ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2013


თოვა

გარეთ თოვლია, თოვლია, ქარი,
ცას ასდის თეთრი ფერის ალმური.
მიდგება თვალწინ ნაბოდვარივით
შენი სიზმრები და სიყვარული.

ზეცა ეკიდა ყრუ გარინდებით,
თოვლი კი ისევ გაზაფხულს ქსოვდა...
მწუხარე სახის რაინდებივით
იდგა სოფელში თვრამეტი ოდა.

ქარია გარეთ და მიწის დაღლა,
სიცივე ძვალში სირბილეს ხეთქავს.
თოვლში ისე მსურს გავიდე ახლა,
უზომო შური ამენთო ხეთა...

ვფიქრობდი შენზე, ვფიქრობდი იმდენს
თოვლი დამედო ფიქრიან სულზე.
და ალბათ მივხვდი უფალო, იმ დღეს
რომ ამ სიცოცხლეს ჩვენ რწმენით ვუძლებთ...

მწამდა, დილამდე სულ დიდს მოთოვდა,
მწამდა, გათბობდა სიტყვები ჩემი...
და ისევ იდგა მწუხარედ ოდა,
მე კი მოვდივარ შენთან და ვრჩები.

ანუ ვარ თოვლი
არ მაქვს აპრილი,
ანუ ვარ თოვლი და არ ვიდარებ...
ზეცას არა აქვს ახლა ნაპირი,
თვით საზღვრები თოვს ახლა ციდანვე...

და მიყვარს შენი თეთრი ანთება,
რომ შემომაფრქვევს ამ ზამთრის სურნელს
და ალბათ ფიფქი დატრიალდება,
და შემიბერავს სულს დამწვარ სულზე...

თოვს.. აირია ცაში ღრუბელი,
თოვს ვარსკვლავების თეთრი ლირიკა...
დგახარ და ისე მესაუბრები,
უბრალოდ მინდა, გულზე მიგიკრა,

უბრალოდ მინდა, მინდა ითოვოს,
არ გადაიღოს კიდევ სამი დღე...
მერე კი მოვა ყვითლად ხვითო და
თოვლის დადნობას მოასამძიმრებს.

და ზედმეტია დღეს ყველა ცრემლი,
ცა იმდენს ტირის. გათოვლდა ელდა,
და თოვლის თეთრი მთებივით ვრცელი
ჩვენ, ამ განთიადს პირველი ვხედავთ...

დღეს თოვლი დახრის დაფნის ნედლ რტოებს,
ჩვენი მოხრაც ხომ ჩვევია დარდებს...
მერე კი როგორც ანი და ჰოე,
მზე მოვა, ისევ გამოიდარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები