| ავტორი: ბოდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 10 ნოემბერი, 2015 |
ქართული ნაციონალიზმი ქართველი ხალხის უმრავლესობა ხსნას ეროვნულ იდეოლოგიაში ხედავს. რესპუბლიკელები, დემოკრატები, ლიბერალები და სხვანი, აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ხალხზე ზრუნვაა. ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობა, ერთი შეხედვით, არის გამაერთიანებელი ყოველი პოლიტიკური კონცეფციისა, მაგრამ განსხვავებული ხედვა, ხშირად, დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბევრისთვის ალბათ ღიმილისმომგვრელია ლიბერალისა და ნაციონალისტის ერთ მაგიდასთან ჩამოსხდომა და გარკვეული პრობლემის შესახებ საუბარი, მისი გადაჭრის გზის მონახვა. ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ადამიანს შინაგანი კულტურა გააჩნია და მზად არის მოისმინოს სხვაგვარი მოსაზრება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც წლებია თვალნათლივ ვხედავ, არის ის რომ ადამიანები იდეებს კი არ განიხილავენ, არამედ ერთმანეთის წარსულს, ჩადენილ ცოდვებს. ეგოისტური ბუნების გამო, ვერ ხერხდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ამბიციებით დაბრმავებულები ერთმანეთს ჯიჯგნიან, დამანგრეველ ენერგეტიკას ატარებენ, შემოქმედებითი წყურვილი არ ამოძრავებთ. ქართულ ნაციონალიზმს არაფერი აქვს საერთო ნაციზმთან. სამწუხაროდ, ნაციონალიზმი, ეროვნულობა ტაბუდადებულ სიტყვებად იქცა, ხშირად ქილიკით მოიხსენიება. სამარცხვინოა ის, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება დრომოჭმულ პრობლემად მიიჩნევა და უგულებელყოფილია ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. არავის აქვს მორალური უფლება დასცინოს გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მეორე მხრივ, ლიბერალიზმსაც ნეგატიურ ჭრილში განიხილავენ, გაჩნდა სალანძღავი სიტყვა - ,,ლიბერასტი’’. შეუძლებელია ქართული ნაციონალიზმის არსებობა მთელი რიგი ლიბერალური ღირებულებების გარეშე, მაგალითად: ამა თუ იმ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა პატივისცემა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაფასება და მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, ინდივიდის უფლებების დაცვა და ა.შ ზომიერების გარეშე, წარმოუდგენელია ნორმალური კონცეფციის ჩამოყალიბება. გლობალიზაციის პირობებში, დამღუპველი იქნება როგორც ეროვნული კულტურის, მშობლიური ენის დაკნინება და ასიმილაცია უზარმაზარ, გაურკვეველ მულტიკულტურულ წიაღში, აგრეთვე, იზოლაცია, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა, ყოველგვარ ,,უცხოურზე’’ უარის თქმა. იდეალისტები იბრძვიან იმ ღირებულებებისათვის, რომელიც მათი აზრით, ჭეშმარიტია. ვფიქრობ, დასაფასებელია საკუთარი ხედვის მქონე, გამბედავი ადამიანის წყურვილი სასიკეთო ცვლილებების მოსატანად, მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც ანგარება ამოძრავებთ და პირადი კომფორტისათვის მიაკუთვნებენ თავს რომელიმე ჯგუფს, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, ერთ-ერთ დაუძინებელ მტრებად გვევლინებიან, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს, ციხეს შიგნიდან გატეხენ, თუკი უხვ ძღვენს მიიღებენ. ე.წ გარე ძალები, დასაყრდენს, სწორედ ანგარებით აღსავსე ადამიანებში ხედავენ. რაში სჭირდებათ საქართველოს მტრებს ეროვნულად მოაზროვნე იდეალისტების მოსვლა ქვეყნის სათავეში?! პატრიოტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, მარიონეტობაზე უარს აცხადებს, რადგან ბუნებით არ არის ლაჩარი და ვერცხლისმოყვარე. უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, რომ დღესაც მრავლად არიან განდიდების მანიით შეპყრობილი ჰედონისტები, რომლებიც ელვისებური სისწრაფით ანიავებენ ეროვნულ სიმდიდრეს, ხელს აღმართავენ საქართველოს მოსახლეობაზე, ქმნიან მოჩვენებით, ზერელე პროგრესულ თეორიებს, სინამდვილეში კი, პირდაპირ ასრულებენ მითითებებს, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მოდის. იმპერია - იმპერიაა... რთულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ხვედრი. მხოლოდ სიბრძნეს, სიყვარულს ძალუძს საქართველოს გადარჩენა. როგორ რთულ მდგომარეობაშიც უნდა ვიყოთ, მოყვასის სიყვარული, პატრიოტიზმი ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. ასკეტურ ყოფას ერთეულები უძლებენ, მაგრამ ის აძლიერებს ადამიანს და ქვეყანას თავდადებულ პარტიზანს უზრდის. იმპერიების მზაკვრული ჩანაფიქრები ვერ ხორციელდება, თუკი ერი ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდება და გაცნობიერებული აქვს მის წინაშე მდგარი ესა თუ ის ამოცანა. ამ შემთხვევაში, ღრმად მწამს, რომ ის არ მოიდრეკს მუხლებს და ღირსეულად შეხვდება ვერაგულ ფანდებს. საქართველოს თავს დამტყდარი უბედურებები, სწორედ რომ, ერთიანი გეგმის, გუნდური სულის არქონის ნაყოფია. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამოუკიდებელი, თუ გონება დაიწმინდება თავსმოხვეული ცრუ იდეოლოგიისგან. უმდიდრესია ქართული ეროვნული კულტურა, გონიერი კაცი დაინახავს მის სიდიადეს და მოკრძალება გაუჩნდება მის მიმართ. სწორედ ამ კულტურიდან უნდა ამოიზარდოს ქართველი ერის ღირსებანი და ორიენტირები, რომლებიც ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებენ. ქართული ნაციონალიზმი არ ქადაგებს უცხოელთა ჩაგვრას, სიძულვილსა და ძალადობას. საქართველოში ქართული გენი უნდა მოღონიერდეს, ერი უნდა გამრავლდეს, მიწა-წყალი არ უნდა გასხვისდეს, რელიგიური მრწამსის თავისუფლება კანონით უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ნებისმიერი მზაკვრული მცდელობა ეროვნული მოძრაობის დაკნინებისა, ჩანასახშივე მოისპობა. ზოგიერთი გონებადაბინდულისათვის, იოლია ცილისმწამებლური განცხადებების კეთება, მაგრამ დროდადრო ყველაფერს ნათელი ეფინება. სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების მსგავსად, ქართული ნაციონალიზმი ბუნებრივია, ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს ინდივიდის აღზრდას, რეალიზებას, გარემოს გაჯანსაღებას. პატრიოტულ სულისკვეთებას უნდა ახლდეს რაციონალური, პრაქტიკული განვითარების სტრატეგია. რაც უფრო მეტი ადამიანის მოღვაწეობის სფერო განვითარდება, მით მეტად გაძლიერდება ქვეყანა. მაშასადამე, უსაფუძვლოა შიში ტერმინ ,,ნაციონალიზმისადმი’’. მის ხსენებაზე ვისაც ადოლფ ჰიტლერის მგზნებარე გამოსვლები და გერმანული არმიის მწყობრი ნაბიჯები ახსენდება, აჯობებს დამშვიდდეს, რადგან ქართული ნაციონალიზმი არც არიული რასის აღმატებულობას ქადაგებს და არც ამა თუ იმ ერის ხოცვა-ჟლეტის მოსურნეა.
ავტორი - თორნიკე კივილაძე; 02.07.15
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|