ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2014


თუ დამიჯერებ

/„ჩვენ შეიძლება დავანებოთ თავი სიგარეტს,
ლექსების წერას აწი ვეღარ გადავეჩვევით!..“/

                                                გიო ზედვაკელი

დღეს სადღაც უშნო, უპრინციპო ზამთართან ვწევარ,
ხელის ჩაქნევით გულიანად ფიქრებს ვიქარვებ...
თუ დამიჯერებ, მივეჩვიე ლექსების წერას,
თუ დამიჯერებ, დავანებე თავი სიგარეტს!..

მზე არ ჩანს, ზამთარს განზრახვა აქვს ცივი და ფლიდი,
გამვლელი ოდნავ მთვრალია და თამბაქოს სუნთქავს..
ჩემი ლექსები ზოგჯერ არის უფრო თაფლივით,
შენი ღიმილი სულ მაგონებს მაისის ფუტკარს,

ბავშვობაში რომ ვიჭერდი და ვირჩენდი ნაკბენს,
მერე კი ასე სულელივით ვეძებდი ფიჭას...
ზამთარს თოვლს ნატვრად გადავუქცევ..
ვიცოცხლოთ აქვე,
ვიცოცხლოთ ერთად,
მომავლიდან ღიმილი გიჩანს...

სიცოცხლე ძილით ელოდება შავ-თეთრ განთიადს
და უშენობა უხვად მაძლევს სიცივის ხურდას...
ცას გამოხედე - ღრუბლის უკან ის დღე ანთია,
მთელი ეს წლები გულს რომ მართმევს,
სულს რომ მიხუთავს...

ახალს მთხოვ? ცოტაც მოიცადე...
ჯერ კიდევ ვერას
გახარებ, გამცნობ, ვერ გაგიზრდი სულის სიგანეს...
და დამიჯერებ? მივეჩვიე ლექსების წერას,
და დამიჯერებ, დავანებე თავი სიგარეტს..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები