ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქიში
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2015


ბაია

ვერც კი მიხვდი, როგორ აღმოჩნდი თბილისი ცენტრალში, როგორ აიღე ბილეთი და მატარებლის გასვლის მოლოდინში სამი ღერი ზედიზედ მოწიე. გამცილებელმა ყალბი პროფესიული  ღიმილით მიგასწავლა შენი ადგილი და მოკალათდი.  ადგილი ვაგონის შუაში იყო, საშინლად არ გიყვარდა, განა იმიტო რომ ზურგით ჯდომა არგეკომფორტულება,, უბრალოდ სახეში მოშტერებულ უემოციო სახეებს ვერ იტან. ყურსასმენები ყურებში გაირჭე და მუსიკა ჩართე. ჯერ ადრე იყო, ალბათ ეძინა. არ გინდოდა შეწუხება. გვერდით მჯდომი ვიღაც ქალი ჩანაწერებს აკეთებდა თავისთვის. ცალი თვალი გააპარე, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. რაღაც ადამიანის ანატომიას ეხებოდა და წამსვე დაიკიდე. უინტერესოა შენთვის მეცნიერება. მითუმეტეს ანატონია, რატომღაც თვლი რომ  საკუთარ ანატომიას შენზე კარგად არავინ იცნობს.  წინ ვიღაც სათვალიანი გოგო იჯდა, აშკარად ქართველი, ვიღაც ხანშიშესულ ქალთან ერთად. რომელიც იერით უფრო მექსიკელს წააგავდა.. ისინიც დაიკიდე. და მუსიკამ ჩაგითრია. აშკარად მგზავრობის მოყვარული ხარ, ოღონდ მარტო მგზავრობის, ბევრს ფიქრობ მაგ დროს. ყველაფერზე ფიქრობ, და კითხვებითაც არავინ გიფანტავს გონებას. მხოლოდ ერთხელ ჩახვედი მატარებლიდან, ორ წუთიან გაჩერებაზე, სადღაც რიკოთზე და ისე სწრაფად მოწიე, ბოლი ვერც გამოუშვი, მატარებელში შემოგყვა.
  და სმს-იც მიიღე. რომელსაც ასე ელოდებოდი. არ უთხარი სად იყავი.  უყვებოდი, თუ როგორი მოწყენილი იჯექი სამსახურში, თუ როგორ განიცდი სიშორეს,რა სტანდარტული დღე იყო, უემოციო. ვერც კი მიხვდი როგორ შეხვედი მახინჯაურის სადგურში. ისე გავიდა დრო რომ ვერც კი გაიგე საათები როგორ გადაიქცა წამად. ყოველთვის ასე იყო.
  ძილისწინ რატომღაც ყოველთვის შლიდი ფეისბუქის მიმოწერას, გაგახსენდა ერთხელ წაშლისას დაგიწერა რომ წაშაშლელი იყო 9845 სმს. ეს ერთი საღამოს მიმოწერა. წარმოუდგენელია თითქოს, რა უნდა მიწერო ადამიანს ამდენი. თუმცა სალაპარაკო არასოდეს გელეოდათ.

ჩახვედი წვიმიან ბათუმში, და სმს გაუგზავნე თავისი საყვარელი ლექსის დასაწყისი. მე რომ სისულელეს ჩავიდენ. მაშინვე მიხვდა. ჰქონდა უნარი. და პასუხად მიიღე: რატომ. 
-უბრალოდ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. საერთოდ არ გნახავ.
-გიჟი ხარ.
-ვიცი რომ გიჟი ვარ.
-სად ხარ?
-კონკრეტულად არსად,დავხეტიალობ უბრალოდ.
-წვიმს.
-მერე რა?
-რავი, არ გაცივდე.
ისე ჩახვედი მისამართიც არ იცოდი. არ იყო შენი მიზანი მისი ნახვა. გსიამოვნებდა შორიახლოს  ყოფნა, თუნდაც ერთ ქალაქში. თუნდაც შორს. ან შეიძლება ძაან ახლოსაც იყავი. უბრალოდ შენ საერთოდ აზრზე არ იყავი. შენ ჩახვედი მხოლოდ ემოციისთვის. განცდებისთვის. ალბათ უფრო დიდი სიამოვნება იყო ეგ შენთვის, ვიდრე დაგეგმილი პაემანი იქნებოდა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ვერანდაზე რომანტიული საღამოთი. შენ იცოდი, რომ მისთვისაც ეს შენი გამოხტომა უფრო ძვირფასი იყო.
  ფეხით აუყევი ბულვარს. ცოტა ხნით ზღვის პირზე ჩამოჯექი.ისევ მუსიკა ჩართე და გააბოლე. უზარმაზარი ტალღები იყო. შავი. ცოტა ხანში აღმოაჩინე რომ მხოლოდ შენ იჯექი. წვრილად წვიმდა და არავინ არ  აღმოცნდა, ვისაც ამ დროს ზღვის პირზე ყოფნის განწყობა ჰქონოდა.
-მოვიფიქრებ რამეს..
-არ გინდა, არ გნახავ.
-ისე ვერ გაგიშვებ, არ შემიძლია.- და მოწყენელი სმაილიკები მოაყოლა
-ხო რავი.
და მოგწერა ქუჩა.სადაც ცხოვრობდა. ქუჩა, რომლის სახელსაც გგონია რომ ვერასოდეს დაივიწყებ, არადა მართლა ვერ დაივიწყებ. შეუძლებელია.  ვიწრო, ქუჩა. სადაც სახლების გარდა მხოლოდ ერთი მაღაზია იყო.
-მოვედი..
ერთის მოწევა მოასწარი, და გამოჩნდა. საოცარი სიმშვიდე ჰქონდა სახეზე. შენ ლამის აკანკალდი ნერვიულობით. თუმცა დამალე. ალბათ ისიც ნერვიულობდა. ეს უნარიც ჰქონდა, ემოციის მოთოკვის, მხოლოდ მცირე დოზით გამოშვების. ერთ სიტყვაში, ერთ პატარა, თითქოს უმნიშვნელო, საქციელში ტევდა ყველაფერს. გაგრძნობინებდა რომ მისთვის მართლა არსებობდი, და მართლა მნიშვნელოვანი იყავი.
თმები ქონდა მხრებზე დაშვებული,  აშკარად მაკიაჟის გარეშე იყო, მაგრამ უფრო მოგწონდა, ბევრად ლამაზი იყო მაკიაჟის გარეშე. საოცარი თვალები ჰქონდა, რო გელაპარაკება ისეთი. არასოდეს მოწონდა თავისი თვალები, ფართო არისო, ამბობდა. შენ კი გიჟდებოდი ისე გიყვარდა. ისე გითრევდა. მხოლოდ თვალებში უყურებდი, თვალს  ვერ აცილებდი. 
გადაკოცნე ნერვიულად, შენ ხარ გიჟიო გითხრა. და ხელზე შეგეხო ხელით. აი ისე, უბიწოდ. ამ ხელის შეხებაში ჩატია ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა, რა ემოციაც ჰქონდა და ვერ გადმოსცემდა. და წავიდა. შევიდა სახლში. თვალი გააყოლე, მერე შემობრუნდი და სწრაფი ნაბიჯით წამოხვედი. გრძნობდი უკნიდან მზერას, საოცრად თბილს და შენიანს. აი შენ რო გეკუთვნის ზუსტად ისეთ შემოხედვას. არ გაიხედე.
და ეს ქუჩა უზომოდ შეგიყვარდა.  მშობლიური ქუჩასავით გახდა. ბავშვობის ქუჩაზე, შენთვის მთავარ ქუჩაზე უფრო ძვირფასი გახდა თითქოს.
წახვედი უაზროდ. დაეხეტებოდი ქუჩიდან ქუჩაზე. კი ცნობდი ადგილებს, მაგრამ ვერ იაზრებდი სად იყავი. ვერც კი გაიგე როგორ აღმოჩნდი ბულვარში.
წვიმა წამოვიდა. ხალხი საწვიმრებს და ქოლგებს ეფარებოდა. შენ კი მიდიოდი, სულელივით ნელი ნაბიჯით. სულ სველი.  გიხაროდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გრძნობდი. ტირილი გინდოდა, მაგრამ ვერ ტიროდი. ემოცია გქონდა არ იცოდი საით გაგეშვა. ვისთვის გაგეზიარებინა, იცოდი. მაგრამ არ შეგეძლო. ეს ისეთი გრძნობა იყო, მხოლოდ თვალებში შეხედვის დროს გადმოსცემდი ალბათ ბოლომდე. სიტყვებით ვერა. მხოლოდ თვალებით ეტყოდი სათქმელს. მაგრამ საოცარ თვალებს მხოლოდ წარმოსახვაში ხედავდი... ნეტა ორი მაინც იყოთქო, ფიქრი გაუგზავნე...
მერე უცებ მზე ამოვიდა,ხალხიც სოკოებივით უცებ გაჩნდნენ, უყურებდი მათ არაფრისმომცემ სახეებს და უცებ გული გაგინათდა. დაინახე, სწრაფი ნაბიჯით როგორ მოდიოდა შენსკენ, თმა ისევ გაშლილი ჰქონდა, ოდნავ სველი, და თვალები ისევ მეტყველი. მოგიახლოვდა .მხოლოდ ეხლა მიხვდი რომ შენც უნდა გადაგედგა ნაბიჯი, მაგრამ გაშეშებული იყავი. მოგიახლოვდა. შენს წინ გაჩერდა და უცებ ჩაუხუტე, თვალები დახუჭე და მხოლოდ ეს ეს გითხრა: ნეტა ერთი იყო და ისიც ჩემიო...
წვიმდა... ბულვარზე მხოლოდ შენ მიდიოდი, თავიდან ბოლომდე სველი, მაგრამ საერთოდ არ გაინტერესებდა... ყურსასმენები ისევ ყურში გქონდა და უსმენდი ნინო ქათამაძის თოლიებს.....

                                                                30.07.2015   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები