ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანიტა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2015


ჩვენ შორის

ახლა ჩვენ შორის გაყინული ნესტია მხოლოდ,
დაგუბებული უჰაერობაც რომ ვერ ალღობს, და
ჩაკეტილი სამყარო,
სადაც ფიზიკის კანონებიც კი უძლურია,
თუ არ ჩავთვლით, იმას,
რომ ჩემკენ უფრო მიიზიდები, ვიდრე მიწისკენ.
ახლა სიტყვები არაფერს ცვლის
და იკარგება იმ კოსმოსში
ჩვენ რომ დაგვხლიჩა, დაგვანაწევრა.
სადაც არცერთს არ შეგვიძლია
გახრწნილი ნახშირორჟანგით გაჟღენთილი სივრცის ჩვენით ამოვსება,
და იმ ჰორიზონტის დაფარვა
თვალებს რომ ყურების წივილამდე წვავს.
დამბლადაცემული გდიხარ პარალიზებული სხეულით,
ხვნეში, ოხრავ და ეხეთქები არარსებულ ნაპირს.
ამ დროს შენ ერთი ჩასუნთქვით შეგიძლია გადაყლაპო მთელი ჩემი სამყარო.
ვიცი, რომ ასე დავიღუპები,
ამ ქაოსში,
ნაბიჯების ხმასაც რომ შთანთქავს.
ახლა შენ უჰაერობაზე მეტად უჩემობა გახრჩობს,
თუმცა ტკივილზე მეტად ვერ შემიყვარე მაინც.
არ მინდა ჩემი თვალები ნახო სიკვდილის წინ,
ეს იცი შენ.
ისიც იცი, რომ საოცრად გამოგდის სიკვდილი
ბევრჯერ, გაუთავებლად ვნახავდი ამ სცენას,
ფირზე ჩავიწერდი, როგორც ეგოისტი.
მე საკუთარ სიკვდილსაც ჩავიწერდი ფირზე
და დავწვავდი.
რომ არავინ ნახოს
გამოფიტული, გამოცლილი მე.
შენ მალე მოკვდები.
ერთი წვეთი სისხლიღა დაგრჩა მარჯვენა მაჯაში,
თუმცა მაინც, უსისხლობაზე მეტად უჩემობა გჭამს.
შენ ღამით მოკვდები.
მე კი- გათენებისას,
სანამ სინათლე ამომიშრობდეს დახავსებულ თვალებს...
ვიცი, რომ ასე დავიღუპები.
ვიცი, რომ ასე დავიღუპები.
ვიცი, რომ ასე დავიღუპები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები