ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მრ-001
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2008


ორმაგი მკვლელობა - მიკროდეტექტივი

–რა ძალა მედგა, რას ვთამაშობდი? – ფიქრობდა სახლისაკენ მიმავალი ზურა. – ისე გავყევი თითქოს ჩემი ძველი ძმაკაცი ყოფილიყო. არა, მაგრად კი მაქეიფა.. – ჯერ კიდევ მაგარმა მთვრალმა უაზროდ გაიცინა და ჩაბნელებულ ქუჩებში კმაყოფილმა მიიხედ–მოიხედა. – ნეტავ რამდენი წავაგე?.. წვრილ–წვრილად რომ არ ჩავთვალოთ, ბოლოს მგონი 1000 დოლარზე ვთამაშობდით არა? მაშინ კი იქნება 2000–3000 დოლარი. წავიდეს და მეძებოს.. ცხოვრებაში პირველად ვნახე, ჩემი მარტო სახელი იცის და სად მიპოვნის? 3000 ხელშიც კი არ მჭერია არასოდეს საიდან მივცემდი? – თავი ღიმილით გააქნია და თავის სახლისკენ გადაუხვია. ერთადერთი ფიქრი აწუხებდა ,,იღბლიან მოთამაშეს“ – სახლიდან გამოყოლილი ნასესხები 10 ლარიც რომ იქ დატოვა, არადა 10 ლარი ,,დროებით უმუშევარი“ ზურასთვის ბევრს ნიშნავდა. ისიც აღარ ახსოვდა რისი ყიდვა უნდოდა იმ ფულით.
  –რა მაგრად დავლიე.. – გაიფიქრა ისევ და თავის კარებზე ზარი დარეკა. კარი მეუღლემ გააღო და რომ შეატყო მთვრალი იყო, კარები უკმაყოფილოდ მიაჯახუნა მის ზურგს უკან.
  –ნელა არ შეგიძლია ქალო? – ჩაიბურტყუნა ზურამ, ლაბადა გაიხადა და საკიდზე ძვლივს დაკიდა.
  –რა ნელა ზურა? მეც ხომ მაქვს ნერვები? სად ხარ აქამდე? მოკვდა ბავშვი მშიერი, მთელი დღე ტიროდა, ვერაფრით გავაჩერე. – ეხლაღა გაახსენდა ,,ოჯახის მარჩენალს“ რისთვის უნდოდა ფული. შერცხვა მაგრამ ცოლს როგორ გაუმხელდა? – ძმაკაცთან ვიყავი და დამეხარჯაო – ჩაიბურტყუნა უგერგილოდ, საწოლისკენ გაეშურა და ცოლის ტირილისათვის ყურადღება არც მიუქცევია ისე მოიხურა ოთახის კარები. საწოლზე გაუხდელად წამოწვა და ცოტა ხანში მკვდარივით დაეძინა...

                                *                                *                                  *
 
  დილით რომ გაეღვიძა, თავი უსკდებოდა. ჯერ თვალების გახელაც არ უნდოდა მაგრამ გუშინდელი ღამე გაახსენდა და ზლაზვნით წამოდგა. უკვე კარგად მოდღევებულიყო. – რამდენ ხანს მძინებია? – გაიფიქრა. იქვე დაყრილ ტუფლებს დაწვდა, ჩაცმა დაიწყო. მთელს სახლში გამეფებული სიჩუმე ყურში ცუდად მოხვდა. – ის ქალი სადღა წავიდა?  თამუნა! – გასძახა ცოლს, ხმა არავინ გასცა. –ეტყობა გაბრაზებულია, – თამუნა! – დაიძახა ისევ და სამზარეულოსკენ წაფრატუნდა. – ბავშვი სადღაა? – გრძნობდა უკვე ნერვები ეშლებოდა. სამზარეულოში არავინ არ დახვდა. გაბრაზებულმა ბავშვის ოთახშიც შეიხედა და იქაც რომ ვერავინ ნახა გინებაზე გადავიდა. –სადა ხარ შენი ... – კარები მთელი ძალით მიაჯახუნა და ის იყო მეზობელთან აპირებდა გასვლას საკითხავად რომ მაგიდაზე დაგდებულ წერილ მოჰკრა თვალი... 
  ,,ზურა, მე ამდენს ვეღარ ავიტან, დედაჩემთან მივდივარ. ბავშვიც რა თქმა უნდა თან მიმყავს. ძალიან გთხოვ ნუღარ გამომეკიდები. მე შენთან ვეღარ ვიცხოვრებ. თამუნა“
  ზურა იქვე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ჩაფიქრდა... მისი აზრით ესეც ბედის მორიგი დარტყმა იყო რომელიც არც არასოდეს წყალობდა. – აბა სხვა როგორ ავხსნა თამუნას საქციელი? – ვერ წარმოედგინა რომ ასეთი ჩუმი და მორიდებული ქალი რომლისთვისაც ერთადერთი განმუხტვა ცრემლები იყო და ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვა არ ქონდა ნათქვამი,  ქმარს მიატოვებდა და წავიდოდა.
  – არა, თამუნა იქ ვერ გაძლებს. – წამოიძახა უცებ ხმამაღლა და იგრძნო როგორ მოეშვა გულზე. – შანსი არაა მიმატოვოს. ჩემს გარეშე ვერ გაძლებს, ნახავ თუ დღესვე არ დამირეკოს – ელპარაკებოდა თავის თავს... დამშვიდდა და ისევ გაახსენდა თავის ტკივილი. ის იყო წამოდგა და თითქოს მისი სიტყვების დასტურად ტელეფონმაც დარეკა.
  – ხომ ვთქვი დარეკავს მეთქი? – ჩაეცინა ზურას ბოროტად, – ეხლა ნახავს რას ნიშნავს ჩემი გაბრაზება. – იმაზე არც კი დაფიქრებულა რომ სეიძლება სხვა ყოფილიყო, რატომღაც 100%–ით დარწმუნებული რომ ეს მისი ცოლი იყო ტელეფონთან მივიდა, ყურმილი აიღო და თითქოს ამ უკანასკნელს რამეში მიუძღვოდა ბრალი მის წინაშე ისე გაბრაზებულმა დაჰყვირა – ალოოო!
  – რა იყო, რა გაყვირებს ბიჭო? – მოესმა უცებ  ყურმილიდან თავისი ძველი მეგობრის ხმა.     
  – ააა... თენგო შენ ხარ? მე.. მე სხვის ზარს ველოდებოდი და..
  – მერე ჯერ უნდა გაარკვიო შე კაცო.
  – ჰო კარგი, კარგი. რა გინდოდა? – მოჰყვა ზურა ბურტყუნს.
  – მე კი არა შენ გინდა მგონი კარგი ცემა, იცი ვინ დამირეკა დღეს? გახსოვს მე რომ გელაპარაკებოდი ჩვენი უბნის ერთერთი ავტორიტეტია მეთქი? ვასომ.
  – ვასომ? – ზურას გუშინდელი საღამო გაახსენდა და იგრძნო როგორ დაასხა შუბლზე ოფლმა.
  – ხო, ვასომ. – თენგოს აშკარად ეტყობოდა რომ სათქმელს სპეციალურად ჭიმავდა – იმისი რა თქმა უნდა ყოველთვის მჯეროდა მაგრამ, რა ვიცი, შენზე ვერაფრით წარმოვიდგინე რაც მითხრა.
  – რა? – ძლივს ამოთქვა ხრიწიანი ხმით მოლოდინად ქცეულმა.
– მართლა წააგე 15000?
– 15000?...
– ხო, კარგი, კარგი. – თენგო მიხვდა ჯობდა მარტო დაეტოვებინა ზურა. – მობილურით ვრეკავ, ჩემთან გამოდი და რამეს მოვიფიქრებთ კარგი? აბა ჰე. – და ტელეფონი გათიშა.
– 15000 დოლარი? – ზურასათვის ეს უკვე მეტისმეტი იყო.. გამწარებულმა ჯერ ყურმილი მიახეთქა კედელს, მერე კი იქვე დალაგებული ჭურჭლის მტვრევას მიჰყო ხელი.. თან გამწარებული იგინებოდა.  კარგად რომ დაიღალა გაჩერდა. იქვე, გადაყირავებულ სკამზე ჩამოჯდა და თავზე ხელები შემოიწყო. არც ისეთი სულელი იყო ვერ მიმხვდარიყო, ამჯერად მაგრად გაება...
– პირველი რაც აზრად მოუვიდა ბინის გაყიდვა იყო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. 2 ოთახიან ბინას ქალაქის გარეუბანში 15000 ვერაფრით ვერ გაყიდდა. – გაახსენდა 1 კვირა რომ ქონდათ ფულის ჩასატანად დათქმული და ცივმა ოფლმა დაასხა. – საიდან მოვიტანო? კაი ვთქვათ 1000 ჰა, ჰა 2000 დოლარი ჩემს ძმას ვაშოვნინო, (მისგან განსხვავებით ის მშრომელი ადამიანი იყო) დანარჩენი? რა ძალა მედგა რას ვთამაშობდი მაგის . . . – ისევ წამოხტა და ჭურჭლის ნამსხვრევებს ფეხი გამწარებულმა ამოარტყა. – წავალ თენგოსთან იქნებ მართლა რამე მომიხერხოს. – სახლიდან გავარდა და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.
 
  თენგო ელოდებოდა. შემოსულს შეხედა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, იქვე სკამზე ანიშნა და მაშინვე საქმეზე გადავიდა..
  – დამირეკა თუ არა მაშინვე დაგირეკე, რამის იმედი გააქვს? – ზურას სახის შემხედვარე მიხვდა არაფრის იმედიც არ ქონდა და ისევ გააგრძელა. – არ ვიცი ძმაო, მეც დავრეკე ერთი სამგან მაგრამ ხომ იცი რა დროა? ზოგს მართლა აღარ აქვს, ზოგი კიდევ ისეა დაშინებული ფულს ცოცხალი თავით არ გამოაჩენს. რა გიყო აღარ ვიცი. მეც კარგად იცი რა შეძლების ვარ თორემ რაზეა ბაზარი? ვასოსაც დავურეკე იქნებ როგორმე აპატიო მეთქი მაგრამ უარზეა და მართალიც არის. კარგად იცი წაგებილს გადახდა უნდა ძმაო. მაინც რა მოხდა როგორ წააგე მაგდენი? – ზურამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია – ერთადერთი იმედიღაა ძმაო.  ვასომ, თუ რამის იმედი აქვს ხომ კარგი თუ არადა ჩემთან მოვიდესო. დამაბარა. რა საქმე აქვს არ ვიცი მაგრამ იქ წასვლაღა რომ დაგრჩენია ეგ აშკარაა.
  –ნეტავ რა საქმე უნდა ქონდეს? – იკითხა დაბნეულად ზურამ.
  თენგომ მხრები აიჩეჩა – რა საქმე აქვს არ ვიცი მაგრამ, მე მგონი  რაც მალე წახვალ უფრო მალე გაიგებ.
  ზურა დასაკლავად განწირული პირუტყვივით წამოდგა და მასპინძელთან გამომშვივობება არც გახსენებია კიბეებზე ისე დაეშვა. თენგომ კარები დახურა და აგდებულად ჩაილაპარაკა – ჰმ, გამომივიდა ესეც კარტოჟნიკი, სულელი არ არის? . . .


                                                  *                        *                      *

  მთელი ღამე ფიქრობდა ზურა ვასოს მიერ შემოთავაზებულ საქმეზე. პრინციპში ცუდი საქმე არ იყო, თანხასაც გადაიხდიდა და ცოტა თვითონაც დარცებოდა მაგრამ... ,,ყველაფრის გამომცდელს“ კაცი არასოდეს მოეკლა. არადა ვასო მტკიცედ ითხოვდა უნდა მოკვდესო. – პრინციპში კაცის მოკვლა რა არის? – ფიქრობდა დივანზე წამოწოლილი. – განა სუყველა სიკვდილის შვილები არა ვართ? როდის რა გვიწერია კაცმა არ იცის.. პირიქით დავასვენებ ამ გაძაღლებული ცხოვრებაში ტანჯვისაგან. ეჰ, ისე რა სხვა გზა არის? ისედაც იძულებული ვარ დავთანხმდე. კიდევ კარგად გამიმართლა. სხვა  მაგის ადგილზე ვინ იცის რას გააკეთებდა? მორჩა გადავწყვიტე. რაც არის არის, უნდა დავთანხმდე. – ფიქრებმა ცოტა დაამშვიდა, გვერძე გადატრიალდა და როგორც იქნა ჩაეძინა...

  მეორე დღეს  ვასოსთან ურო დაწვრილებით მოილაპარაკეს. პრინციპში სალაპარაკო და დასაზუსტებელი ბევრი არაფერი იყო. გეგმა უბრალო და მარტივი იყო. ვასოს ერთი მევალე მუშაობდა ერთერთ პრესტიჟულ ბანკში. დათოსაც (ეს მისი სახელი იყო) ზუსტად ისეთი ვალი ჰქონდა როგორიც ზურას. მოკლედ დათოს ბანკში გარდა იმისა რომ მენეჯერი იყო, ევალებოდა მსხვილი კლიენტების უსაფრთხო გაცილება ბანკიდან. ამას კი ზოგი მათგანი ნამდვილად საჭიროებდა რადგან ბევრ სახელმწიფო მოხელეს შავად გაკეთებული ფული სხვის სახელებზე შემოჰქონდათ და გატანითაც ამ უკანასკნელთ გაჰქონდათ. ჩუმად, ყოველგვარი დაცვის გარეშე მოდიოდნენ, ფულს იღებდნენ და შემდეგ ყურადღება რომ არ მიექციათ, დათოს მიერ შერჩეული რომელიმე ტაქსით ტოვებდნენ იქაურობას. ამისთვის კი ვასო მას ფულს პატიობდა, რომელიც არც თუ ისე პატარა თანხა გახლდათ. დანარჩენი უკვე ზურას საქმე იყო, მას გზაში ,,მსხვერპლი“ როგორმე უნდა მოეკლა და ფულიან მკვდრიანად ვასოს მიერ დანიშნულ ადგილზე უნდა მისულიყო. სადაც შემდეგ მკვდარს მოიშორებდნენ, ფულს გაინაწილებდნენ და იქაურობას დასტოვებდნენ. მანქანას თავის თავზე უკვე ვასო იღებდა, მან ამ საქმისათვის სპეციალურად ნაყიდი ოპელი დროებით კიდევაც გადაუფორმა ზურას...
  ორი დღე დაძაბულ ლოდინში გავიდა. ამ დროის განმავლობაში ორივე საფუძვლიანად მოემზადა. ვასომ ბევრი არჩია და ბოლოს ქალაქის გარეუბანში, ერთ მიყრუებულ და გაველურებულ პარკზე შეაჩერა არჩევანი. ზურასაც იქ დაუთქვა შეხვედრა. ეს უკანასკნელი კი მთელი დღეები ბანკის გარშემო დადიოდა და ცდილობდა ისეთი გზები შეერჩია რომლებიც შედარებით მიყრუებული იქნებოდა. მის მეუღლეს რა თქმა უნდა არ დაურეკია, თუმცა მას შემდეგ რაც ფული შოვნის პერსპექტივა გაუჩნდა ცოლიანი კაცის რეპოტაცია თვითონვე აღარ ახარებდა. ერთადერთი დარდიღა ჰქონდა, პარკში მისული ვასოს ისიც არ მოეკლა და მთელი ფული თვითონ არ წაეღო. უნდოდა თვითონაც ეშოვნა იარაღი მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმა ამაზე ვასო. რომელსაც თავის მხრივ გულში ზუსტად ასეთი შიში ჰქონდა. ბოლოს როგორც იქნა დათომ დარეკა და – ხვალ დილიდან აქ იყავითო – დაიბარა. ის ღამე ორივემ მაგარ ნერვიულობაში გაატარეს – საქმე 150.000 დოლარს ეხებოდა.


