 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 15 იანვარი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყავაზე დაპატიჟა, მაგრამ რადგან ყავა არ აღმოჩნდა სახლში, გლინტვეინზე შეთანხმდნენ... სანამ ქალი სასმელს ამზადებდა, მამაკაცმა ბუხარში ცეცხლი დაანთო. შავი შოკოლადის ფილა, ორიოდ მტევანი კაბერნე, დაჭრილი ფორთოხალი და ორი გამჭვირვალე ფინჯანი გლინტვეინით ბუხრის წინ მდგარ ჟურნალების მაგიდაზე დაალაგა, მუქი წაბლისფერი პუფები ახლოს მიაჩოჩა და არომატული სანთლების დანთებაც მოინდომა, მაგრამ ბუხარში მოტკაცუნე შეშისა და გლინტვეინის სურნელს ისეთი სასიამოვნო სინთეზი შეექმნა ჰაერში, გადაიფიქრა. ფანჯრებს მიღმა საოცარი სიმსუბუქით დაფარფატებდნენ უზარმაზარი ფიფქები. ეს სურათი იმდენად ორგანულად ერწყმოდა მრგვალი ხეებისგან ნაგები სახლის ინტერიერს, რომ წამით გაშეშდა, თვალი ვერ მოსწყვიტა, თუმცა გონს მალევე მოეგო და გადაწყვეტილებაც აღარ შეცვალა: ფანჯრებს მძიმე ფარდები ჩამოაფარა. გრამოფონს მიუახლოვდა. ხელი ისე ფრთხილად გადაუსვა, გეგონება, მტვერი მოაცილაო მაკაგონისგან დამზადებულ ჩარჩოს... წითელგულიანი ფირფიტაც ჩადო და თითქოს, რაღაც გაახსენდაო, მკვეთრად მიტრიალდა მამაკაცისკენ, რომელიც პუფში ჩამჯდარიყო. მჯდომარესაც აშკარად ეტყობოდა, რომ მაღალი ტანისა იყო, განიერი მხრებით, ბუნებრივად რუჯისფერი კანითა და არარეალურად მწვანე თვალებით. ის საღამო გაახსენდა, გადაწყვეტილება რომ მიიღო...
***
"Beatles Club"-ში ჩავიდა. მისი აზრით, იქ ყოფნა ამ დროს კარგი მუსიკალური გემოვნების ერთ-ერთი ნიშანი იყო, ეგ კი აუცილებელი მოთხოვნა გახლდათ, ზემოთ აღწერილ გარეგნულ მონაცემებთან ერთად. გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი დაიწყო ძებნა, მაგრამ არც უფიქრია, რომ პირველივე დღეს იპოვიდა. არც იმის სჯეროდა, რომ მისი ჩანაფიქრი ასე ერთი ერთში შეიძლებოდა დამთხვეოდა რეალობას. ეს იყო ხორცშესხმული წარმოსახვა: იჯდა და Treasurer-ს მარკის სიგარეტს ეწეოდა, უფრო სწორედ მოკიდებული, ნაფაზდაურტყმელი სიგარეტი მოემწყვდია მოვლილ თითებში და თითქოს უთვალთვალებდა, ელოდა მის თვითმკვლელობას, რომ მერე იმ საფერფლეში ჩაესრისა, სადაც Beatles-ს ოთხივე წევრი ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა თეთრად გახაზულ ქვეითთა გადასასვლელზე.
***
სახეზე იმდენად ბევრ ემოციას მოეყარა თავი, რომ ერთ-ერთის გამოყოფა და მისი ფიქრების წაკითხვა შეუძლებელი იყო -რამდენიმე წუთი დამელოდე - უთხრა გარკვევით და რომ არა თავის ოდნავი დაქნევა, თანხმობის ნიშნად, იფიქრებდა, ვერ გაიგოო. გავიდა. ჩაიცვა, თმა მოიწესრიგა Clive Christian-ის ფლაკონს დასწვდა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, გაახსენდა, როგორ ეჩურჩულებოდა პირველი ცეკვისას: „ყველანაირ პარფიუმზე სასიამოვნო და მათრობელა სურნელი აქვს თქვენს კანს. რომ შემეძლოს, ამ სურნელით მსოფლიოში საუკეთესო სუნამოების ხაზს შევქმნიდი... მედიკოსებმა რომ იცოდნენ თქვენი არსებობა, მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად არომათერაპია იქცეოდაო...“
მზად იყო. გრამოფონამდე ისე მივიდა, მამაკაცს არ შეუმჩნევია. ჩართო. ფირფიტაზე ნემსის ასრიალებასთან ერთად, შეშის ტკაცუნის ხმას თომას ნიუმანის ტანგო შეერწყა. კოჭებამდე კაბა ხელით ოდნავ ასწია, რომ სიარულში არ შეეშალა ხელი და ნელი, გრაციოზული ნაბიჯებით გავიდა იმპროვიზებულ სცენამდე, რომელიც ბუხარსა და ჟურნალების მაგიდას შორის მოქცეულიყო. ცეცხლის ენებმა მაგიდის კიდეებიდან მძიმე, სისხლისფერი ქსოვილის კაბაზე გადმოინაცვლეს და ქალის მომრგვალებული, საოცრად მადისაღმძვრელი თეძოების რიტმში დაიწყეს ცეკვა. ლავიწის ძვლებს მიწვდენილი დეკოლტე (თუ უდეკოლტობა) ასმაგად უფრო თვალშისაცემს ხდიდა მისი ქალიშვილურად მკვრივი და ამავე დროს ორსულურად ათქვირული მკერდის თითოეულ მოძრაობას... კაბის ბოლო ისევ ხელში ეჭირა და მისი მოხდენილი სიარული, რომელიც აქამდე სცენის დაზვერვას ჰგავდა, თანდათან ემსგავსებოდა მსოფლიოში აღიარებულ არგენტინულ ტანგოს. ტემპის მატებასთან ერთად, კუდუსუნამდე გაშიშვლებულ ზურგზე გველივით გაწოლილი ხერხემალი იკლაკნებოდა და ოფლით იცვარებოდა. მუსიკა იმდენად ზუსტი იყო სხეულთან, თითქოს მას ვინილზე მოცურავე ნემსი კი არა, მის საძილე არტერიასთან აციმციმებული ოფლის ათასობით მიკროსკოპული წვეთი გამოსცემდა... თითქოს, მისი წინდის ბოლოს ბარძაყთან შავი მაქმანები კი არა, რკალად ქცეული კლარნეტი შემორტყმოდა და რაღაც ზებუნებრივი ძალით, თვითონვე უკრავდა... უზადო ტერფების ყოველი გასრიალება მუხის იატაკზე კუდიანი ვარსკვლავივით ტოვებდა კვალს უხილავ ნოტებად... მაღლა აწეული თმიდან მეწამული ყვავილის ჩამოვარდნა და შავი, სქელი კულულის მხარზე ჩამოშლა ისე ჩაჯდა მუსიკაში, იფიქრებდი, გათვლილი ჰქონდა წინასწარო. სუნთქვა უფრო და უფრო უხშირდებოდა... ადიოდა და ჩამოდიოდა მისი კაბის გულისპირს ამოფარებული ორი მზე... ადიოდა და ჩამოდიოდა... ვიწრო წელზე ოფლის წინწკლები აფერადებდნენ ალისფერ კაბას. ცეკვავდა და ცეკვავდა... როკავდა და როკავდა... დასრიალებდნენ და დასრიალებდნენ ცეცხლის ენები ყვრიმალებზე, ყელზე, ლავიწებზე... ლოკავდნენ და წვავდნენ... ყურის ბიბილოებს უწუწნიდნენ... ცეკვავდა უღმერთოდ, თითქოს ყველა ეშმაკი და ბოროტი ძალა მის ძვლებში ჩასახლებულიყო. ცეკვავდა ყველაზე წმინდად... ღვთისმშობელს ჰგავდა, უცოდველსა და უბიწოდ განაყოფიერებულს. იბრძოდა მასში ღმერთი და ეშმაკი, ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი, ინი და იანი... სუნთქვა უკვე აუტანლად გაუხშირდა მამაკაცს. ფარისებრის ხრტილის (ადამის ვაშლს რომ ეძახიან) მოძრაობის სიჩქარემ უკვე პიკს მიაღწია, ჭარბი ნერწყვის ყლაპვისგან. ჯოჯოხეთურად სცხელოდა და ედემის ნეტარებას ჰგვრიდა თვალწინ გადაშლილი სანახაობა...
რეტდასხმული წამოდგა, მიუახლოვდა... ცალი ხელი დაცვარულ ზურგზე შემოხვია სალტესავით, მეორე - კაბის ჭრილში შეუცურა და, ცოტა ხნის წინ დარკალულ კლარნეტად რომ წარმოიდგინა იმ მაქმანებთან, ბარძაყი ძლიერად ჩაბღუჯა. მისი მოქნილი ფეხი მსუბუქად შემოიდო წელზე და ცხელი ენა საძილე არტერიას ააყოლა. ქურდული სიმსუბუქით ბუხრის გახურებულ კედლამდე მიიყვანა, ზედ ააკრა და თვითონაც მიეწება... The Beatles-ის "Hallelujah"-ში არეული ნეტარების კვნესა კრამიტის სახურავს აპობდა და ზეცამდე აღწევდა. იატაკზე მიმოყრილი სამოსი, ნაკაწრები მამაკაცის განიერ ბეჭებზე, გაჩერებამდე გახშირებული გულისძგერა, ტკივილამდე მისული სიამოვნება, ოფლისა და ნეტარების სურნელი და წამები, როცა, სოდომიდან გამოქცეული ლოტის ცოლივით, თანახმა ხარ მიბრუნდე, დაიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა, გაიხანგრძლივო სიამოვნება, თუნდაც ამის შემდეგ მარილის ქანდაკებად იქცე... როცა ერთ ამოკვნესას შეუძლია თავის თავში დაიტიოს ჯოვანი ბოკაჩოს ყველა მოთხრობა... როცა მისი საშვილოსნო (ცხოვრებაში მეორედ) გაივსო მზეებით, რომელთაც ამჯერად უკვე დაბადება არ ეწერათ, ნეტარებისგან გათანგულნი ირმის ტყავზე მიეყარნენ... ეს იყო ადამი და ევა პირველყოფილი სიშიშვლით, სრულყოფილი სხეულით, რომლის მსგავსი მხოლოდ უფალს შეეძლო შეექმნა...
იწვა და მხოლოდ მამაკაცის დახვეწილ თითებს გრძნობდა მის თეძოებზე მოცურავეს. კიდევ მის სუნთქვას, მკერდის ღარში უსუსურ ღინღლებს რომ უფორიაქებდა. სულ ოდნავი განძრევის ძალაც აღარ შერჩენოდა სიამოვნებისგან დაქანცულს, მხოლოდ ფიქრობდა... ფიქრობდა და ჩაეძინა. კაცი განთიადამდე დარაჯობდა მის ძილს, სიზმრებს, მოძრაობებს, კანს, თმებს... თვალებით უსინჯავდა მთელ სხეულს ასო-ასო.
***
გაახსენდა პირველი შეხვედრა დაახლოებით ორი წლის წინ. როგორი ბავშვური იყო, როგორ ეტიტინებოდა... აღარ ახსოვდა, რამ წამოუარა, როცა მოატყუა ცოლი და სამი შვილი მყავსო. ქალს წარბიც არ შეუხრია, თითქოს, სულერთი ყოფილიყოს... „ბავშვები როგორები არიანო“ - ჰკითხა - „შენ გგვანანო? მუსიკა უყვართო?“... ძალიან ბევრ კითხვას უსვამდა, იმდენს, რომ ბოლოს თვითონაც დაიჯერა თავისი ტყუილი და სამი შვილიც თვალნათლივ წარმოუდგა. -რაიმე ისეთი გავაკეთოთ, მთელი ცხოვრება რომ ვერ დავივიწყოთ დღევანდელი დღე და ერთმანეთი - უჩურჩულა ცეკვისას, მეტი რომანტიზმისთვის... -ასეც ვაპირებდი. - მშვიდად უპასუხა ქალმა და ცეკვა განაგრძო. ზღაპარი მომიყევი და დავიძინებო, ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით უთხრა ქალმა, რომელთანაც რამდენიმე წუთის წინ სექსი ჰქონდა, თავი პედოფილად იგრძნო. ვერ შეეწინააღმდეგა, მოუყვა ზღაპარი პრინცესებზე მომრგვალებული ფორმებით, დოღის ცხენებივით სრულყოფილებზე, ცეცხლთან მოთამაშეებზე... ჩაეძინა. მამაკაცმაც დაიძინა და ... დილით მარტო იყო. გაქრა. მთელი ორი წელი არ გამოჩენილა. არანაირი კვალი. იმასაც კი ფიქრობდა, სიზმარი იყოო, მაგრამ საოცარ სურნელს ვერაფერს უხერხებდა, იმ ღამიდან კანზე რომ შერჩა...
***
უყურებდა და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს იყო ქალი, ვისთანაც მთელ ცხოვრებას უყოყმანოდ გაატარებდა, ვისი შვილების მამაც იქნებოდა სიამოვნებით, ვინც არასდროს მოჰბეზრდებოდა... იფიქრა, გავაღვიძებ და ვთხოვ, ჩემგან არასდროს წავიდესო, მაგრამ... ისე მშვიდად ეძინა, ისე სუნთქავდა, ანგელოზს ჰგავდა. დილამდე დავიცდიო, გადაწყვიტა და... თვითონაც ჩაეძინა.
რომ გაიღვიძა, ისევ მარტო იყო. სანამ თავში გაუელვებდა, ყველაფერი სიზმარი იყოო, მაგიდაზე ბარათი იპოვა სამადსამი სიტყვით: „მადლობა ახალი სიცოცხლისთვის..."
***
თვითმფრინავის ილუმინატორიდან საბოლოოდ მოავლო თვალი ქვეყანას, სადაც არასდროს დაბრუნდებოდა, სადაც არაფერი აკავებდა... ვალი მოხდილი იყო. ორი წლის წინ, როცა მისი შვილის მამად შერჩეული მამაკაცი ზღაპარს უყვებოდა დოღის ცხენივით დახვეწილი სხეულის მქონე პრინცესებზე, ჩაიფიქრა, რომ, მადლობის ნიშნად, ოდესმე მისსავე შეთხზულ ზღაპარში ამოგზაურებდა... იქ კი, იმ ქვეყანაში, სადაც მიფრინავდა, პატარა, არარეალურად მწვანეთვალება, ბუნებრივად რუჯისფერკანიანი, განიერმხრებიანი იოკო ელოდა, რომელიც The Beatles-ის "Hallelujah"-ზე იძინებდა მხოლოდ და რომელსაც დედა ყოველღამე უყვებოდა ზღაპარს მამაზე და სამ და-ძმაზე ჯადოსნური ქვეყნიდან...
09.09.2015წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნიკი, მოგიკითხე პირველ რიგში... მომნატრებიხარ...
აბა, რა კითხვის ნიშნებია? დამაინტერესა :) უცნაურობა (მით უმეტეს ჩემგან) რაში გამოიხატება? :) ლინკს ხვალ კომპიუტერით რომ შემოვალ, დაგიტოვებ...
Taoskareli, სექსის სცენა რა?
ნიკი, მოგიკითხე პირველ რიგში... მომნატრებიხარ...
აბა, რა კითხვის ნიშნებია? დამაინტერესა :) უცნაურობა (მით უმეტეს ჩემგან) რაში გამოიხატება? :) ლინკს ხვალ კომპიუტერით რომ შემოვალ, დაგიტოვებ...
Taoskareli, სექსის სცენა რა?
6. სექსის სცენა ... სექსის სცენა ...
5. უი, ჰო აქ ის დამავიწყდა ბიტლების ჰალილუიას ბმული მიწილადეთ თუ შეიძლება ;;) უი, ჰო აქ ის დამავიწყდა ბიტლების ჰალილუიას ბმული მიწილადეთ თუ შეიძლება ;;)
4. უცნაურია და მითუმეტეს მეკალმისგან :)
ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს
კადრები კი კარგადაა გადმოცემული ვეთანხები ( როგორც ხშირად ) თოლიას :)
2 ქულა
უცნაურია და მითუმეტეს მეკალმისგან :)
ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს
კადრები კი კარგადაა გადმოცემული ვეთანხები ( როგორც ხშირად ) თოლიას :)
2 ქულა
3. განიერმხრებიანის გამო მეგონა ბიჭი :)
განიერმხრებიანის გამო მეგონა ბიჭი :)
2. საინტერესო ვერსიაა, მაგრამ არა :) იოკო გოგოა და იმდენად ზუსტად მყავს წარმოდგენილი, ხატვა რომ შემეძლოს, აუცილებლად დავხატავდი:) საინტერესო ვერსიაა, მაგრამ არა :) იოკო გოგოა და იმდენად ზუსტად მყავს წარმოდგენილი, ხატვა რომ შემეძლოს, აუცილებლად დავხატავდი:)
1. მშვენიერი მოთხრობაა, ლამაზკადრებიანი, მსუბუქად (გემოვნებიანად) ეროტიკული.
"ბითლზის" გამო, ასოციაციით გეფიქრება, რომ იოკო გოგნაა, მაგრამ ბიჭია, ხო? :)
მშვენიერი მოთხრობაა, ლამაზკადრებიანი, მსუბუქად (გემოვნებიანად) ეროტიკული.
"ბითლზის" გამო, ასოციაციით გეფიქრება, რომ იოკო გოგნაა, მაგრამ ბიჭია, ხო? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|