ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე-17
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


ღამის ლექსი

მიმზიდველია ეს სამყარო, თითქოს უნაკლოც,
ისე მოგხიბლავს გარეგანი მისი ფაქტურა,
ხალხი ნიღბებით ემსგავსება უფრთო ანგელოზს,
დედამიწა კი ღვთის სამოთხის კარიკატურას.

თქვენი სახელი - ლეგიონი, ჩემი - კენგურუ,
მე ფეხს ვარიდებ თქვენს ნაკვალევს თქვენ კი ხართ ყველგან,
ჩემი ბილიკი თქვენსგან სადღაც პერიფერიულ,
ანომალური სივრცისაკენ მიემართება.

არ ვაღიარებ ყრუს ბრალდებას, არა ვარ მუნჯი,
არ ვცნობ კანონებს შირვან შაჰის ხელით დანაწერს,
სინდისს არავის ტიტულებზე არ გადავუცვლი,
არც მორჩილებას არ ვუცხადებ ზოო განაწესს.

ჩემი ლექსები გასროლაა მსხვერპლის გარეშე,
ჩემი სხეული ხორცშესხმული პარანოია,
ჩემი ცხოვრება გახუნებულ პეიზაჟებზე
გადაჭიმული უფინიშო მარათონია.

ხვალე დუელში თვით არქიფო სეთურს მოველი,
თუკი ამ ღამით არ დავმარცხდი საკუთარ მესთან,
ღმერთს გავიყოლებ სეკუნდანტად როგორც ყოველთვის,
მერე სიკვდილიც შეიძლება ალუბლის ხესთან...

დღეს სასიკვდილო მარშს წააგავს ქარის ზუზუნი,
გარდაცვალების დროს აჩვენებს ქვიშის საათი,
ოთახში ღამე ცინიკურად ქარიზმატული,
არ გათენებით მეუბნება - "მორჩა, შამათი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები