 | ავტორი: მრ-001 ჟანრი: პროზა 17 ნოემბერი, 2008 |
ზურამ იმ დღესაც დააგვიანა.. არა, უპასუხისმგებლო ნამდვილად არ იყო მაგრამ.. –ცხოვრებაა ასეთი – უყვარდა თქმა. იმ დროს როცა მისი სამუშაო საათები იწყებოდა, მუზეუმში როგორც წესი აღარავინ იყო და გაუკვირდა კიბეებზე ორი მამაკაცი რომ შეეფეთა. კუთხეში მიმდგარიყვნენ და რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ. მის დანახვაზე კი ლაპარაკი შეწყვიტეს და გარეთ დაუმშვიდობე– ბლად გავიდნენ. ზურამ კარები დაკეტა და საყარაულო ოთახში ავიდა. დღის მორიგე გელა სავარძელში წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა. ხმაურზე გამოიხედა და რომ დაინახა შემოსული ვინ იყო მოიღუშა.. – სად ხარ ამდენი ხანი? – შეეკითხა არც თუ ისე კარგად დაფარული ბრაზით და ფეხზე წამოდგა. ამ უზარმაზარ, წვრილთვალება კაცს საშინლად აღიზიანაბდა ყოველი მისი დაგვიანება. ზურამ საპასუხოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, თავით სამორიგეოში დამონტაჟებულ ეკრანზე ანიშნა საიდანაც მუზეუმში შემოსულ დამთვარიელებლებს აკვირდებოდნენ ხოლმე და სცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა.. ეს ორნი კიბეებზე შენთან იყვნენ? ვინ ორნი? მე არავინ მინახავს. – ხო, მორიგე აშკარად გაბრაზებული იყო.. – და შეიძლება შენ არც გაინტერესებს მაგრამ მინდა შეგახსენო რომ ჩემი მორიგეობის დრო საათზე მეტია რაც დასრულდა. სად ხარ აქამდე? – იგი თითქმის სახეში ჩაჰყვიროდა. – თუ ასე ძალიან გაინტერესებს შენი მორიგეობის დროს აქ რა ხდება აქ უნდა იყო ხო? ამის შემდეგ იმედია გაითვალისწინებ და თუ დაგაინტერესებს დროულად მოხვალ ხოლმე გასაგებია?.. – ეტყობოდა რომ დიდხანს არ აპირებდა გაჩერებას, ამიტომ ზურა შებრუნდა და იქვე ფანჯარასთან მივიდა. მთელი თავისი ბრაზის მიუხედავად ამ უშველებელ, დევივით კაცს ვერაფერს ვერ დააკლებდა. დღის მორიგემ ცოტა ხანი ჩუმად უყურა, შემდეგ ზიზღით გადააფურთხა მისკენ და კარებში გავიდა. ზურა მანამდე იდგა გაშეშებული სანამ არ დარწმუნდა რომ ის უკვე მუზეუმს გასცდებოდა, შემდეგ გულიანად შეიგინა და სავარძელში ჩავარდა. ტელევიზორს შეხედა მაგრამ რომელიღაცა გასიებული პოლიტიკოსის დანახვამ კიდევ უფრო მოშხამა. – თუ ასე ძალიან გაინტერესებს აქ უნდა იყო – გამოაჯავრა მანჭვით.. – იდიოტი!.. – კარგა ხანს კიდევ ბუზღუნებდა.. ამ ტიპს ორგანულად ვერ იტანდა. ბოღმა ჰკლავდა და ალბათ კიდევ დიდხანს იბუზღუნებდა არყის ბოთლი რომ არ გახსენებოდა რომელის ასაღებადაც ამდენი ეხვეწა მაღაზიაში გამყიდველს. პატარა სათავსოდან დამალული არყის ჭიქა გამოაძვრინა, დაისხა და მაშინვე გადაკრა. სასმელმა შეახურა, რაღაცნაირი შვებაც იგრძნო.. კიდევ დაისხა, ჭიქას გახედა – ამ ჭიქით ყველა ნამდვილ კაცს გაუმარჯოსო ჩაილაპარაკა, დალია და ისევ დაისხა.. ბოთლი ნახევრამდე რომ ჩაიყვანა უკვე აღარაფერი ადარდებდა.. ტელევიზორს უაზროდ მიშტერებოდა და თვალებმოჭუტული ფიქრობდა როგორი დიდი სიამოვნებით მოუგრეხდა კისერს გელას, საშუალება რომ ჰქონოდა. უკვე დამშვიდებულმა ტელევიზორს თვალი მოწყვიტა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და სახე გრილ ნიავს შეუშვირა. გარეთ საკმაოდ ჩამობნელებულიყო და ქუჩებში აღარავინ დადიოდა. – ნეტავ რომელი საათია? – გაიფიქრა, იქვე კედელზე ჩამოკიდებულ საათს ახედა და შეკრთა.. ალბათ დიდი ხნის გადაუწმენდავი და დამტვერილი საათი 1:30–ს უჩვენებდა. – კარებები არც კი დამიკეტია.. – გაიფიქრა მოღუშულმა. სამეთვალყურეო ეკრანთან ჩამოკიდებულ დიდ ფანარს დასწვდა და კიბეებზე დაეშვა. ნახევარი საათი მაინც დასჭირდა სანამ ყველაფერი შეამოწმა და საყარაულო ოთახში დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.. ფარანი თავის ადგილზე დაკიდა, ისევ სავარძელში ჩაჯდა, ტელევიზორს მიაშტერდა და სასმელი უკვე პირდაპირ ბითლიდან მოსვა. მალე მკვდარივით ჩაეძინა.. გამთენიისას რაღაცამ გამოაფხიზლა.. თავი საშინლად ტკიოდა. წამოწევა სცადა მაგრამ ვერც კი გაინძრა. ვიღაცას სავარძელიდან იატაკზე ჩამოეგდო, მაგრად გაეკოჭა და პირზეც რაღაცა ჰქონდა აკრული. ზურამ თვალები დახუჭა და ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა. გახსენებით ვერაფერი გაიხსენა მაგრამ საკმაოდ შეშინდა.. მიხვდა რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს უქადდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა – არ უნდოდა აქ მოეკლათ. – ნეტავ როგორ შემომეპარნენ? – ფიქრობდა გამწარებული – კარგად მახსოვს კარებები შევამოწმე.. ნუთუ ისე შემოამტვრიეს რომ ვერავინ გაიგონა? იქნებ გასაღები ჰქონდათ? კი მაგრამ აქ ხომ შიგნიდან სიგნალიზაცია აყენია.. – ზურას ვეღარაფერი გაეგო. ბოლოს შეეცადა დაწყნარებულიყო და მტკიცედ გადაწყვიტა არაფერზე წინააღმდეგობა არ გაეწია.. მუზეუმში სრული სიჩუმე გამეფებულიყო.. – ალბათ საცავში არიან – გაიფიქრა ზურამ – დაახლოებით ნახევარი საათი მაინც იქნებოდა რაც გამოფხიზლდა და მას შემდეგ პატარა ხმაურიც კი არ გაუგია. ქვის იატაკის სიცივე უკვე ტანში ჰქონდა შემჯდარი და შემცივნებულივით აცახცახებდა მაგრამ განძრევას მაინც ვერ ბედავდა, არ უნდოდა შეემჩნიათ რომ გონზე მოვიდა. ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მისი ტანჯვა უცბად ერთი აზრი რომ არ მოსვლოდა თავში.. – იქნებ უკვე გააკეთეს თავიანთი საქმე და წავიდნენ? – ამ ფიქრს თავიდან ვეღარ იშორებდა. კიდევ დიდხანს ეშინოდა განძრეულიყო და სიჩუმეს აყურადებდა მაგრამ როცა სიცივე უკვე აუტანელი გახდა, წამოიწია და წვალებით წამოჯდა. გაინაბა და ისევ მიაყურადა. ხმა არსაიდან ისმოდა. ხელები დაძაბა და შეეცადა დაჭიმული თოკები მოეშვა მაგრამ ისინი საიმედოდ აღმოჩნდა შეკრული. ფეხზე წამოდგომა დააპირა მაგრამ არც ეს გამოუვიდა, შეკრული ფეხებით წონასწორობას ვერ დაიცავდა. ისევ დაჯდა და დაფიქრდა. შემდეგ თითქოს რაღაცა გაახსენდაო იატაკზე დაწვა და შეეცადა კედელში ჩამაგრებულ პატარა სათავსოსკენ რაც შეიძლებოდა უხმაუროდ გაცოცებულიყო. სათავსოსთან კედელს ზურგით მიეყრდნო და ამჯერად აღარ გასჭირვებია წამოდგომა. ნიკაპით სათავსოს კარები გამოაღო და შვებით ამოისუნთქა. პატარა დანა რომელსაც ის ეძებდა, მისდა სასიხარულოდ საკმაოდ მოხერხებულად იდო თაროზე. დანა ნიკაპით დაბლა ჩამოაგდო, იატაკზე ჩაცურდა და დიდი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა ხელები გაინთავისუფლა. ცოტა ხანში უკვე თავისუფალად იდგა ფეხზე და დაბუჟებულ სახსრებს ისრესდა.. პირველ რიგში რაცია დაძებნა მაგრამ ის არსად ჩანდა. კარებთან მივიდა და ისევ მიაყურადა.. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ გარედან შემოდიოდა ახლად გაღვიძებული ქალაქის ხმაური. კიბეებს ფეხაკრეფით ჩაუყვა და საცავისკენ გაეშურა. ის როგორც ელოდა ღია აღმოჩნდა. შიგნით ფრთხილად შევიდა და ცდილობდა არაფერს გამოსდებოდა. უცებ გაშეშდა.. საცავის სიღრმეში ლაპარაკი ისმოდა!.. ისინი მისკენ მოდიოდნენ. ინსტიქტურად, ისე რომ ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა, იქვე ყუთებში ჩაიმალა და სუნთქვაც კი შეწყვიტა. ისინი უკვე ახლოს იყვნენ, მათ ლაპარაკსაც კი არჩევდა. – იმას რა ვუყოთ? – იკითხა ერთერთმა ბოხი ხმით – რა უნდა ვუყოთ? – გამოეპასუხა მეორე ხმა. იმდენი ასუნთქე ის წამალი ალბათ კიდევ რამდენიმე დღე არ გაიღვიძებს. დაანებე თავი რა.. ჩვენი საქმე გავაკეთეთ და მოვრჩეთ. აღარ გვინდა ზედმეტი დროის ტყუილად ხარჯვა. არც კი დავუნახივართ, რა განერვიულებს არ მესმის. – მართალი ხარ. არ ღირს დროის დაკარგვა. ალბათ ორნი არიან გაიფიქრა ზურამ.. მალე ჩაუარეს კიდევაც და თავისი სამალავიდან დაინახა საკმაოდ კარგად გაარჩია ორივე. ორივე სადად ჩაცმულები და წვერებში იყვნენ. ერთერთი – ალბათ ბოხი ხმის პატრონი, დაბალი და მელოტი იყო. მეორეს კი მხოლოდ ის გაარჩია რომ გამხდარი და სუსტი აგებულება ჰქონდა. მძარცველებმა ჩაუარეს და კარებში გავიდნენ. – მოიცადე – მოესმა უცებ გამხდარის ხმა ზურას და ისინი კარებთან შედგნენ. – შენ ისევ იმ ბანძ სასტუმროში ხარ? – ხო, იქ ვარ – უპასუხა ბოხხმიანმა ნერვიულად – იქ უკეთესად ვიმალები. რა გეტაკა? – სამ დღეში გამოგივლი და ყველაფერი შევფუთოთ როგორც საჭიროა. იმასაც თავისი წილი უნდა მივცეთ. მანამდე საქმეები მაქვს. რა სახელით ხარ? დამავიწყდა. – შალვა იკითხე რუსთავიდან და შემოგიშვებენ. რამ დაგავიწყა? იმედი მაქვს სასტუმრო მაინც გახსოვს არა? – ბოხხმიანს აშკარად დაეტყო გაღიზიანება. რა შეკითხვები აგიტყდა დროზე დავახვიოთ აქედან.. მძარცველები სწრაფად მოშორდნენ კარებს და მალე ზურას ყურამდე კარების ხმამ მოაღწია. ისინი უკვე წასულები იყნენ.. საფრთხემ ჩაიარა. ეხლა ზურას თავის თავზე უნდა ეფიქრა. ყუთებიდან გამოძვრა და საყარაულო ოთახში აირბინა. არყის ბოთლი იქ არ დახვედრია. საყარაულოში მისი ძებნის შემდეგ საცავში ჩაირბინა. ყველაფერი გადააქოთა მაგრამ ბოთლი თითქოს გაქრა.. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, მალე ხალხი მოვიდოდა. ზურამ ერთხელ კიდევ მოავლო თვალი იატაკს და კარებისკენ წავიდა. მალე მთელი მუზეუმი ყირაზე იდგა. პოლიციელები ყველაფერს გულდასმით ჩხრეკდნენ.. . . . ზურა ორი დღე აყურყუტეს პოლიციაში.. საქმეს სერიოზულად ართულებდა მისი არყის ბოთლი რომელიც საცავში იპოვნეს მძარცველებისა და მისი თითის ანაბეჭდებით და ის ფაქტი რომ ნასვამი მორიგეობდა. უკვე აღარც სჯეროდა რომ აქედან გამოუშვებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ერთმა ახალგაზრდა გამომძიებელმა სასტიკად დაიმუქრა ციხეში ამოგალპობო.. თუმცა ამის მიუხედავად იმაზე რაც მძარცველებისგან გაიგონა სიტყვა არ დასცდენია. ორი დღის შემდეგ გამოუშვეს. როგორც ადვოკატმა უთხრა – სამხილების არარსებობის გამო. თუმცა ამის მიუხედავად მას ქალაქიდან გასვლა სასტიკად ეკრძალებოდა და პირველივე გამოძახებისთანავე უნდა მისულიყო გამომძიებელთან. სახლში მისული მაშინვე კარადას ეცა და იქიდან ჩხრეკას გადარჩენილი არყის ბოთლი გამოაძვრინა. მართალია შიგ სასმელი ბევრი არ იდგა მაგრამ დალევის შემდეგ შედარებით დამშვიდდა. ჩხრეკისაგან მინგრეულ–მონგრეულ სახლში თავისი საყვარელი სავარძელი გაანთავისუფლა და შიგ ჩაჯდა. – მთელი ეს ორი დღე მხოლოდ ერთი აზრი აწვალებდა. – როგორ გამოეყენებინა სათავისოდ ის რაც იცოდა მძარცველების შესახებ. პოლიციაში ფიქრობდა ვინმესთვის ეთხოვა დახმარება მაგრამ სახლში ეს აზრი აღარ მოეწონა.. წარმოიდგინა რამდენი გაიგებდა ამის შესახებ, რამდენი მოინდომებდა წილს ამ საქმიდან და საბოლოოდ უარყო ვინმეს დახმარების იდეა. გადაწყვიტა მარტოს ემოქმედა. თითქმის მთელი ღამე ადგენდა გეგმებს, როგორ წაართმევდა ნაძარცვს ბანდიტებს. მხოლოდ გამთენიისას ჩაიძინა როგორ იქნა. დილით გვიან გაეღვიძა. უკვე პირველი ხდებოდა. უნდა ეჩქარა, თუ უნდოდა რომ მოესწრო მთლიან ქალაქში ერთი პატარა სასტუმროს ნახვა. პირველ რიგში მაღაზიაში ჩავიდა და არაყი ამოიტანა. ამჯერად ხვეწნა აღარ დასჭირვებია. გამყიდველი რატომღაც შიშით უყურებდა. ყველამ იცოდა რომ მისი სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. ამან საკუთარი თავის რწმენა შემატა. ისევ სახლში ავიდა, მცირედ წაიხემსა და თან ტელეფონით იმ სასტუმროების სია დაადგინა რომლებშიც დაახლოებით მაინც ეჭვობდა რომ ისინი იქნებოდნენ ვისაც თვითონ ეძებდა. სასმლისგან ამჯერად თავი შეიკავა და მხოლოდ იმდენი დალია რომ თავი კარგად ეგრძნო. ბოთლი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, სახელოში კი მის სამზარეულოში ყველაზე დიდი და მჭრელი დანა გაირჭო და სახლიდან გამოვიდა. თითქმის დაღამებამდე ეძებდა იმ სასტუმროს რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ მაგრამ ვერსად მიაგნო ვერავის ვისაც „რუსთაველი შალვა“ ეცოდინებოდა. ბოლოს ერთ–ერთ სასტუმროში როგორც იქნა ბედმა გაუღიმა. შალვა როგორც კი ახსენა ახალგაზრდა ადმინისტრატორმა ჯერ აქეთ–იქით ყურადღებით მიმოიხედა და შემდეგ ზურას ძვლისგასაგონად ჩასჩურჩულა 104 ნომერიო. ზურას ბოთლი უკვე გამოეცალა და ადმინისტრატორის შეშინებულ სახეს რომ შეხედა, გუნებაში ირონიულად ჩაიცინა. უშნოდ და პრიმიტიულად მორთულ ჰოლში გზა გაიკვლია და მტვრიან კიბეებს ზევით აუყვა. * * * ახალგაზრდა, 27 წლის გამომძიებელმა დათომ, ზურას დაკითხვისას თავიდანვე იეჭვა რომ ის რაღაცას მალავდა. რა აღარ სცადა, როგორ არ მიუდგა მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ის ერთი და იგივეს იმეორებდა და თავს უდანაშაულოდ თვლიდა. ორი დღის შემდეგ, როცა მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა ზურა გაუშვეს, ერთადერთი რაც მან მიაღწია ეს იყო უფლება ეთვალთვალა ეჭვმიტანილისთვის. მთელი ღამე არ მოშორებია ზურას სახლს. დარწმუნებული იყო რაღაცა ხელმოსაჭიდს ნახავდა მაგრამ იმედი გაუცრუვდა. სახლიდან არავინ არც გამოსულა და არც მასთან არავინ მისულა. დილით თავის მაგივრად ერთ–ერთი ახალბედა გამომძიებელი დატოვა სათვალთვალოდ და სახლში წავიდა. თუმცა დასვენება არ ეწერა, მალევე დაურეკეს რომ ზურა სახლიდან გამოდიოდა. ამის შემდეგ აგერ უკვე მთელი ქალაქის გავლით ზურას კუდში დასდევდა და მის ქცევას აკვირდებოდა. დიდი მკითხაობა აღარ სჭირდებოდა იმისთვის რომ მიმხვდარიყო, სწორ გზაზე იდგა. ზურა აშკარად საეჭვოდ იქცეოდა, ეტყობოდა რომ ვიღაცას ეძებდა. ისე მოსაღამოვდა რომ არც მას და არც ზურას პირში ლუკმა არ ჩაუდიათ, ზურა მთელი დღე მხოლოდ არაყს ისხავდა პირში. ტაქსით თუ ავტობუსით დადიოდნენ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში და რაღაცას ეძებდნენ. ბოლოს ქალაქის ერთ–ერთ განაპირა უბანში, ერთ სასტუმროს მიადგნენ. უშველებელ კორპუსებთან შედარებით, რომლებიც მის გარშემო იდგა, ეს სამ სართულიანი, პატარა შენობა ძალიან მყუდროდ გამოიყურებოდა. თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან მოუვლელი და შეიძლება ძველიც კი იყო. დათო იქვე კედელს მიეყუდა და შეეცადა ყურადრება არ მიექცია.. ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ზურა მაგრამ მან სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით აქ საკმაოდ შეიგვიანა.. – იპოვნა ვისაც ეძებდა. – გაუელვა თავში და ტელეფონი ამოიღო.. თავის უფროსთან ხანმოკლე ლაპარაკის შემდეგ გადაწყვიტეს ჯერ არ ჩარეულიყვნენ მაგრამ თუ რაიმეს შეამჩნევდნენ მაშინვე დაეკავებინათ. როგორც იქნა დამხმარეებიც გამოუგზავნეს. თუმცა მხოლოდ მათ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ იგრძნო როგორ დაღლილიყო.. მთელი სხეული ტეხდა..
* * * ზურას ოთახის პოვნა არ გასჭირვებია.. ერთი წუთით შეჩერდა, თავს იმაგრებდა. შემდეგ ძალა მოიკრიბა და კარებზე დააკაკუნა. – ეხლავე – მოესმა შიგნიდან ხმა და ყოველგვარი ეჭვი გაუქრა. ის იყო, ბოხი ხმა რომ ჰქონდა. მცირე ლოდინის შემდეგ კარები შედარებით ახალგაზრდა, მაღალმა მამაკაცმა გაუღო, რომელიც ისე გაიჩხირა კარებში რომ შიგნით ვერაფერს დაინახავდი. ზურას ბევრი აღარ უფიქრია, წინასწარ გამზადებული დანა კისერზე მიადო, ოთახისკენ უბიძგა და კარები მიკეტა. – ჩუმად იყავი თორემ აქვე ანდერძს აგიგებო ჩასჩურჩულა და ოთახი მოათვალიერა. პირველი რაც თვალში მოხვდა ოთახის ცენტრში დალაგებული ნაქურდალი იყო. იქვე ორი გახსნილი შავი ჩემოდანი იდგა. ჩანდა მძარცველებს ჯერ არ დაემთავრებინათ თავიანთი საქმე. მეორე, მელოტი მამაკაცი იქვე იდგა და ამ სცენას გაკვირვებული უყურებდა. თუმცა გაკვირვება მალე სიბრაზემ შეცვალა და ხელი შარვლის ჯიბისკენ წაიღო. – არ გაინძრე! – შესძახა ზურამ და მეტი დამაჯერებლობისათვის მაღალს კიდევ უფრო მიაჭირა დანა კისერზე.. – გადმოაგდე ჩემსკენ ეგ იარაღი და კედელთან მიდი. – თავით ანიშნა სად დაეგდო პისტოლეტი, თავის მძევალს წინ უბიძგა და ფეხით შავი რევოლვერი კარებისაკენ მოისროლა. – რა გინდა შენი.. – ამოიღო ხმა როგორც იქნა აზრზე მოსულმა ახალგაზრდამაც. – ვინ ხარ? სად მოდიხარ? იცი საერთოდ რას აკეთებ? ცოცხლად გაგატყავებენ იცოდე. მიწიდან ამოგთხრით.. – ჩუმად! – მბძანებლური ტონით გააჩერა დაბალმა და ეხლა ის ალაპარაკდა – გიცანი ვინც ხარ. იმ ნაბიჭვარის ძმაკაცი ხარ ხომ? რა იყო გეცოტავათ თქვენი დედა ვატირე? ჩამოიღე ეგ დანა და ვილაპარაკოთ კაცურად. იცოდე ეგ დანა ვერაფერს გიშველის, ვერც შენ და ვერც იმას. კბილებით დაგგლეჯ გამიგე? – ორივენი წვერების გარეშე იყვნენ და ამჯერად იცნო ზურამ გუშინდელი ორი დაგვიანებული სტუმარი მუზეუმიდან. თუმცა ვერ მიხვდა რაზე ლაპარაკობდნენ მაგრამ გიცანიო რომ უთხრეს დაიბნა.. რატომღაც ამას არ ელოდა. დაბალი კი ეტყობა სწორედ ამას ელოდა და მაღალს თვალით ანიშნა მიდიო.. შემდეგ ყველაფერი უცბად მოხდა.. მაღალმა ზურას ხელი აუკრა და გვერძე გადახტა, ის იყო შემოტრიალდა და დარტყმას აპირებდა რომ მის მიერ ინსტიქტურად მოქნეული დანა პირდაპირ გულში მოხვდა. ახალგაზრდამ დაიკვნესა და ხელები გულზე მიიდო. თავისი ნამოქმედარით შეძრწუნებული ზურა კი უკან გახტა და ერთი წამით ორივე, ისიც და დაბალიც გაშეშებულები უყურებდნენ როგორ ჩაიკეცა და ძირს უსულოდ დაენარცხა გულში დანაგაყრილი მძარცველი. გონს პირველი დაბალი მოვიდა და ზურასაკენ არაადამიანური ღრიალით გამოექანა. ალბათ იქვე გააფრთხობინებდა სულს ძირს დაგდებულ ჩემოდანს რომ არ წამოსდებოდა და არ დაცემულიყო. შეშინებული ზურა უკვე ვეღარ აზროვნებდა.. კარებისაკენ დაიხია და იატაკზე ჩაიკეცა. ალბათ ვერც კი შეამჩნევდა იქვე დაგდებულ რევოლვერს, ზედ რომ არ დასცემოდა. დამცავი ჩაწია და დაბალს რომელიც მისკენ მძიმე შანდლით ხელში მოექანებოდა, ბოლო წამს ესროლა. მსხვერპლი ლამის თავზე დაეცა და მაშინვე გაშეშდა. კარგა ხანს იყო ასე სანამ ცოტა აზრზე მოვიდოდა და მკვდარს გვერძე გადააგდებდა. აკანკალებულ ხელში რევოლვერი ჩაებღუჯა და აქეთ–იქით შეშლილივით იყურებოდა. პირველი რაც თავში მოუვიდა აქედან წასვლა იყო. ჩემოდნებს ეცა და ჩალაგება დაუწყო. თუმცა საქმიანობა მალევე შეაწყვეტინა კარებზე ბრახუნმა. კარებს შეშინებული მიაჩერდა და შეეცადა რაც შეიძლებოდა დამშვიდებული ხმით ეპასუხა.. – ვინ არის?. . . . .
. . . ზურას პოლიციისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და სასამართლოზეც აღიარა მაგრამ დათო მაინც ვერ ისვენებდა. საქმე ის იყო რომ ნაძარცვში რამოდენიმე სურათი აკლდა. სად არ ეძებეს, გადაატრიალეს მთლიანი სასტუმრო და ზურას სახლი ხელმეორედ მაგრამ ვერსად, ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. თითქოს ზურას მონაყოლიც სიმართლე ჩანდა.. და თუ ეს ასე იყო მაშინ ერთადერთი პასუხი ჰქონდა ამ ყველაფერს. უბრალოდ, ისინი ვიღაცას მალევე მიჰყიდეს. გავიდა ხანი და ეს ამბავი ყველამ დაივიწყა.. ყველამ მუზეუმის მცველი გელას გარდა... ის, ეხლა უკვე ამერიკელი მოქალაქე და ერთ–ერთ ქალაქში პატარა ბარის მფლობელი იყო. ბოლო დროს სასმელს მიეჩვია და ხანდახან მთვრალს ტრაბახი უყვარდა..
სატრაბახო კი ბევრი ჰქონდა ერთ დროს მძარცველების მეკავშირეს...
ლაშა კანდელაკი 2000 წ. შესწორებულია 2008 წელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არც თუ საინტერესო ფინალი
3 ქულა მხოლოდ არც თუ საინტერესო ფინალი
3 ქულა მხოლოდ
7. უი ამრევია მე მეორე წავიკითხე წუხელ შენი მოკლედ წინა კომენტარი იმას ეკუთვნის :) უი ამრევია მე მეორე წავიკითხე წუხელ შენი მოკლედ წინა კომენტარი იმას ეკუთვნის :)
6. წუხელ წავიკითხე, საინტერესოა, არაბანალური და ჩამთრევი. ვფიქრობ მართლა სჭირდება წახალისება 10 და წარმატებები ხო ბოლოში ერთი და იგივე სცენის ორი სხვადასხვა კუთხიდან აღწერაც მომეწონა წუხელ წავიკითხე, საინტერესოა, არაბანალური და ჩამთრევი. ვფიქრობ მართლა სჭირდება წახალისება 10 და წარმატებები ხო ბოლოში ერთი და იგივე სცენის ორი სხვადასხვა კუთხიდან აღწერაც მომეწონა
5. დიდი მადლობა ყველას :) ეხლა რაღაც ფანტასტიკას ვწერ და ძალიან წამეხმარეთ :) მიყვარს მსგავსი მოულოდნელი ფინალის სიუჯეტები. ვეცდები ახლო მომავალში კიდევ დავწერო რაიმე :) დიდი მადლობა ყველას :) ეხლა რაღაც ფანტასტიკას ვწერ და ძალიან წამეხმარეთ :) მიყვარს მსგავსი მოულოდნელი ფინალის სიუჯეტები. ვეცდები ახლო მომავალში კიდევ დავწერო რაიმე :)
4. მართლაც კარგია... მართლაც კარგია...
3. ლიტგეზე იდო :)
სამამულო დეტექტივი ძალიან აკლია მკითხველს.აშკარად წახალისება სჭირდება ავტორს ამ მხრივ :) ლიტგეზე იდო :)
სამამულო დეტექტივი ძალიან აკლია მკითხველს.აშკარად წახალისება სჭირდება ავტორს ამ მხრივ :)
2. ყოჩაღ, ლაშა! 8 ყოჩაღ, ლაშა! 8
1. :) არავის არ შერჩება 5 :) არავის არ შერჩება 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|