                                      *                                *                              *


  დილაადრიან დაეჭო ბანკთან ზურა. საქარე მინასთან თავის ხელით, მუყაოსაგან გაკეთებული ტაქსის ნიშანი დაამაგრა და ლოდინი დაიწყო. წუხანდელი ღამე გაახსენდა და ისევ ანერვიულდა. გაახსენდა – ჯერ დიდხანს ილაპარაკეს ორივემ, ყველაფერ აზუსტებდნენ. მერე როგორც იქნა დაწვნენ. ბევრი იტრიალა და ის იყო უნდა ჩასძინებოდა რომ  ვასომ დაუძახა, ხმა არ გასცა თავი მოიმძინარა, იმან ისევ დაუძახა რამოდენიმეჯერ ხმადაბლა და რომ დარწმუნდა სძინავსო წამოდგა, მისი ტანსაცმელი ჩამოხსნა და ჩხრეკვა დაუწყო. ეტყობა ვერ იპოვნა რასაც ეძებდა მაგრამ ამან პირიქით დაამშვიდა, დაწვა და მალევე დაიძინა. ვერაფრით ვერ აეხსნა ზურას რას ეძებდა ტანსაცმელში. მხოლოდ ეხლა გაუელვა თავში ცხადად ერთმა აზრმა, – ის იარღს ეძებდა!!! – აქამდე თუ ეჭვი ეპარებოდა ეხლა ნამდვილად დარწმუნდა თავისი აზრის სიმართლეში... – რა ვქნა? – ფიქრობდა გამალებით, – გავიქცე? სად დავიმალები? – იცოდა ამ შემთხვევაში სიკვდილი ნამდვილად არ ასცდებოდა. – რომ მოვკლა? ფულიც მთლიანად მე დამრჩება.. – ეს აზრიც მოიშორა, იარაღიანი ვასო მას არ მიუშვებდა ისე ახლოს რომ თავში მაინც ჩაერტყა რაიმე.. – რა ვქნა? – გაიფიქრა ისევ.. –უნდა დავლიო – დაუელვა თავში. მანქანიდან გადმოვიდა, იქვე, მარკეტში შევიდა და ერთი ბოთლი არაყი იყიდა. ისევ მანქანაში დაბრუნდა და სასმელი ეგრევე, ბოთლით მოიყუდა. არაყმა დაამშვიდა, გამბედაობაც შემატა. დაახლოებით უკვე მოფიქრებული ჰქონდა როგორ მოეკლა ის კაცი. სადმე მიყრუებულ ქუჩაზე რაიმე მიზეზით მანქანიდან გადმოსვლას თხოვდა და გადმოსვლისას სპეციალურად წამოღებულ დიდ, მძიმე ქანჩის გასაღებს ჩაარტყავდა თავში. შემდეგ რას იზავდა სწორედ ამაზე ფიქრობდა ეხლა.. მისულიყო ვასოსთან თუ გაქცეულიყო?
  ლოდინმა დიდხანს მოუწია, ასე რომ ბოთლი დააცარიელა. სიმთვრალეს მაინც ვერ გრძნობდა. ის იყო მანქანიდან გადასვლას აპირებდა მეორე ბითლის მოსატანად რომ მობილურმაც დარეკა.
  დათო იყო – მოვდივართ –  უთხრა მოკლედ და გაუთიშა.
  ზურამ საჭეს ხელები მთელი ძალით ჩასჭიდა და მანქანა დასძრა. მთელი ბოთლი არაყის დალევის მიუხედავად იგრძნო, მთელი სხეულით კანკალებდა. ბანკის შესასვლელს მიუახლოვდა თუ არა დაინახა კიდევაც დათო. მან როგორც მოლაპარაკებულები იყვნენ ხელი გაუქნია. ზურამ მანქანა ახლოს მიაყენა და გააჩერა. დათო შენობაში შებრუნდა და  მალევე იქიდან ერთ მაღალ, გამხდარ კაცთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ხელში შავი ჩემოდანი ეჭირა. კაცი სწრაფად ჩახტა მანქანაში.
საბურთალოზე – უთხრა ზურას, სკამზე გადაწვა და ჩემოდანი იქვე დადო.   
დანარჩენი ისე უცებ მოხდა თვითონაც კი ვერ მოვიდა აზრზე..  პირველსავე მიყრუებულ ქუჩაში მანქანა გააჩერა, გარშემო შემოუარა და შეწუხებული სახით გადმოსვლა სთხოვა. ის უბედურიც ეგრევე წამოიწია და გადმოსვლა დააპირა მაგრამ კარებიდან თავი გამოყო თუ არა მოულედნელად ზურამ ისე ძლიერად ჩაარტყა თავში რომ საწყალს არც კი დაუკვნესია ისე მიესვენა სავარძელზე. მთავარი უკვე გაკეთებული იყო და ზურასაც შიშმა მაშინვე გაუარა. თვითონაც მანქანაში ჩაჯდა, გაიხედ–გამოიხედა და რომ დარწმუნდა ქუჩაში არავინ არ იყო, მეტი დამაჯერებლობისათვის კიდევ რამოდენიმეჯერ ძლიერად ჩაარტყა თავში მსხვერპლს. მხოლოდ მაშინ მოეშვა როცა დარწმუნდა მკვდარი იყო. ისევ მიმოიხედა და მანქანა სწრაფად დაძრა. ცოტა ხანში, სხვა ქუჩაზე ისევ გაჩერდა და ცხედარი გაჩხრიკა. ჯიბეში რაც მას ყველაზე მეტად ჭირდებოდა ის უპოვნა. შავად მოლაპლაპე პისტოლეტი ჯიბეში ჩაიდო, ჩემოდანი წინ გადადო, ცხედარი სკამებს შუა ჩააგდო და სპეციალურად წამოღებული ადიელა გადააფარა. შეძლებისდაგვარად სისხლიც გაწმინდა, გულის რევა იგრძნო.. კარები მიხურა და მანქანას მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა.. ხელი ჯიბეზე მოისვა და უცებ დამშვიდდა. ქუჩის გადაღმა მაღაზია შენიშნა, ისევ მოუნდა დალევა საოცრად. ქუჩა გადაირბინა, მაღაზიაში არაყი იყიდა და მანქანაში დაბრუნდა. ეხლა უკვე შეეძლო წყნარად ეფიქრა. აქამდე თუ ვასო ფლობდა სიტუაციას ეხლა უპირატესობა ზურას მხარეზე იყო. მან ის მაინც იცოდა რომ ვასოს იარაღი ჰქონდა. მას კი ჩუმად, ისე რომ ის ვერაფერს იეჭვებდა,  შორიდან მოეკლა. თითქმის გადაწყვიტა კიდევაც.. – ფულიც მე დამრჩება.. – გაიფიქრა სიამოვნებით. რა ვქნა აქვე ხომ არ დავმალო სადმე ფული? დავმალო თუ არა? – სახეზე შეეტყო რომ გადაწყვეტილება მიიღო, მანქანა დაქოქა და ადგილიდან სწრაფად მოწყვიტა.

                                          *                            *                            *

– რატომ იგვიანებს? – ფიქრობდა ვასო. ვინ იცის მერამდენედ მობილურზე დაურეკა ზურას მაგრამ, ტელეფონი გათიშული იყო. – დათომ უკვე საათნახევარია რაც დარეკა. სად არის ის სირი აქამდე?  გუშინდელი ღამის შემდეგ ცოტა დამშვიდებული იყო, გაუხარდა იარაღი რომ ვერ იპოვნა. მაგრამ რა გარანტია ჰქონდა მაგით? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ გაქცეულიყო? – არა, შეუძლებელია! – უარყო თვითონვე – იცის მიწიდან რომ ამოვთხრი. მაგრამ სხვა რა ვიფიქრო? სად არის აბა აქამდე? 150.000 ცოტა ხომ არ არის? მარტო არ უნდა გამეშვა მაგის . . . –შეიგინა და გამწარებულმა გადააფურთხა – ამდენი ფულის გულისათვის არავინ დაიხევს უკან. – ისევ გულიანად შეიგინა და წინ და უკან მოჰყვა სიარულს. თან გაფაციცებული იქითკენ იყურებოდა საიდანაც ზურა უნდა მოსულიყო. – ერთი ნახევარი საათიც და ლოდინს აზრი აღარ ექნება.. ნეტავი ეგ სირი ხომ არ დაიჭირეს? – ჯიბიდან მობილური ამოიღო და უკვე მთელი გულით შეზიზღებული ნომერი აკრიფა.. არც მოელოდა ისე უცბად გავიდა. ვასომ ღრმად ამოისუნთქა და იქვე ხეს მიეყრდნო ზურგით. ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.
–ალო! გისმენ.. – მოესმა ყურმილში ზურას ხმა.
  –სად ხარ? – ბოღმა და სიბრაზე ერთად ახრჩობდა მაგრამ მაინც მშვიდად იკითხა. არ უნდოდა უდროოდ ეგრძნობინებინა რა ცეცხლიც ტრიალებდა მის გულში.
  – 5 წუთში მანდ ვარ. რაიყო? მოხდა რამე?
  –არაფერი, გელოდები. – ტელეფონი გათიშა და შუბლზე ხელი მოისვა. როგორც იქნა ცოტა დამშვიდდა. – ხომ ვთქვი ვერ გაბედავს მეთქი? – სიგარეტი ამოიღო და აკანკალებული ხელებით ძვლივს მოუკიდა.
  ცოტა ხანში მართლაც პარკის ბოლოდან მანქანის ხმა გაისმა და მალე გზაზე მისი ოპელი გამოჩნდა.
  – ფული რომ არ მოიტანოს? – გაუელვა თავში უკანასკნელად – არა, შანსი არაა. ეგრევე მივახვრიტავ – ჯიბეში პისტოლეტი მოსინჯა და გაჩერებული მანქანისაკენ წავიდა. ზურა უკვე გადმოსულიყო და მისკენ მოდიოდა ჩემოდნით. ვასომ ჩემოდანი ჩამოართვა და გამომცდელად შეხედა.
– სად ხარ აქამდე?
– აღარ შემეძლო და გზაში ცოტახანს მანქანიდან გადმოვედი. რა მოხდა?
– მობილური რატომ იყო გათიშული?
– რა ვიცი. – მხრები აიჩეჩა და თავით ჩემოდანზე ანიშნა – რა დროს ეგ არის? არ გახსნი? მე ხელიც არ მიხლია.
ვასომ ჩემოდანი მანქანის კაპოტზე შემოდო და საკეტები გახსნა. უცებ ზურას შარვალზე მკაფიოდ გამობერილი ჯიბე შენიშნა, ჩემოდანს ხელი გაუშვა და დაძაბული ხმით იკითხა:
– ბიჭო შარვალში რა გაქვს?
– რა, ეს? – ზურამ შარვლიდან პისტოლეტი ხელის კანკალით ამოიღო და დაანახა. – ამას ჰქონდა – თავით მანქანის სავარძლებს შორის ჩაჩხერილ გვამზე ანიშნა. ვასომ იარაღი თვითონაც ამოიღო, იქვე დაიდო და ჩემოდანი გახსნა... ჩემოდანი ცარიელი იყო...
– ფული მომპარა და ეხლა ჩემი მოკვლა უნდა ამ ძაღლისშვილს. – დაარტყა თავში. ზურასკენ თვალი გააპარა, ზურა აკანკალებული ხელებით ჩამკეტის გახსნას ცდილობდა. – შენი . . . – შეიგინა ჩუმად, ელვის უსწრაფესად თვითონაც დასწვდა იარაღს და სანამ შემოტრიალებას მოასწრებდა გასროლის ხმა ჩაესმა. იგრძნო როგორ შეუნგრია მკერდი რაღაცა ცხელმა... უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და სანამ დაეცემოდა ზურას მისამართით ორჯელ ისროლა...

                                    *                                  *                                *

... სანამ მთავარ გზატკეცილზე გავიდოდა, ზურამ ერთხელ კიდევ გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა. მანქანაში სისხლის და არყის სუნი იდგა და თავს ძვლივს იკავებდა რომ გული არ არეოდა. ოპელს გარშემო შემოუარა და როცა დარწმუნდა ჩაბურულ შუშებში გვამი არ ჩანდა, იქვე ხეს მიეყრდნო ზურგით. გულისრევის შეგრძნებას ვერაფრით ვერ იშორებდა. იქვე ქუჩაზე პატარა კაფე დაინახა და იქითკენ გაეშურა. ერთი ბოთლი არაყი და ცოტა მიწისთხილი მომეცით რა თუ შეიძლება. – სთხოვა მისკენ წამოსულ ოფიციანტს და ტუალეტისკენ წავიდა. ხელებზე სისხლის წინწკლები ჩამოიბანა, სახეზეც შეისხა რამოდენიმეჯერ წყალი და გულისრევამ როგორც იქნა გაუარა. გარეთ გამოვიდა, მაგიდას მიუჯდა და მობილური გათიშა. – ეხლა ვასო მინდა მე? იდგეს და მელოდოს.. მეტი მართლა აღარ შემიძლია. ცოტა თუ არ დავლიე, ცუდად გავხდები. – სკამზე კარგად მოიკალათა და ჩემოდანი გაახსენდა. – მაგის დედაც, სად წავა? მე იქ მიმსვლელი არ ვარ სანამ კარგად არ ჩავძღები.– მოტანილი არაყი ჭიქაში ჩაისხა და ეგრევე გადაკრა. ცოტა ხანში შედარებით დამშვიდდა. უკვე დალაგებით შეეძლო ეფიქრა. კარგა ხანს იჯდა და ფიქრობდა. ბოლოს როგორც იქნა დაალაგა აზრები. გადაწყვიტა ვასო ფულის გადაცემის მომენტში მოეკლა. – მერე ხომ შეიძლება თვითონვე მომკლას?..
  კიდევ იჯდა ცოტახანს. ცდილობდა ძალა მოეკრიბა. მაჯერად ბოთლი აღარ დაუცლია, ფული გადაიხადა და გარეთ გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მობილურიც ჩართო და გზაზე გასულიც არ იყო რომ ვასომაც დარეკა. ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ღილაკს დააწვა.
– ალო! გისმენ.. –
– . . .
– 5 წუთში მანდ ვარ. რაიყო? მოხდა რამე? – ისევ გათიშა, ტელეფონი იქვე სავარძელზე დააგდო და პისტოლეტი წინა ჯიბეში გადმოიტანა.
– რაო ნერვიულობ? – გაიფიქრა ვასოს მისამართით. უკვე კარგად მთვრალმა  ირონიულად ჩაიცინა და გაზის სატერფულს მთელი ძალით დააწვა.
  პარკში მალე მივიდა. მანქანა გააჩერა. გადმოვიდა, ჩემოდანიც გადმოიღო და მისკენ წამოსულ ვასოს მიაწოდა. ისე ნერვიულობდა თვითონ ჩემოდანის გახსნა არც მოფიქრებია. ვასოს რამოდენიმე კითხვას უაზროდ გასცა პასუხი და მანქანასთან დარჩა.
  – ბიჭო შარვალში რა გაქვს? – ჩაესმა უცებ ვასოს ხმა. – ფუ შენი... – შეიგინა გუნებაში, შემამჩნია.. – თუმცა სახეზე არაფერი შეუმჩნევია მაგრამ ხელები აშკარად უკანკალებდა.. ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და ვასოს დაანახა.
  – რა, ეს? . . . ამას ჰქონდა. – თავი მანქანისაკენ გადააქნია. შეამჩნია ვასომაც რომ ამოიღო იარაღი, ეხლა მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა.. უნდა დაესწრო მისთვის სროლა.. ვასომ ჩემოდნის გახსნა დაიწყო თუ არა თვითონაც აკანკალებული ხელით პისტოლეტს ჩამკეტი გაუხსნა, – ეხლა რომ არ მოვკლა თვითონ მომიღებს ბოლოს – გაუელვა თავში... ვასოს გულში დაუმიზნა და სასხლეტს გამოკრა... მისდა გასაოცრად ვასო არ დაცემულა, შემოტრიალდა და... მეტი არც არაფერი აღარ დაუნახია. პირველივე ტყვიამ შუბლი გაუხვრიტა და მანქანაზე მიაგდო.

                                    *                            *                                *

  . . . . . იმ დღეს დათომ ჩვეულებრივზე ადრე დაამთვარა სამსახური. ბანკის დირექტორის სახელზე განცხადება დატოვა. ჩემოდანი აიღო და პირდაპირ აეროპორტისაკენ წავიდა.. თავის პატარა ჩემოდანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა და 150.000 დოლარი ედო...



    ლაშა კანდელაკი. 2002 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები