ჯერ სულ რაღაც თოთხმეტი წლის ვარ და ჩემი მშობლების და მათი სამსახურის წყალობით თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი. ხშირად ვმოგზაურობთ და ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდებით, შესაბამისად ერთი უახლოესი მეგობარიც კი არ მყავს, სამაგიეროდ ყველგან ათასობით ნაცნობი მყავს. სადაც დღეს დავსახლდით მიულჰაიმია. მიულჰაიმი პატარა ქალაქია გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინვეტსფალიის მხარეში. ქალაქი რურის ურბანულ არეალში, ქალაქ დუისბურგს, ესენს, ობერჰაუზენსა და რატინგენს შორის მდებარეობს. მიულჰაიმი რურის რეგიონის პირველი ქალაქია, რომელიც მთლიანად გათავისუფლდა ქვანახშირის მაღაროებისგან. სიმართლე ითქვას რაღაც ლეგენდები მსმენია ამ ქალაქში არსებული ქვანახშირის მაღაროების შესახებ, მაგრამ დეტალები იმდენად გასაიდუმლოებული იყო, დიდად აღარ მიმიქცევია ყურადღება და ლეგენდები ლეგენდებად დარჩა. ახალი სკოლა ახალი ბავშვები, ახალი საცხოვრებელი, ჩემთვის აღარ არის უცხო, უკვე მივეჩვიე და თითქმის მომწონს კიდეც. სახლი სადაც ორი თვე უნდა ვიცხოვროთ ცოტა ძველია, სიმართლე ითქვას პირველი დანახვისთანავე შიში ამეკვიატა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრაკულას საცხოვრებელში შევდიოდი. დიდი ორსართულიანი და ძველი, თითქმის გახუნებული სახლი იყო. ალბათ რამოდენიმე საუკუნის წინათ ლამაზი და მოხდენილი ეთქმოდა, მაგრამ ახლა იმდენად იყო შელანძღული, აქ ცხოვრების დიდი სურვილი არ გამომიხატავს. პირველ დღეს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაირა, ამოვბარგდით, დავისვენეთ, მაგრამ მეორე ღამე საშინელი გამოდგა, სწორედ ამ ღამეს დაიწყო ყველაფერი... დილით ცხელოდა. ლურჯ, ზღვასავით ცაზე მზე ციმციმებდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ამინდის ასე უეცარი და საშინელი ცვლილება. როდესაც მოსაღამოვდა და მზე ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაიხარა, მოულოდნელად ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, ამ დროს მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან ჩამავალ მზეს ვადევნებდი თვალს, ვხედავდი როგორ იცვლიდა ცა ფერებს, ჯერ წითელი იყო, შემდეგ ნელ-ნელა მეწამული ფერი გახდა, ბოლოს ლურჯი ფერი გადაიკრა და სიბნელეც ჩამოწვა. ეს კიდევ არაფერი, ყველაზე უსიამოვნო ნისლი იყო, რომელიც მოულოდნელად არსაიდან, თითქოს მთელი ძალით მიწიდან ამოიფრქვა და არემარეს მოედო... სახლი ნისლში ჩაეფლო. ასეთი მოულოდნელი სანახაობის შემსწრე აღმოვჩნდი და ელდანაკრავი და დაზაფრული ფეხზე წამოვხტი... საკუთარ შიშს ვებრძოდი, ან უნდა გავქცეულიყავი და მშობლებთან მიმერბინა ან სულაც ოთახში დავრჩენილიყავი და ამბის გაგრძელება მენახა. თუმცა გაქცევის სურვილი უფრო ძლიერი იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ მოულოდნელად ფანჯარა გაიღებოდა და რომელიმე მტაცებლის მსხვერპლი გავხდებოდი. შიშმა მაჯობა, ოთახიდან გავიქეცი და დერეფანში დედაჩემს შევასკდი. - ფრთხილად! - მკაცრად მითხრა, ასეთი შეშფოთებული რომ დამინახა, ხმა დაურბილდა და ჩუმად მკითხა, - რა მოხდა? - ნისლი... - რომელი ნისლი? - ის ნისლი, მთელ სახლს მოედო, დედა წავიდეთ აქედან... - სულს ძლივს ვითქვამდი, ღრმად ვსუნთქავდი. - რაზე ამბობ? - დედამ ფანჯრიდან გაიხედა, მე ვიკივლე, ის კი შეშფოთებით მოტრიალდა ჩემკენ და ხმაამოუღებლად, მზერით მანიშნა გავჩუმებულიყავი. - ხედავ? - ალბათ მოგეჩვენა ძვირფასო, დაღლილი ხარ ამდენი მგზავრობით, გარეთ მხოლოდ საღამოს ბინდია, არავითარი ნისლი! - მითხრა და აკანკალებული და გაოცებული კარისკენ გავეშურე, ფრთხილად გავიხედე გარეთ, დედა მართალი აღმოჩნდა, არავითარი ნისლი. ნუთუ მომეჩვენა? კარგად მახსოვდა ცაზე მოსრიალე ღრუბელივით თეთრი მასა, რომელიც მთელ სახლს მოედო. ჯერ კიდევ აღელვებული საძინებელი ოთახისკენ წავედი და ემოციებისგან დაცლილს მაშინვე ჩამეძინა. ზუსტად ღამის სამი საათი იყო, როცა მოულოდნელად ჩურჩულმა გამომაღვიძა, თითქოს ჩემს ყურთან ახლოს ვიღაც ჩურჩულებდა, ისევ ელდანაკრავი წამოხვტი ფეხზე. ისე შემეშინდა, როგორც არასდროს. საწოლზე მოვიკუნტე და მივაყურადე, იქნებ სულაც ამდენი მოგზაურობის გამო ჭკუიდან ვიშლებოდი? ამდენი სახლი გამოვიცვალეთ, ამდენი ბავშვი გავიცანი, სკოლა, მასწავლებლები, მაგრამ არა, მოგვიანებით უფრო ხმამაღალი შეძახილებიც გავიგონე, თითქოს ვიღაც ტიროდა, ეს არ იყო ჩემი გონებიდან წამოსული ხმები, ის მართლა ისმოდა, თანაც მთელ სახლში. შემდეგ კი ისეთი ხმები მომესმა რომლის გაგონებაზე ერთიანად ამაკანკალა, დავიზაფრე, თმები ყალყზე დამიდგა და მზად ვიყავი ფანჯრიდან გადასახტომად, მომესმა თითქოს ასობით ადამიანი ტიროდა... საშინელი ხმაური იყო. ფეხზე წამოვდექი და შიშის მიუხედავად უკვე ფანჯარას ვაღებდი, ინსტიქტურად, ალბათ გადახტომას მართლა ვაპირებდი, უკვე ერთი ფეხი ავდგი ზემოთ, როდესაც ოთახში მამაჩემი შემოიჭრა და აქოშინებულმა ხელი მტაცა, ძლივს ჩამომათრია ძირს, რადგან მთელი ძალით ვუძალიანდებოდი. - დამშვიდდი დეა, სახლიდან უნდა გავიდეთ, მაგრამ კარიდან და არა ფანჯრიდან! - გარეთ გამიყვანა და სუფთა ჰაერზე გამოვფხიზლდი, თუმცა რამოდენიმე წამში გონება დავკარგე და მეორე დილით პოლიციის მანქანაში გამომეღვიძა. ჩვენს დროებით საცხოვრებელთან ხალხი შეკრებილიყო. ერთ-ერთ პოლიციელთან ჩემი მშობლები შევნიშნე, მანქანიდან ძალიან ნელა გადავედი და ფრთხილად მივუახლოვდი მათ, ჩემი მისვლა არ გაუგიათ, სამაგიეროდ მე ისეთი რამ გავიგე, რაც არასდროს დამავიწყდება. თურმე წუხანდელი კოშმარი ჩემი წარმოსახვა სულაც არ ყოფილა. პოლიციის წარმომადგენელი სწრაფად და ხმადაბლა ესაუბრებოდა მამაჩემს. თურმე ამ სახლში, თითქმის ორი საუკუნის წინ, ერთი ოჯახი ცხოვრობდა, მდიდარი და ხარბი ადამიანები იყვნენ. შუახნის მშობლები, დები და ძმები, მათი ქმრები, ცოლები და შვილები. ერთმანეთს გამუდმებით ექიშპებოდნენ და მშობლების ქონებაზე მონადირე შვილები ერთმანეთს არ ინდობდნენ. მშობლების სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთ ძმას დანარჩენები საწამლავით მოუწამლავს, თუმცა ძმის ორგულობის შესახებ მაინც გაუგიათ და ისე დახოცილან. მისმა ოჯახმა მთელი სახლი და ქონება დაისაკუთრა. მშვიდობიანობამ ოჯახში მხოლოდ ორ თვეს გასტანა, შემდეგ კი უსიამოვნებებიც დაიწყო, ხარბი მამის მემკვიდრეები ასევე ხარბები და გაუმაძღრები აღმოჩნდნენ, თამაშ-თამაშით ერთმანეთი შემოაკვდათ და მარტო დარჩენილმა გამწარებულმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს შეფიცა, რომ ეს სახლი სამუდამოდ მათი იქნებოდა. თუ ვინმე ამ სახლში მოისურვებდა ცხოვრებას, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ საკუთარ სიცოცხლეშივე და სიკვდილის შემდეგაც... საუბედუროდ მათი გაუმაძღარი და სიბნელით მოცული სულები ამ სახლში გადმოსულ ყველა მცხოვრებს მოსვენებას უკარგავდნენ და თითოეული მათგანი ფანჯრიდან ხტებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს თავს იკლავდნენ. მამაჩემის მამამცობის გარეშე, მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი და ამის გააზრებაზე შიშის ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი, თურმე სახლის სარდაფში ამ ძველი ოჯახის სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც თითოეულ წევრს საუკუნო ძილით ეძინა. ახლახანს გადაასვენეს თითოეული მათგანის ნეშტი საერთო სასაფლაოზე და სახლმაც თითქოს პირქუში იერი გადაიხსნა. თითქოს შვებით ამოისუნთქა და მხრებში გაიშალა. ახლა აღარც დრაკულას სასახლეს მოგაგონებდათ, ერთი უწყინარი, სიბერისგან გახუნებული სახლის იერიღა ჰქონდა. მართალია ამ სახლიდან მაშინვე ავიყარეთ გუდა ნაბადი, მაგრამ მოსმენილს გააზრებაც სჭირდებოდა, მამას რომ სცოდნოდა პოლიციელს და მის საუბარს მეც ვუსმენდი, მაშინვე გამომარიდებდა, მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ვერ გაიგო. თუმცა სიმართლე ითქვას ამ ყველაფრის გაგებამ მაინც თავისი გაიტანა და ამ დღის შემდეგ, თითქმის ერთი კვირა ძილში კოშმარები მაწუხებდა. სანამ საბოლოოდ არ მივხვდი, რომ ერთადერთი ნამდვილი კოშმარი უკან დარჩა, წარსულში, წინა საუკუნეებში, ბნელ და სიხარბით მოცულ ხანაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არა თარტგმანი არ არის, ვიცი სისულელეა, უბრალოდ ეს ერთ-ერთი კონკურსისთვის დავწერე და მხოლოდ სამი გვერდი უნდა დამეწერა, ამიტომ ზუსტად ის ვერ ჩავტიე რისი დაწერაც მინდოდა, ამიტომ არც სრულყოფილი გამოვიდა და არც დამაინტრიგებელი, უბრალო წასაკითხია :) არა თარტგმანი არ არის, ვიცი სისულელეა, უბრალოდ ეს ერთ-ერთი კონკურსისთვის დავწერე და მხოლოდ სამი გვერდი უნდა დამეწერა, ამიტომ ზუსტად ის ვერ ჩავტიე რისი დაწერაც მინდოდა, ამიტომ არც სრულყოფილი გამოვიდა და არც დამაინტრიგებელი, უბრალო წასაკითხია :)
2. თავიდან მისტიკურად დაიწყო მაგრამ ბოლოში გაუბრალოვდა
თარგმანია? თავიდან მისტიკურად დაიწყო მაგრამ ბოლოში გაუბრალოვდა
თარგმანია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|