ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ-ბ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ივლისი, 2014


ეს მინდოდა მეთქვა.

დიდი ხანია მაფიქრებს საკითხი, რომელსაც ახლა მინდა შევეხო და აქამდე არ მიფიქრია, დამეწერა ამის შესახებ. არც ისე მარტივია აზრის დალაგება და სათქმელის ლოგიკურ ჩარჩოებში მოთავსება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პუბლიცისტურ წერილებს არცთუ ისე ხშირად ვწერ.  ბევრი რომ აღარ გავაგრძელო აქვე გაგიმხელთ რაზეც მექნება საუბარი -მწერლობაზე, პოეზიაზე და  საზოგადოებრივ აღქმაზე (პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩემი აზრით საზოგადოების სულ მცირე 90% ამ სფეროში გაუნათლებელია).  რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ფართო საზოგადოებაზე, რომელსაც გემოვნებიანი მკითხველის ან მსმენელის (უკვე ასეც შეიძლება ითქვას) პრეტანზია გააჩნია.გემოვნებაზე, რომ არ უნდა იდაო მესმის, მაგრამ  ეს რჩევა ამ შემთხვევაში ვფიქრობ მიზანშეუწონელია.                                                              
უკვე რამდენიმე წელია „გავერიე“ იმ წრეში, რომელსაც მწერალთა და პოეტთა საზოგადოება თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლაც განიცდის ცვალებადობას. შეიცვალა ჩემი შეხედულებები, გემოვნება, ურთიერთობები. ბევრი რამ მივიღე ამ ურთიერთობებით, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან და მინდა გითხრათ რომ პოეზია  ურთიერთობებიდან იწყება. გაგეცინებათ და პოეზია ჩემთვის ლექსების წერასთან სულაც არ ასოცირდება. ლექსის დაწერა ერთ-ერთი ასპექტია პოეზიისა და უფრო მეტიც (აქ უფრო მეტად გაგეცინებათ) არსებობენ ულექსებო პოეტებიც, ულექსებო „ტერენტი გრანელები“. წარმოიდგინეთ თავისი ცხოვრებით ტერენტი გრანელი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივ, როგორც სინამდვილეში ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ის არ წერს ლექსებს. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ტერენტი გრანელი პოეტი არაა. ჩემთვის ტერენტი პოეტია ლექსებიანად და ულექსებოდ. ასე არსებობენ „ულექსებო ტერენტი გრანელები".
ამავე დროს ვხედავ ძალიან ბევრ პრობლემას ამ სფეროში. პოეზია ხომ პოლიტიკა არაა და არც პოეტები და მწერლები არიან პოლიტიკოსები (თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ორი სფერო შეუთავსებელია), რომ გამუდმებით ერთმანეთი აკრიტიკონ და ორიენტირებულნი იყვნნენ არა ღირებული ნაწარმოების შექმნაზე, არამედ ერთმანეთის ჩაძირვაზე და დაჭმა-დაგლეჯაზე ან პირიქით, ერთმანეთის „გაქაჩვაზე“.  სამწუხაროა მაგრამ ასეთი ფაქტებიც არსებობს:
მოგეხსენებათ საქართველოს მწერალთა სახლი მრავალი წლის განმავლობაში კულტურული ცენტრის ფუნქციას ითავსებდა, იგი აერთიანებდა სხვადასხვა ეროვნებისა და მოქალაქეობის მქონე ხელოვანებს, სხვადასხვა სფეროდან.დღესდღეობით მწერალთა სახლს იდეაში იგივე ფუნქცია გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მიზნის იდეალიზმი განუხორციელებელი, ან უფრო სწორად შესუსტებულია. აღნიშნული, რაღა თქმა უნდა, მწერალთა გაერთიანებისა და სახელმწიფოს „დამსახურებაა“. მწერალთა კავშირი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ორიენტირებული უნდა იყოს შეინარჩუნოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, რაც გულისხმომბს არამარტო შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებას, არამედ მიზანსწრაფვას მწერალთა და მკითხველთათვის ხელის შესაწყობად.  ყველაფერი, რომ დროსთან ფეხის აწყობას მოითხოვს ორჯერ-ორია და ვფიქრობ საჭიროა მწერალთა კავშირმაც გაითავისოს აღნიშნული, რათა არ ჩამორჩეს ლიტერატურულ პროცესს ქვეყანაში. ხოლო მკითხველი, საკუთარი სტამბების დაარსებითა და შემდეგ გაუყიდველად დარჩენილი წიგნებითა და ჟურნალებით კი არ მოიზიდება, არამედ უფრო ეფექტური და კომფორტული იქნება ბიბლიოთეკების დაარსება ან განახლება. რადგან უამრავი ბიბლიოთეკა უფუნქციოდაა დარჩენილი და ხშირ შემთხვევაში გადავსებულია საბჭოთა კავშირის მადიდებელი მაკულატურით.                                                                                                                                                         ჩემთვის ცნობილი, „წიგნის პლატფორმის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ელექტრონული ლიტერატურა არაკომფორტულია, ხოლო წიგნის შეძენის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფასია დასახელებული. ელექტრონული ლიტერატურაც, რომელსაც, ვფიქრობ, მოუმრავლდება მომხმარებელი მწირია, ამიტომ ამ კუთხითაც საჭიროა მუშაობა.  ეს გარემოებები მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებას, რომლისთვის ხელის არშეწყობა უარყოფითად აისახება  მასზე და ლიტერატურის მომავალზე.
  სამწუხაროა რომ სახელმწიფოს ნაკლებად აღელვებს დღევანდელი მწერლების ბედი, არადა მწერლობა ყოველთვის იყო და იქნება სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამამყარებელი და გამაძლიერებელი ძალა, რომელიც დღევანდელობაში ნაკლებადაა დაფასებული. აქ ისევ გურამ დოჩანაშვილი მახსენდება (სხვაგან აღვნიშნე ამის შსახებ), ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანაშვიდზე გახუნებული, გაცრეცილი, რამდენიმე წლის წინ ნაყიდი შარვლითა და სულ მცირე ორი ზომით დიდი ფეხსაცმელებით. მას შემდეგ ვნახე ბატონი გურამის მრავალი ინტერვიუ და მისი დამოკიდებულებაც აღნიშნული პრობლემისადმი. მისი ვარაუდით მწერალი სხვაგვარი ცხოვრებისეული პირობებით ვერაფერს შექმნის ღირებულს და რომ ღარიბული ცხოვრების პირობებში ის უფრო დიდ სიმდიდრეს ქმნის საკუთარი თავისა და მკითხველისათვის. თუმცა ჩემი აზრით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს გურამ დოჩანაშვილის მსგავს ცოცხალ ლეგენდებზე და დაფასებისთვის გარდაცვალება არ უნდა იქცეს წინაპირობად.
დღესდღეობით, მე ვფიქრობ, გარდა „ცოცხალი ლეგენდების“ მიერ შექმნილისა იქმნება ღირებული ნაწარმოებები, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით დასახელდნნენ საუკუნის პროზაული ან პოეზიური ჟანრის ნაწარმოებებად. ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ გვარებისა და სახელების დასახელებისგან, მაგრამ ჩვენს ირგვლივ, არც თუ ისე ბევრი, თუმცა ვფიქრობ საკმარისად, გენიალური პოეტი და მწერალია, რომელსაც მხოლოდ საზოგადოების ვიწრო წრე იცნობს და აფასებს. აღნიშნული პრობლემა ყოველთვის იდგა (უამრავი მაგალითიდან აქ ნიკო სამადაშვილს მოვიყვან) და ვფიქრობ შემდგომშიც დადგება არა მარტო აქ, არამედ ხელოვნების ყველა სფეროში.
  სხვა იდეით დავიწყე წერა და სხვა მიმართულებით გამიგრძელდა სათქმელი, ამიტომ  მინდა მოკლედ    ვთქვა ერთი რამ: თუ წერა პროტესტია-რაიმეს და არა ვინმეს წინააღმდეგ. ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში გადაზრდილი გადამლაშებული კრიტიკა, არაფრის მომცემია გარდა გაბოროტებულ ადამიანად ჩამოყალიბებისა. დრო მაინც ყველას და ყველაფერს თავის სახელს შეურჩევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები