ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართახანი
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2014


აითათ

-ცა როდის დასრულდება, აითათ?
–ყველაფრის ბოლოს!
–შენ ხომ ამბობდი, ყველაფერი არ დასრულდებაო?
–ცაც უსასრულოა..
–შენსავით უსასრულო, აითათ. როგორ შეიძლება, შენ და ასეთ ცას დასასრული გქონდეთ?!
    ისინი ხის ტოტზე ისხდნენ და ცას უყურებდნენ, ვარსკვლავებით და მთვარით სავსეს. აითათს ხის ტოტზე ჯდომა სამ ასწავლა და ძალიან მოსწონდა. აქედან ღამის ცა ძალიან ლამაზად ჩანდა. მერე სხვა ხეებზეც მოსინჯა, მაგრამ არ მოეწონა, იმიტომ რომ ცა ასეთი ლამაზი მხოლოდ იმ ხის ტოტიდან იყო და მხოლოდ სასთან ერთად.
    მათ ერთმანეთი ორი დღის წინ გაიცნეს და მას მერე სულ ერთად იყვნენ. მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდნენ ცალ–ცალკე. ახლაც ადგნენ და გაფრინდნენ..
    აითათი მერცხალი იყო, სა კი– ბეღურა. მათი ასეთი დაახლოვება ყველამ შენიშნა და შინდაბრუნებულ აითათს დედა გაუწყრა:
–ნუ დადიხარ მაგ ბეღურასთან, შენთვის ასე სჯობს. დანარჩენი მერცხლებივით შენი სწორი მოძებნე, აითათ, თორემ შენ მასთან ვერ დარჩები! ისინი ზამთრის ფრინველები არიან, შენ კი ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე!
აითათმა ყურიც არ ათხოვა, კუთხეში მყუდროდ მოკალათდა და საზე ფიქრი განაგრძო.
    შინდაბრუნებული საც აავსეს  საყვედურებით და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ აითათი მალე გაფრინდებოდა. მამამ სთხოვა, იმ ლამაზ ბეღურაზე ეფიქრა, რომელიც მთელი გულით იყო შეყვარებული საზე. სამ თავი დაუქნია მამას თანხმობის ნიშნად, მაგრამ იმ ბეღურაზე ფიქრის  ნაცვლად აითათზე ფიქრებში ჩაეძინა.
    მეორე დღესაც ერთად იყვნენ.. საღამოსაც..
–აითათ, შემოდგომა გიყვარს?
–არასდროს მინახავს.
აითათს მრავალი მხარე მოევლო, მაგრამ შემოდგომა არასდროს ენახა. სას კი წელიწადის ყველა დრო ენახა, ოღონდ მხოლოდ თავის სამშობლოში.
–მოდი, ერთად ვნახოთ წელს შემოდგომა, აითათ.
აითათს გაეღიმა და ჩაფიქრდა. ორივემ იცოდა, რომ შემოდგომის ნახვა დიდი რისკი იყო მისთვის.
–იქნებ, ასეც მოახდინოს მომავალმა, სა.
–რა არის მომავალი, აითათ?
–ჯერარჩადენილი ცოდვების დერეფანი..
–მერე შემოდგომის ნახვა ცოდვაა?
–თვითმკვლელობას ნიშნავს.
შემდეგ აღარაფერი უთქვამთ. თავები ერთმანეთს მიადეს და ცის ცქერა განაგრძეს.
    მთელი თვე ერთად გაატარეს. დღითიდღე უფრო და უფრო გრძნობდნენ, რომ მათ შორის რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.
    ერთხელ,  სეირნობისას წვიმა წამოვიდა და დასველდნენ. დამშვიდობებისას სამ აითათის თითებს თავისი თითები დაადო და ჰკითხა:
–აითათ, აითათ, რას გასცემენ შენი თითები ასეთ დროს?
–სითბოს! იშვიათს..    ნუ წახვალ ჩემგან, სა!.
–შენგან ვერასდროს წავალ, აითათ!
თუმცა ორივემ იცოდა, რომ უკვე ზაფხული ილეოდა და აითათს თბილ ქვეყნებში მოუწევდა გაფრენა.
–წვიმაც შენ მოიყვანე, აითათ?
–მე გაზაფხული მომყავს, სა..
    შინდაბრუნებულ სას სტუმრები დახვდა. ის მშვენიერი ბეღურა, რომელიც საზე იყო შეყვარებული და მამამისი. სახლში თითქმის გადაეწყვიტათ ყველაფერი. ბეღურაც ბედნიერი ჩანდა.
    იმ ღამით სას არ უძინია. ეს ბეღურა ლამაზი იყო, თუმცა მისთვის აითათზე უკეთესი არავინ არსებობდა.მაგრამ თუ ის თბილ ქვეყნებში გაფრინდებოდა..
    იმ ღამითაც იწვიმა. შორი მთების მწვერვალებზე თოვლიც დაედო.ქარმა სუსხი მოიტანა. მეორე დილით მერცხლები თოკზე შეკრებილიყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ. სა შორიდან ადევნებდა თვალყურს მათ. მერე მასთან აითათი მიფრინდა:
–არ გაფრინდე, აითათ. უშენოდ როგორ ვიყო?!
–მე სულ მემახსოვრები, სა.
სა აღარ გაჩერებულა, გაფრინდა.
    მერცხლები დამწკრივდნენ და ნელ–ნელა გასაფრენად მოემზადნენ. სას აღარ გაუხედავს მათკენ, ბუჩქებში დამალულიყო და სიკვდილს ნატრობდა. აითათსაც სიკვდილი ერჩივნა გაფრენას..
–წავედით! დაიძახა მოწინავე მერცხალმა და აიჭრა მაღლა. მერე დანარჩენებიც მიყვნენ.. მერე აითათიც..
    შინდაბრუნებულ სას ისევ ის სტუმრები დახვდნენ. ახლა მისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა მის გვერდით, რადგან აითათი აღარ ჰყავდა. არც უფიქრია, ისე განაცხადა თანხმობა,  რომ იქორწინებდა ბეღურაზე.
    ერთი კვირის შემდეგ უფრო დიდი სუსხი მოიტანა შემოდგომისპირმა. მერცხლები ზღვას მიადგნენ. შეისვენეს, მერე ისევ განაგრძეს გზა. ვერც კი შეამჩნიეს, როგორ ჩამორჩა გუნდს აითათი.
    ციოდა.. სა იმ ხის ტოტზე ჩამომჯდარიყო ვიღაცის მოლოდინში და იმ ბედნიერ საღამოებზე ფიქრობდა, აქ რომ გაატარა აითათთან ერთად.
  ჯერ ნიავმა დაჰბერა. მერე ქარმა.. ჯერ ერთი ფოთოლი მოწყდა ხეს, მერე მეორე.. მერე ფოთლებში გაეხვა მთელი მიდამო. მერე აითათიც მოვიდა..
–ვერ შევძელი წასვლა, სა. მინდოდა, შემოდგომა მენახა შენთან ერთად..
ძლივს ლაპარაკობდა აითათი. ეტყობოდა, ძალიან სციოდა. გაოგნებული სა ხმას ვერ იღებდა. მერე წვიმა წამოვიდა.. მერე ის ბეღურაც გამოჩნდა, რომელსაც სა ელოდებოდა აქ.
    აითათი ყველაფერს მიხვდა. უკანასკნელად მოიკრიბა ძალა და გაფრენა სცადა, მაგრამ რამდენიმე მეტრშივე ფრთები მოეკეცა და ძირს დაეშვა. სიცივისგან კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა. სა იმ წამსვე მასთან გაჩნდა  და გულში ჩაიკრა. უნდოდა, როგორმე გაეთბო.
–მაპატიე, აითათ, მაპატიე..
–ცა დასრულდა, სა!
–მაშინ შენ ხომ თქვი, რომ ცა დაუსრულებელია, აითათ?
–მაშინ ყველაფერი კარგად იყო, მყავდი!.
–არ მიმატოვო, აითათ!
სა მის გულზე დაემხო და ჩუმად აქვითინდა.
–იმ უღელტეხილს ხედავ, სა?
–ვხედავ, აითათ.
–წაშალე ჰორიზონტიდან! უღელტეხილს მიღმა თბილი ქვეყნებია..
ამის მერე ცაც დასრულდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები