ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2014


* * *

მთელი დღე ძაღლივით წანწალებ ქუჩაში,
გჭირს კინოფობია და ხშირად კლაუსტრო...
გიყეფენ ყველა მხრით: ბოგანო, უჯიშო
ძაღლები და ცდილობ ამ ხმაურს გაასწრო
სახლამდე, კუთხეში ძველი და სნობური,
საკუთარ ქრონიკით დაღლილი ქალაქის...
ყოველი ღრიჭოდან ცალ-ცალკე გიბერავს
ქარი და სარკმელთან ხმელ ფოთლებს ალაგებ
და იწყებ მოწევას, თან გიკრავს მოცარტი
"რექვიემს"-აწ უკვე გაჩხაპნილ ფირფიტას...
ახველებ და მაინც ეწევი-მოზარდი,
გავსებულ ფილტვებით ნელ-ნელა იფიტავ
ნერვებს და დანჯღრეულ ლიფტივით მოშლილი
სხეულით ეყრდნობი კედელს და თავდახრით
ეწევი და უფრო ხშირდება ქოშინი,
იდუღებ ყავას და უმიზნოდ გადახრავ
ეკლერებს, მორჩენილს ღამიდან, წუხანდელ,
მარტო ხარ, ჯანდაბას ეგ შენი ზრდილობა,
ხედავ, რომ გარშემო ფარულად სწუხან და
კედლები სახლიდან გაპარვას ცდილობენ
და შენ კი ძაღლივით წანწალებ ქუჩაში,
გჭირს კინოფობია და ხშირად კლაუსტრო...
გიყეფენ ყველა მხრით: ბოგანო, უჯიშო
ძაღლები და ცდილობ ამ ხმაურს გაასწრო
სახლამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები