ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ-ბ
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

მარიამ

მარიამს

(გოგონას პოეზიის საღამოდან)

სად ხარ მარიამ ამ დუმილში, ღამეში, ქარში...
სიტყვა მოგეცი ჰოდა გეძებ. სად ხარ მარიამ?!
შენი სხეულის სიშორემდე ჩემს მკლავებს გავშლი.
ყველა სიგიჟე ტყვიასებრი მზერის ბრალია.

(მშვიდია ქუჩა)

მე კი ვგავარ დაკარგულ ტურისტს,
საკუთარ თავში ვმოგზაურობ, გარეთ ქარია.
დანაპირების შესრულება-საწყისი ტური,
მაგრამ ვერა და ვერ გიპოვე, სად ხარ მარი, ამ

დუმილში, ქარში, სიბნელეში?!...

მარ, არასოდეს არაფერი არ არის გვიან,
მარ, ყველა გრძნობას მოერგება თავისი ლოგო.
მე შენს თვალებში წაკითხული სურვილი მქვია,
შენ კი, ჩემს თვალში-მომხიბვლელი ღიმილით გოგო.

მაინც მოგძებნი(ე)...


***
(შენ ნუ იფიქრებ. მე ვიფიქრებ ჩვენ-ჩვენ საფიქრალს).
როგორ აცივდა დეკემბერში ისედაც ამ ცივ
ქალაქში. ყველას ხასიათში ვეძებ საფირონს.
და იმედისგან, სოფლის ძველი სახლივით, დაცლილ
სხეულს მივაგდებ სარეცელზე ღამის სამიდან
დილის შვიდამდე. ძილამდე კი ფიქრებში ვარჩევ
მთელ დღეს. მე აღარ დავბრუნდები თუკი წავედი,
ვიცი, არა გაქვს ხასიათში ჩემსავით არც შენ...
მაგრამ მანამდე ზამთარია, თოვაა.. "ღმერთი
არს ჩვენთან", "არს და იყოს"... შენი თვალები
თბილია როგორც ლოცვის სითბო და რაც კი ვერ ვთქვით
თვალებით, იტყვის ეს ზამთარი... მორჩეს წვალება
თავის და აღარ შევეცდები, იყოს რაც არის,
ან უფრო სწორად რაც იქნება. უფალს მივანდობ.
კაცი კაცია, გული უდგას-ქექოს ნაცარი
არ ეკადრება. ამაყია კაცი იმავ დროს.
შენ ნუ იფიქრებ მე ვიფიქრებ ჩვენ-ჩვენს საფიქრალს.
ეს ლექსიც სუფთა, წმინდა არის, როგორც საყდარი,
ველი, ზამთარი თუ შენთანაც, როგორ დაფიფქავს.
"ღმერთი არს ჩვენთან"-ჩვენი ბოლო თავშესაფარი.


***
საღამო ეცვა მთვარეს მანტიად,
ჩვენს ბედს წინასწარ ჭვრეტდნნენ მისანნი.
შენმა თვალებმა შემოამტვრია
ძვლებმიწყობილი გულის ფიცარი.

არ გემჩნეოდა ბავშვის ასაკი,
ვიდექი შენს წინ პირზე დირეთი.
როგორც ღვთისმშობლის ხატთან წასაკითხ
ლოცვას-იმ დღიდან გიზეპირებდი.

მე გიყურებდი, შენ ხრიდი თვალებს,
როგორც ყურძენი, როცა ხელავენ.
დაგვერქმეოდა ვფიქრობდი, მალე,
მე მონა ღვთისა, შენ კი მხევალი.

დრომ კი, უგულომ, თოვლსა და თქეშში.
ვერ გაგიღვივა გულში მარცვალი.
შემომატოვა ფიქრები ხელში
და შენი თავი გამომაცალა.

***
შენს თვალებში მერცხლები დაფრინავენ.
უყვართ მერცხლებს თბილი და წყლიანი ადგილები.

...

ქარი არის და ქარი
ალვებს ეგება ფერხთით.
შენ კი ღრუბლების იქეთ
"ცისფერ ღრუბლებში წევხარ".
მე ვეძებდი და (დიდხანს)
აღმოვაჩინე ღმერთი,
ღმერთი რომელმაც ტანში
გამაჟრიალა წეღან...
მე მივდივარ და მრჩება
მხოლოდ წაშლილი კვალი
რადგან ყველაფერს ყავლი
გასდის მანძილზე დროთა.
ძალაგამოცლილ დღეებს,
როცა ლექსივით ჩავლევ,
მაშინ გაუვა მხოლოდ
დაფნაშემოდგმულ ბოლთას.
დალმატინელის ლეკვებს
ემსგავსებიან ფერით-
შავ-თეთრ კადრებად რჩება
დამღად დატყობილ წლებზე.
ყველა დაწერილ, მაგრამ
გამოუგზავნელ წერილს,
ქარს გამოვატან შენშკენ,
რომ მოგახვიოს წელზე.
ქარი ეხვევა ალვებს,
მოსიყვარულე ცოლის
მზგავსად და მისვე ტოტებს
ხელის გულებში ტეხავს
აღმოვაჩინე ღმერთი
განუზომელის ტოლი.
ღმერთი რომელმაც ტანში
გამაჟრიალა წეღან.

***
ღამეს მდუმარეს და ქარიანს,
ლექსებს, ლოცვასა და ალერსს
ერთი საერთო აქვს მარიამ.

ღმერთო დაიფარე, ამინ!

დღეებს ოთახივით არეულს
მზე და ლოცვის ძალა ანათებს.
ამ ლექსს შეადარებ მთვარეულს,
მაგრამ მინდა, როგორც ბარათი,
ისე გავატანო ანგელოზსს
ღმერთთან. სულ ერთია ყოველი,
მსურდა მისი ჯვარიც მეზიდა
ახლა მფარველობას მოველი
მისას ღმერთისგან და შევთხოვ:
ღმერთო ნუ მოაკლებ შენს კალთას!
ჩემთვის მძიმე არის ერთობ
მაგრამ ღმერთო მაინც შეგკადრე.

ახლაც დუმილი და ქარია,
ლექსებს, ლოცვასა და ალერსს
ერთი საერთო აქვს მარიამ.
ღმერთს ვთხოვ დაგიფაროს, ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები