ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთო
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2014


* * *

ვიცი... თეთრი მაჯები ფარდებივით გავშალეთ,
ხო, მივეცით ზღვის ღელვას - ხეებს მიღმა ქარია,
და თუ მთელი სამყარო ნაწილებად დავშალეთ,
სხვებმა შეძლეს აწყობა - ქუჩა ნაწვიმარია...
ჩვენ სულებს ვერ მოვიკლავთ, დღეს თვალები კვდებიან!
მოლოდინი ფარსია - ჩახლართული ფიქცია,
დარდი მთის ნამქერივით მხრებზე ჩამოგდებია
შენი ერთი სიცოცხლე სიზმრად გადაგიქცია.

ვიცი... (შენთვის ნაცნობი) უცხო სამოთხეები
ავიტაცეთ თითებით, მოქანცული ხელებით,
უმიზეზოდ გარბიან მოარული დღეები,
მე დროდადრო მივსდევ და ავიკელი ხველებით
სახლის ყველა ოთახი - ისევ ტემპერატურა,
ფანჯრებს უყეფს ძაღლი და დღეს ამინდიც ავია,
წავალ, ჩუმად ჩავწვები - მთელი ჩემი ნატურა
შენზე ძლიერ სუსტი და ძლიერ მომაკვდავია.

ვიცი... მალე წავალ და არ მოგვიწევს ჩვენება
ასე მცირე სისუსტის, როცა შენსკენ ომია..
და თბილისის ქუჩებში აღარ მოგეჩვენება
ჩემი სისხლის, სხეულის, სულის დიქოტომია...
მე დღეს ისევ ამტკივდი, ახლა ღამის ორია
დროს ვერ ვიხვევ სხეულზე - ხეებს მიღმა ქარია,
ის რაც ჩემთვის უცხოა ალბათ შენთვის შორია,
შუქნიშანი ჩამქრალი - ქუჩა ნაწვიმარია...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები