ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2014


იანვარული მაისი

დასრულდა ეს დღე, დღე უხალისო
და ციდან გაქრა ფიფქი დამდნარი,
გარეთ ნიავი ისევ მაისობს
და ჩემს ბინაში დგას იანვარი.
არ ეურჩება წუხილს გონება,
მე მარად გხედავ ბროლის მინაში,
შენ მევლინები ვით მოგონება,
ჩემს იანვრულად მორთულ ბინაში -
და უშენობით კვლავ ნაწამები
დავაფრთხობ ჭერზე დამჯდარ ანგელოზს,
ირგვლივ კი ისევ რბიან წამები
და ცრუმხატვარი მიქელანჯელობს.
დასრულდა ეს დღე, დღე მწუხარების,
დღე უდღეგრძელო და უხალისო,
ვით აყვავება წითელ ვარდების,
გარეთ კი წვიმა უკვე მაისობს_
და უსასრულო სევდის არეში ,
მხოლოდ ხმა ისმის ნაზი წვიმების,
ვით რეკვიემი სიმწუხარეში,
ან ვალსი _ცათა სერაფიმების ;
და უშენობით თითქმის დამდნარი
მე დაგინახავ ბროლის მინაში,
დგას ჩემს ბინაში კვლავ იანვარი,
კვლავ იანვარი დგას ჩემს ბინაში;
და გულს აწუხებს ლანდი ფარული,
და დღე სრულდება, დღე, უხალისო
ოთახს ჰკვეთს ზეცა იანვარული,
გარეთ კი ღამე თურმე მაისობს...
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები