ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


პატარა გაზაფხული

ჩემი მეგობარი ორსულია,
გუშინ ვესტუმრე.
იმხელაა რომ  ორ სულს იტევს.
მარტო იყო,
მითხრა- იმდენს ვსაუბრობთ
პატარამ ენა ამოიდგაო.
ერთი ოთახი აქვს.
ჩაღამებულ კედლებს
მწვანე საღებავი აჩნდა ალაგ-ალაგ
მე ვიცი, იგი არ არის კარგად.
მაგრამ ბედნიერია...
სახლში ზამთარია და ყვავილებს კედლებში სძინავთ
ობობა ოთახის კუთხეში
ქსოვს აბლაბუდის თბილ ქვეშაგებს .
მუცელზე ვეფერები- პატარა დედამიწას გაქვს.
ჩემი მეგობარი ორსულია,
ორი სული აქვს...
წამლები გაუთავდა და ახლა ტკივილებს ერთად იტანენ.
ზამთარია, ზამთარია...
პატარას მამა ჰყავს... მამა წასულია.
ჭაღარა ობობა საქსოვს უზის და
პატარა გაზაფხულს საბანს უქსოვს
პატარა გაზაფხული ისეთი სუსტია
მაგრამ ცოცხალია და ათბობს
დედას და ხრიოკ ოთახს...

თამო ფურცელაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები