყოლები, მეგობრებთან ერთად, კინოში, თეატრში... დედაკოც მშვიდად იქნება, რომ ორნი ვიქნებით და ერთმანეთს დავიცავთ... ჩემს ზიზია ტანსაცმელს ვათხოვებ თუ გოგო იქნება. მოკლედ იბადებოდა ადამიანი, რომელსაც სულ ცოტათი მაინც, წლების შემდეგ დასჭირდებოდა ჩემი დახმარება და ზრუნვა.
    იფ, რა მაგარია?.. მე რომ ვიზრუნებ ვინმეზე წარმოიდგინეთ! ჩემი პამპერსი ვერ გამომიცვლია და ჩემი ხელით ჭამა არ ვიცი ჯერ, მაგრამ ხომ გავიზრდები? არა, პამპერსებს მე ვერ გამოვუცვლი, ასაკობრივი სხვაობა იმხელა არაა ჩვენს შორის და მე თუ გავიზრდები ესეც ხომ გაიზრდება? ჰოდა, თუ გაიზრდება მაშინაც პამპერსები ხომ არ დასჭირდება? მაგრამ მე მაინც უფროსი და ვიქნები და.... აუუუუ, რა მაგარია ვიღაცაზე უფროსი მაინც ვიქნები. აბა ესენი ყველაზე დიდიები არიან და რომ გავიზრდები სულ მე გამაგზავნიან ყველგან, მე კიდევ ამას გავაგზავნი, ეს ხომ ჩემზე პატარა იქნება? იფ, იფ, იფ... წარმოდგენაზეც კი სიამოვნების ჟრუანტელი მივლის, როგორ ვისარგებლებ იმით, რომ მასზე დიდი ვარ...
   
    როგორც იქნა გაარკვიეს საბოლოოდ, რომ დედაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამებოდა ორსულობას. შვილის მოკვლა ამათთვის ტაბუდადებული თემაა და რა თქმა უნდა არც უხსენებია ვინმეს. მარიკო სულ იმას ამბობს- "ნეტავ უფალმა იმისი საშუალება მომცეს, რომ "მუცლის გაფუჭება" არასოდეს დავწერო აღსარებაშიო" და ამაყობს ამით... მეც ასეთი ვიქნები როცა გავიზრდები, აბა საკუთარი შვილი როგორ უნდა მოკლა? რადგან ამის გამო კანონის წინაშე პასუხს არ აგებენ მშობლები, ამიტომ დადიან ექიმებთან და ბევრი მათგანი თვეში ერთხელაა აპლაკული გინეკოლოგის სკამზე. ველურები ეგენი...
    უფ, როგორ მომეშალა ახლა ნერვები... ამ თემზე მეც დედაკოს ვგავარ და თუ დავიქოქეეეეეე, მილიონი მიზეზი გვაქვს, რის გამოც ვგმობთ ამგვარ საქციელს. თან ყველა მასეთი ქალის გაწიწკვნა გვინდება...  არა ისე არ გამიგოთ თითქოს ამით ვამბობდეთ ვინმეზე რაიმეთი უკეთესები ვართ მეთქი, მაგრამ ხომ ხვდებით ამდენი ცოდვა-მადლიანი ცხოვრების შემდეგ ეს მომაკვდინებელი ცოდვაც თუ არ დაიმატეს ქალებმა ბევრად მართლები წავლენ იმ ქვეყნად...

    ჰოდა, ლირიული გადახვევის შემდეგ ისევ დავუბრუნდები ჩემს ოჯახურ ამბებს. ამ არსების გაჩენა გადაწყდა და მარიკოს საცოდაობაც დაიწყოოო.
-ბევრი არ ჭამო, მწარე არ მიიღო, ხაჭო მიირთვი უზმოზე, სეირნობა სუფთა ჰაერზე ერთი საათით დილა საღამოს, თავი ხომ არ გტკივა, თავბრუ ხომ არ გეხვევა და ასე შემდეგ...
    დავიწვი დედაკოს საცოდავობით. ეს რა რთული ყოფილა ორსულობა, ჩემზეც ასე იყო ნეტავ? ისე კი ამბობდა ტასოზეც ასეთივე კარგი ორსულობა მქონდაო "ტოკსიკოზი" თუ რაღაც ოხრობა არ ჰქონდა თურმე. აბა რააა, ჩვენ კარგი შვილები ვართ არ დავტანჯეთ დედაკო ზედმეტი გართულებებით სხვებს კი არ გვავართ მათი დედაკოები პირველი 3 თვის განმავლობაში უნიტაზს რომ ემეგობრებიან ყველაზე მეტად...

    უკვე ნოემბერი იყო, მარიკომ ისე ინერვიულა კინაღამ მასში მყოფი არსება დავკარგეთ. ახლავე აგიხსნით რაც მოხდა.
ამათი მეგობარი ირაკლი ბიძია, რაღაც მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა,- "ახალი ქართული ხმა" ერქვა. ჩემი დედაკო ისეთი ემოციურია ყველაფერზე ბღავის. ხანდახან ვეხუმრები ხოლმე და უმიზეზოდ ვითომ ტირილს ვაპირებ, ისეთი სახე აქვს ჩემზე წინ ეს იწყებს ტირილს, ამ დროს ძალიან საყვარელია და მეც მეცინება ვეღარ ვაგრძელებ მსახიობობას. ჰოდა წარმოიდგინეთ ასეთი "პანიკიორშა" მყავს, რომელმაც ისევე ინერვიულა თითქოს თავად იდგა სცენაზე. პირველი "ლაივ შოუ" დაიწყო თუ არა ხმა არ გამცეთო თქვა და თითების მტვრევა დაიწყო. ბიჭების გამოსვლაზე მგონი თვალიც არ დაუხამხამებია ამ საწყალს და ესემეს ლიდერების გამოცხადების დროს, დუტას სიტყვებზე- "გავიდა არა, გავიდნეეეეენ... მეორე ესემეს ლიდერები არიან თორნიკე და ირაკლი გულაშვილებიო"  იკივლა და გული წაუვიდა.
    ატყდა პანიკა, ვიღაცა წყალზე გარბოდა, მეორე ნიშადურს მოარბენინებდა. იყო ღმერთო გვიშველე, ეს რა მოგვივიდას ძახილი. როგორც იქნა აზრზე მოიყვანეს და ეს შტერი ისევ იმაზე ფიქრობდა ვაიმე რა მაგარია რომ გადავიდნენ, მაგრები მყვანანო... იმ ღამეს მამაკის არ სძინებია, მარიკოს ძილს ყარაულობდა, თან ბუზღუებდა ასეთი ემოციური რატომ მყავხარ რა გვეშველება შენ ბავშვები რომ გაიზრდებიან გული თუ მაშინაც ასე იხეთქე ერთხელაც შეიძლება ვეღარ გაუძლოო. დილით მარიკო ხუმრობდა კატა ვარ 9 სიცოცხლე მაქვს არ შეგეშინდეთო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლის გადაწყვეტას წამის მეათასედები სჭირდება?...

    მოკლედ გადაგვირჩა მარიკოც და პაწაწოც. ამასობაში გაიზარდა კიდეც და უკვე შეიძლებოდა ექიმი ბიძიასთან წასვლა მისი სქესის დასადგენად. დიდი პამპა-ცუმპათი გავაცილეთ დედაკო და სოფო ნათლია, ჩვენ კი ამბების ლოდინი დავიწყეთ.

    აბა ნაკლებს ხომ არ იკადრებდა ჩემი "პაკაზუხა" დედაკო? და კახა ტატიშვილთან წაბრძანდა ამბობდა არ შეცდებაო, თან ბავშვის ჯანმრთელობასაც უკეთ გაიგებსო. მე თუ მაგ ბიძიას არ ვუნახივარ ვერ გამოვედი ანგელოზი? ისე სულ ტყუილად ვწუწუნებ, დედაკოს ვგავარ მაგაშც. ჩემზე ორსულობისასაც არ დაუწყია კაპიკების ეკონომია და საკმაოდ ცნობილ ექიმებთან დადიოდა. კარგად მახსოვს ამირან გურგენიძესთან წავედით, მე ვეხუმრე- დავემალე და მარიკოს 3 ჯერ მოუწია იმ ბაბუასთან მისვლა, რომ გაეგო ბიჭი ვიყავი თუ გოგო. ეჰ, რა დრო იყო? ვიჯექი ჩემთვის მოკალათებული დედაკოს მუცელში და არაფერზე ვდარდობდი, თუ რამე არ მომეწონებოდა ერთი წიხლი სულ ყოველთვის მზად მქონდა...
    კახა ექიმს გამოუკითხავს სახლი ვინ გყავსო, დედაკოს უთქვამს უსაყვარლესი ანასტასია მყავს 8 თვისო. მერე რათ გინდა ორი გოგო, ერთი მომეციო. ამ შტერს იქაც უტირია სიხარულით,- გოგო მინდოდა რა კარგიაო. აბა მამაკის კითხეთ ეხლა ან ჩვენს ნახევარძმას- გუგას თუ უნდათ ორი გოგოს "მწყემსვა"?... მაგრამ რას ვიზამთ...
   
    სიხარულით მოფრინავდა დედაკო კიდევ ერთი გოგო მეყოლებაო, ჩემი ბარბარეო. ჰმ, სახელიც დაარქვა უკვე გოგომ!.. მამაკის გარეშე. ჩემს სახელზე თუ გაითველისწინა მისი აზრი ამაზე რატომ არ ჰკითხა? სხვათა შორის გურის არ უთქვამს უარი. იყოს ბარბარე, ბარბის დავუძახებთ ხოლმე ლამაზი მოსაფერებელი სახელიაო და ასე გახარებულებმა დავიწყეთ პაწაწუნა ბარბარეს ლოდინი, რომელიც ბოლოს ისე გაიწელა დროში და ისე შეწუხდა დედაკო ვიმუქრებოდი გამოვა თუ არა მივტყიპავ მეთქი. მაგრამ ისეთი ნამცეცუნა და საყვარელის სულ ვეფერები და მინდა რომ მე დავაძინო ესენი კიდევ ხელშიც არ მაჭერინებენ...

    ოღონდ ამეებს მოგიყვებით წავედი მე ახლა, ქათმის ბულიონი გამიკეთეს და ისეთი სურნელებაა სახლში ვეღარ ვითმენ. აღარც მოსაყოლი სიტყვები მომდის თავში და ეკრანზეც სულ "ჩიჩიებს" ვხედავ ნაწერის ნაცვლად.

    გკოცნით ბევრს,
    თქვენი- ანასტასია დგვარელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები