ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


იცანთ ნათელი !

დამთვრალ არსებას გაუგდია კარში გონება
სიტყვა რომაა,გადარეულს ისიც ვერ მითქვამს,
ცხოვრება მექცა დიდ არენად უგულო ბრძოლის
თვალსისხლიანი მხეცი მოსჩანს გისოსებს მიღმა.

მასხარა კიდევ მოკალათდა მეფის ადგილზე
და თავაწეულს თავი დიდი მეფე ჰგონია...
რა თავში ვიხლი ან ოქროს ტახტს ან კიდევ გვირგვინს,
ქვეყანას ბევრი უგვირგვინო მეფე ჰყოლია.

მხეცი გამორბის და მის ნაცვლად რომ წამში მომკლას,
ჩემს ირგვლივ დახტის რაღაც თამაშს მეთამაშება,
თითქოს ერთობა შეშინებულ არსების ცქერით,
ის ძლიერია და ეს დიდად ეამაყება.

და მე ამ მხეცის ტაქტიკაში შევიცან ბედი,
თავაწყვეტილი, ცინიკოსი, უგულო ბედი...
-აჰა,მიხვდიო? -გამიღიმა და ერთი დარტყმით
ყველა იმედი დაუნდობლად გასრისა ჩემში...

ხალხმა იხუვლა და ველურმა აღფრთოვანებამ
დაიგუგუნა მოედანი შეაზანზარა...
მერე ოცნებებს მიუბრუნდა გამოსჭრა ყელი,
ისე სწრაფად, რომ ამოსუნთქვაც აღარ მაცალა.

ხალხი ერთობა ჩემი ცქერით- როგორ ვღაფავ სულ,
მე კი დაღლილი ველოდები მორიგ შეტევას...
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, აქოჩრილ მტვერში
ვიღაცის სახე ისახება ნათლად ნელ-ნელა.

- მეფე მოვიდა,ნამდვილი მეფე! - დაიჩურჩულეს
და ნათელისკენ გაიხედეს შეცბუნებულთა,
ყველას სახეზე შიშის ლანდი გამოსახვია,
მასხარამ უკან დაიხია შეწუხებულმა.

- რა სისასტიკე გაგიმართავთ, ერთობით ამით,
ნუთუ არსების ცოცხლად მოკვლა თამაშს გავს რითმე?! -
განრისხებულმა მეფემ თვალი შემოატარა-
- რატომ გაჩუმდით? პასუხი მინდა,გამეცით ვინმემ !

გაფითრებული თვითმარქვია მიწას განერთხო,-
-მეფევ, უფალო, უჭკუობა შემინდოთ იქნებ!

გადატიტვლებულ მიწას ბუღი დასტრიალებდა,
მზის სხივებს თითქოს წაეკიდა ზედ ცეცხლის ალი,
მეფის გვირგვინქვეშ გადაპენტილ თოვლივით თეთრ თმას,
რაღაც ღვთიურად აღელვებდა გიჟმაჟი ქარი...

-ხალხი კი არა, გამოდიხართ თქვენ ცხვრები უმწყსო,
ოდითგან ვეღარ გაგიგიათ ცუდი თუ კარგი,
საკუთარს ტვინსაც არ იყენებთ, არ ფიქრობთ თავით,
თქვენს საკეთებელ საქმეს უცქერთ ვიღაცის თვალით .

-საკმარისია ერთი ვაცი გამოჩნდეს თქვენში,
წამსვე სუყველა თან გაჰყვებით ბაკუნის მარშით,
აღარ გაწუხებთ, არ დაეძებთ არის კი გზა წინ,
იქნება ამ თხამ გადაგჩეხოთ ჯოჯოხეთ ხრამში !

მეფის მაღალ ტემბრს სადღაც ბოლოს გაუჩნდა ბზარი,
აცახცახებულ, გამხდარ ხელებს წაერთვა ძალა,
მზესავით წმინდა, ნათელ სახეს დაეტყო  ჭმუნვა,
თვალთაგან ცრემლი გადმოსცვივდა ალმასის დარად.

- აგირჩევიათ ეს საწყალი ბედისთვის მსხვერპლად,
როგორც ნერონი კმაყოფილი გაჰყურებთ სეირს.
მშიერი მხეცი ჯერ მის წინ მდგარს მოუღებს ბოლოს,
მერე საკბილოს ასარჩევად გადავა თქვენში ! . .

სიჩუმე თითქოს კიდევ უფრო გაჩუმდა ხალხში,
გონება თეთრად გაანათა მართალმა სიტყვამ,
შთთაგონებულთა იხუვლეს და მოაწყდნენ მეფეს,
თეთრი მტრედები ზეთისხილით გამოჩნდნენ ციდან.

და უფლის სახე გაცისკროვნდა კამკამა შუქით,
ხალხს თავზე უხვად დააფერთხა სიკეთის კალთა,
დასჯილი ბედი ჩააბარა სუყველას ხელში
და თითოეულს დაავალა საკუთრივ მართვა.

2012 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები