 | ავტორი: ჭრელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 მაისი, 2015 |
მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი სცენაზე. ათი ან თერთმეტი წლის ვიყავი, სიზმარი რომ ვნახე, რომელიც სულ დეტალებში მახსოვს. ვიდექი შავ, პრიალა სცენაზე, ჩემ წინ ჩამოფარებული მუქი ფერის ფარდა ნელ-ნელა იწეოდა ზევით, მე ვიწყებდი არაადეკვატური მოძრაობების კეთებას, მათგან თითოეული კოლოსალურ სიამოვნებას მგვრიდა, როცა ხელები ზემოთ ავწიე და ტანის რხევა დავიწყე უცნაური მუსიკის ფონზე, ვიგრძენი, როგორ გამითბა მუცელი, ფეხებში ჭიანჭველებმა დაიწყეს ფუთფუთი, მერე მივხვდი, რომ ის უცნაური ჭიები, რომლებიც მთელ ჩემს სხეულს მოედნენ, მაყურებლების ხელების ერთმანეთზე მირტყმით იყო გამოწვეული. ტაშს მიკრავდა ყველა, ვინც ჩემ წინ იჯდა, ზოგი ტიროდა, რამდენიმეს ხმამაღალი სიცილიც მკვეთრად მესმოდა, სანათები, რომლებიც ჭერიდან და იატაკიდან პირდაპირ ჩემკენ იყო მომართული, თვალს ისე მჭრიდა, რომ ვერავის ვხედავდი, ერთი კაცის გარდა. შავგვრემანი იყო. სათვალე უცნაურის ფორმის ცხვირს ნახევრად უფარავდა. იჯდა, უემოციო, გაყინული. იჯდა და მიყურებდა. მზერა მთლიანად ჩემზე ჰქონდა გადმოტანილი და მეც ვგრძნობდი, როგორ მიცხელებდა ლავიწებს რაღაც ძალა, რომელიც მისი თვალებიდან პირდაპირ, მართობულად ეცემოდა ჩემს უკვე დახორკლილ კანს მას შემდეგ, რაც სიგარეტის ბოლოს გაარღვევდა. მერე გამეღვიძა. წლები გავიდა. ოთხი, ხუთი, შეიძლება ექვსიც. ხშირად მახსენდებოდა ის კაცი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, მისი მზერისგან გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარი იყო, მაგრამ ჩემს ყოფაზე ბევრად რეალური. ხანდახან გონებაში მიტივტივებოდა ისეთი ფრაგმენტები, რომლებიც იმ წამსაც კი არ მახსოვდა, როცა სიზმრიდან გამოვფხიზლდი და სკოლაში წასასვლელად მოწესრიგება დავიწყე. მაგალითად : როგორ მჭიდროთ ჰქონდა გადაჯვარედინებული ერთმანეთზე თხელი ფეხები, მისი ჯინსის ნაკეცები მარჯვენა მუხლსა და მარცხენა ფეხის სადრეკელს შორის. ვხედავდი სიგარეტის ღერს, რომელიც მის კბილებზე ბევრად უფრო თეთრი და ტუჩებზე ბევრად უფრო სქელი იყო. მგონია, რომ სამყაროში არაფერი არ ქრება უკვალოდ. ყველა სიზმარი, ფიქრი, ემოცია, გრძნობა, სადღაც იფანტება და მერე ისევ ჩვენთან ბრუნდება. შეიძლება, სიზმრის ნაფლეთები, რომლებიც წლების წინ, სივრცეში აფრენისას, ჰაერმა ნაკუწებად აქცია, ერთ საღამოს ფანჯრიდან მონაბერმა ქარმა ჩვენსავე საწოლში ჩააბნიოს, ან გაზაფხულის წვიმაში სეირნობისას წვეთებმა ჩუმად მოიტანონ და სახლში დაბრუნებულებმა ვიგრძნოთ, რომ თმაზე უკვე სულ სხვა სუნი აგვდის. ისეთი, არასდროს, არსად რომ არ გვიგრძვნია. ან, სულაც, ჩვენი სიზმრის ადამიანი უცებ ადგეს, მიხვდეს, რომ ვიღაცამ ის წლების წინ, ძილის დროს ნახა, ან სულაც ვერ მიხვდეს. უბრალოდ ადგეს, წამოვიდეს, მოვიდეს და დარჩეს.
***
ვუყურებდი და ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, მე ის წლების წინ, სადღაც გავიცანი და უკვე იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი გაშვებით საკუთარ თავს მძიმე ჭრილობას მივაყენებდი. მოწევის მანერა - იდენტური. ფეხები - ზუსტად ისე - გადაჯვარედინებული, გადაცვეთილი, გახუნებული ფერის ჯინსის ნაკეცებიც საწყლად მოკეცილი, როგორც იქ, სიზმარში. სათვალე, ცხვირი, თვალები - სიმართლე რომ ვთქვა, არც ერთი მათგანი არ მომჩვენებია პირველი ნახვისას მიმზიდველად. არ მომწონდა. ჩვეულებრივი იყო. არც სარკის წინ გატარებული საათები ეტყობოდა, პერანგიც საკმაოდ დაკუჭული ეცვა და რაც მთავარია, საერთოდ არ ცდილობდა რომ მომწონებოდა. არადა, მე მასთან შესახვედრად, ზუსტად სამი საათის განმავლობაში : ვტრიალებდი სარკესთან. ვიღებავდი თვალებს. ვიცვლიდი ტანსაცმელს. ვვარჯიშობდი, როგორ უნდა მელაპარაკა მასთან ისე, რომ ქარაფშუტა გოგოს შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა და რაც მთავარია, როგორც კი კარი გავიხურე და მის სანახავად პირველი ნაბიჯი გადავდგი, ვიგრძენი, როგორ გამითბა მუცელი (ესეც პირველი შეგრძნება სიზმრიდან), მერე შევნიშნე, რომ ხმა და სუნთქვა გაუჩერებლად მიკანკალებდა, არ მინდოდა შეენიშნა, ამიტომ დამამშვიდებლის ისეთი დოზა დავლიე, რომ პირველ პაემანზე, არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარ ხელზე ნიკაპდაყრდნობილს წამიერად ჩამთვლიმა. მადლობა ღმერთს, ვერ შენიშნა. მერე, პირველი შეხებისას ვიგრძენი, რომ მისი ხელი, სულ ცოტა სამი გრადუსით უფრო გრილი იყო, ვიდრე ჩემი შუბლი. სიცხე მოვიმიზეზე, არადა უბრალოდ ტანი და სახე ერთიანად მიხურდა. ხელები ყოველ წამს მიცხელდებოდა, ხმას ვერ ვიღებდი და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პირველად ვხვდებოდი ვინმეს, ვსვავდი ყავას მასთან ერთად, ვბრუნდებოდი სახლში, და საერთოდაც, პირველად ვეკონტაქტებოდი ადამიანს. ეს ისეთი უცნაური იყო, ისე ჰგავდა ჩემს სიზმარს... ყველა შეგრძნება თანმიმდევრობით მიმეორდებოდა - „დეჟა-ვუ“ - ასე უწოდებდა ამ ყველაფერს ჩემი ფრანგი მეგობარი ჟერარდი, უნაური, დახვეწილი ფრანგულით. (მახვილი, ალბათ, ა-ზე). ვგრძნობდი, როგორ ვთამაშობდი მთავარ როლს ჩემსავე დადგმულ დრამაში. როგორ ვეხებოდი თეატრის მტვრის ნაწილაკებს ჩემი უცნაურად მოძრავი თეძოებით, ვუყურებდი წინა რიგში მჯდომ მოქუფრულ, ჩაჟამული სახით მომზირალ კაცს და ვთამაშობდი მისთვის. რეჟისორიც მე ვიყავი, მსახიობიც, განათებასაც მე ვაკონტროლებდი, მუსიკასაც, აქტებს შორის შესვენებების ხანგრძლივობასაც და საერთოდ ყველაფერს დედამიწაზე ვაკონროლებდი - მე! არადა, რეალურად, სადავეების დიდი კონა წამში გამისრიალდა დანამული ხელებიდან და მის კალთაში ჩავარდა. მე ვერ მივეკარე, არ მიმიშვა, მართა ყველაფერი ისე, როგორც უნდოდა, შეცვალა სცენარი ისე, როგორც მას აწყობდა, გაზარდა შესვენებები იქამდე, სადამდეც ეგონა, რომ დასჭირდებოდა და მოკლედ - ითაღლითა. ჩემი ნაწვალები მიისაკუთრა - გაპიესებული რომანი, რომლის ავტორიც წლების წინ ნაბოკოვი იყო და მერე, უცებ - მე. ასე გადიოდა დრო. მე ვხედავდი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ მზერას ყოველ ჯერზე, როცა „რეპეტიციები“ გვქონდა. ვაკვირდებოდი, როგორ თერთდებოდა მისი თმა დღეების სვლასთან ერთად, როგორ სუსტდებოდა მისი ისედაც ძალიან გამხდარი სხეული ავადმყოფობის შემდეგ, როგორ სეირნებოდა თავისსავე ეზოში, უვლიდა უცნაურ მცენარეებს, რომლებსაც, მე, როგორც წესი, ველაპარაკები ხოლმე და... ჰო, რაც მთავარია, როგორ მიყურებდა მე. ყოველ ჯერზე უფრო მშობლიური იყო ის გამოხედვა, რომელიც თავიდან სისხლს მიდუღებდა, რაღაც დროის შემდეგ კი - მათბობდა.
ყველა სპექტაკლი დროებით წყდება, თეატრებს ტოვებს, ათავისუფლებს, რომ სხვა დადგმებიც იხილოს მაყურებელმა და მერე, იმის მიხედვით, გენიალურია ის, თუ - არა, სცენას უბრუნდება, ან თეატრის არქივის მტვრიან უჯრაში იკეტება და მხოლოდ მაშინ გამოდის დღის სინათლეზე, როცა რომელიმე ცნობისმოყვარე, დამწყები მსახიობი მოახერხებს და შეიპარება ოთახში სცენარების წასაკითხად. მე ვიცი, რომ ის, რაც ჩვენ დავდგით გენიალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ მალე დატოვა სცენა და სიბნელეში, კაშმირის საქაღალდეში გახვეული დაიმალა... და როგორც ყველაფერი გენიალური, ისიც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო ხანგრძლივად დარჩება იქ, სადაც უნდა იყოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იყო კარგი მომენტები, ცოტა დაწმენდა მოუხდებოდა.
სიზმარზე და სიზმრის ადამიანებზე მომეწონა, განსაკუთრებით.
ლოლიტა :)
იყო კარგი მომენტები, ცოტა დაწმენდა მოუხდებოდა.
სიზმარზე და სიზმრის ადამიანებზე მომეწონა, განსაკუთრებით.
ლოლიტა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|