ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: იუმორისტული
5 აგვისტო, 2014


ბანალური დილა (1,2,3)

ერთი, ორი და სამი,
ან სამი, ორი, ერთი.
არ მომიშალო ნერვი და
არ გაგიწყრეს ღმერთი.

არ გამაღვიძო დილით!
და თუ... მომართვი ყავა!
თორემ გინება შენი
იქს, ენ ხარისხში ავა.

საწოლის თავზე ტოტით
გადაკიდებულ შარვალს,
ხელი არ ახლო დღესაც,
ქუჩაში მაგით გავალ.

ნუ აჩხარუნებ ჭურჭელს
და ცოტა ჩუმად რეცხე!
აბაზანაში შევალ
შენ კი შემიწვავ კვერცხებს!

სად არის ჩემი „ბრიტვა“?
ჯანდაბას შენი თავი!
ამ სახლში ორნი ვცხოვრობთ
თუ კიდე ვინმე არი?

ამ ტყემალს შენი დედის
მრუდე ეტყობა ხელი,
არც გემო არ აქვს ტყემლის
არც მითუმეტეს ფერი.

კაი მოეშვი წრუკუნს,
კაპიკი არ მაქვს ახლა.
ხვალ  რა რიცხვია? შვიდი ?
ზეგამდე რამეს ვნახავ!

კაი წავედი უკვე,
დავაგვიენე კიდეც,
ვერ ვხვდები, ამ ნაგვის პარკს
კარებზე რატომ კიდებ?

ურნამდე გავიყოლო?
მთლად აურიე მგონი!
ბესო კი არ ვარ თავზე
რომ წამოვისვა ცოლი.

რაო? გაკოცო? აუფ!
ხვალ გვითიშავენ სილქნეტს,
მაგ სერიალებს მეტად
აღარ უყურო იქნებ

კაი წავედი მეთქი,
კარგად დახურე კარი!
გესმის? მეზობელ ირმას
ცხვირპირს უჟეჟავს ქმარი

ერთი შეხედვით ალბათ,
ჩემთვის მისწრებაც არი,
გავეპარები იქნებ
დღეს აღარ მთხოვოს ვალი.

დილამშვიდობის ბესო!
ახ, გამარჯობა ნანა!
მომეცი შენი პარკი
მძიმე არ არის განა?

ურნამდე მიგაქვს?იყოს!
როგორ გვყავს ჩვენი ოთო?
მასე აღარ თქვა ნანა,
ვსვამთ ხოლმე, განა ვლოთობთ.

ვახ, გასაღები გამრჩა,
ეკა მე შენი დედა!
რომ გეძახი და ვყვირი
ამდენ ხანს ვერა ხედავ?

გასაღებები დამრჩა,
ხო და მოძებნე მიდი.
დღეს ვერა თაზო, რა ვქნა?
ხვალ რა რიცხვია? შვიდი?

ათში ავიღებ ხელფასს,
და დაგიბრუნებ მაგ ვალს.
ეს ვინ ყოფილა კაცო,
სულთამხუთავად მადგას.

ჰა, ვერ იპოვე ქალო?
დავაგვიანე მაგრა!
საწოლთან ნახე ანდა
შკაფში , თაროზე  მაღლა.
      ***********
ეს ყოველ დილით ხდება,
ჩანს რომ გაგვიწყრა ღმერთი
ერთი,  ორი და სამი
ან  სამი, ორი, ერთი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები