ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულისტუზა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


ქალი

გაფანტა ღრუბელი შენმა ღიმილმა
შენს ნაკვალევზე ამოდის ია,
შენი თვალების სხივით ნათდება
სივრცე, რომელსაც სამყარო ჰქვია.
ცეკვავს მოცარტი, უკრავს რუბენსი,
ფუნჯი უჭირავს ყმაწვილ ილიას,
შემოაცალე ყვავილთ სურნელი
და ყველა შენში თავმოყრილია.
გამოაფხიზლე ყველა სული და
გიღიმის ყველა, გზად ვინც შემოგხვდა.
აგერ, პოეტმაც მღერა დაიწყო
ცეცხლწაკიდებულ მზერას ვერ მოსწყდა.
შეწყვიტა სუნთქვა დედამიწამ და
შენს მკერდზე ნიავს ჩამოეძინა,
ხელის მტევნები გაშალე ქარში და
სამყაროს სითბო შემოეფინა.
თმების ბილიკებს, გაფრენილს, ზეცა
წვიმის წვეთებით ცდილობს შეხებას.
არ შეედრება! ქვეყნად სხვა რამე
ამ სილამაზეს - არ შეედრება!
იღიმი - სხვას რა უნდა მოსთხოვო
როცა მზეს ცხრავე დასთხარე თვალი
თუნდაც გაწვიმდეს, თუნდაც მოთოვოს,
იყავი, ხარ და იქნები ქალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები