ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია დათაშვილი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2015


დროის ფასი

მოხუცი ჩაფიქრებული ზის, არავის ელოდება, თუმცა ხან გამვლელებს აკვირდება და ხან გამომვლელებს, არც წარსულზე ფიქრობს და არც მომავალზე, მხოლოდ აწმყოს ჩაშტერებია დაბინდული თვალებით და უღონობას მისცემია. შემოდგომის თბილი სიო თეთრ თმებს უწეწავს. მისი თმები მოლოდინში ჩამოთოვილ თეთრ თოვლს დამსგავსებია. მიწას უყურებს, დაჟინებით უყურებს და ცდილობს არ იფიქროს განვლილ დროზე. ბრძოლის მიუხედავად, ზედაპირულად მაინც ფიქრობს წარსულზე. ფიქრობს რომ ის უბრალოდ წარსულია და როგორც არ უნდა ეცადო უკან ვეღარ დააბრუნებ. მომავალს თვალს ვერ უსწორებს, რადგან არ იცის რა მოხდება ხვალ, ალბათ ისევ ამ ადგილას იჯდება ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც, მაგრამ არ იცის ამის გარდა კიდევ რას უმზადებს ხვლინდელი დღე. ამიტომ  ცდილობს საერთოდაც არ იფიქროს ამაზე. მხოლოდ აწმყოს უყურებს იმედით, ხალხს აკვირდება და ცდილობს გამოიცნოს ვინ ბედნიერია და ვინ ხელმოცარული, ვის გაუმართლა და ვინ დამარცხდა.
  ფიქრებიდან რკინის წკარუნი აფხიზლებს, ზემოთ აიხედავს და ყმაწვილს ხედავს, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებს და რკინის ფულს ქუდში უგდებს, ის ისაა უნდა წავიდეს და ისევ თავის ფიქრებთან დატოვოს, რომ ამ დროს მოხუცი ღრმად ოხრავს და ხელს იქნევს, თითქოს ისევ არასწორად გაუგეს. ახალგზარდა გაკვირვებით უყურებს ამ უცნაურ მოხუცს და მის გვერდით მიწაზე ჯდება.
- ფული გეცოტავა ბაბუა?
- არა შვილო, - ნელა აბრუნებს თავს მოხუცი, თუმცა სწყინს, რომ ბაბუას უწოდებენ, რადგან მისი გული ჯერ კიდევ სინორჩეს გრძნობს, მაგრამ არ იმჩნევს და მის გვერდით ჩამომჯდარს უყურებს, - უბრალოდ ხშირად გამვლელებს მათხოვარი ვგონივარ, სხვის ხელს მიჩერებული და წყალწაღებული - მოხუცი და სამსახურიდან შინისაკენ სწრაფად მიმავლები, ზოგჯერ ხურდა ფულს ჩამიგდებენ ხოლმე ქუდში!
- მაპატიეთ, უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მათხოვარი არ ხართ? - გაკვირვებული ახალგაზრდა ცდილობს გაერკვეს და ზედმეტად უკმეხად გამოსდის. რის გამოც კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს.
  მოხუცი ხარხარებს. შემდეგ დამშვიდებული ამბობს.
- არა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანებს ხშირად საერთოდ არ ესმით ერთმანეთის, მე მათხოვარი არასოდეს ვყოფილვარ!
- მაშინ აქ რატომ ზიხართ, თითქოს საქმე არაფერი გქონდეთ?! - უკვირს ბიჭს.
- საქმე მართლაც არაფერი მაქვს, არც ოჯახის წევრები მყავს რომ მათგან დავალებული ვიყო. სახლის გარდა სხვაგან წასასვლელი არ მაქვს, ამიტომაც აქ ვზივარ, მიწაზე. ხალხით ვარ გარშემორტყმული და ვფიქრობ!
- განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობთ? - სევდიანად ეკითხება ბიჭი.
- არა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რაც ახლა ხდება, არ ვიცი რა იქნება შემდეგ და არც მინდა ვიცოდე!
- როგორ! არ გაინტერესებთ? იქნებ ხვალ ომი დაიწყოს, ნუთუ არ გაღელვებთ?
- ხვალინდელ დღეზე ხვალ ვიფიქროთ, დღეს კი რაც გაგვაჩნია იმას უნდა მოვუაროთ!
- ვინმეს უბრაზდებით?
- შეიძლება!
- ცხოვრებაზე ბრაზობთ?
- შეიძლება!
- სახელმწიფოზე?
- ალბათ სახელწმიფოზეც! - ღრმა ამოოხვრით ამბობს მოხუცი.
- თქვენი აზრით, ცხოვრება ან თვითონ სახელმწიფო უსამართლოდ მოგექცათ?
- არ ვიცი! - მოხუცი ფიქრებს თავს ვერ უყრის, თუმცა უნდა რომ ათასი რამ თქვას, მაგრამ მაინც ვერ ალაგებს აზრებს.
- გგონიათ, რომ თქვენი წარუმატებლობა სხვების ბრალია? იქნებ, სახელმწიფოს ან იქნებ მთავრობის ბრალია?
- არ ვიცი, ალბათ არ გამიმართლა! - მოხუცი ხვდება, რომ ეს არ არის ის პასუხი, რომელსაც ახალგაზრდა ელოდება მისგან, მაგრამ არაფერი შეუძლია, სიტყვებს ვერ პოულობს, რომ აზრი გადმოსცეს, წინადადებას ვერ აწყობს, თითქოს გონება ერთიანად ებინდება.
    ბიჭი გაკვირვებული აშტერდება მოხუცს. მოხუცი კი დაღონებული, სევდიანად  ისევ მიწას ჩაშტერებია.
  ბინდდება. სიო ისევ ქრის. მზე დასავლეთისკენ იხრება. იგრძნობა, რომ მზის სხივებს ისეთი ძალა აღარ აქვს, როგორც ზაფხულში, თითქოს თვითონ მზე გახუნებულა და სითამამე დაუკარგავს. ნელ-ნელა სიგრილე ეპარება გარემოს და თითქოს მოხუცს გონება უნათდება. თავს მაღლა სწევს, თვალებს ზეცას აპყრობს და აღელვებული, უფრო ხმამაღლა იწყებს საუბარს.
- შენ მეკითხები ვისი ბრალია შენი წარუმატებლობაო, არა? მე კი მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში. შენი აზრით აწყობს თუ არა მთავრობას, ან სახელმწიფოს, რომ ყველა ადამიანი წარმატებული იყოს, რომ ყველა ლიდერი იყოს? რომელ ქვეყანაშია ყველა ადამიანი ბედნიერი? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ვინ იქნებოდა მეეზოვე, ვინ იქნებოდა მენაგვე ან ვინ იქნებოდა დამლაგებელი? ვინ იქნებოდა მრეცხავი? ვინ დათანხმდებოდა მსგავს სამუშაოზე, თუ ყველა წარმატებული იქნებოდა? ჰა მითხარი, დათანხმდებოდა ვინმე? - მოხუცი ამ კითხვით მარჯვნივ ტრიალდება და მის გვერდით სიცარიელეს აშტერდება. მის გვერდით აღარავინ ზის, ბიჭი წასულა. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე და სიჩუმე გამეფებულა და ამ სიჩუმეს მხოლოდ მოხუცის ღრმა სუნთქვა არღვევს, რომელსაც თვალები ცრემლებით ევსება და ისევ სიმარტოვესა და სიჩუმეში საკუთარ თავს ელაპარაკება.
- ასეა, სანამ ვფიქრობთ დრო ხელიდან გვეცლება, ხელში კი მხოლოდ სიცარიელე გვრჩება. -  მოხუცი ფეხზე დგება და ცას გაჰყურებს. შებინდებულა, მზის კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალა, რადგან ცა წითლად ელვარებს. მოხუცი ნელ-ნელა მიდის, შემდეგ ტრიალდება და ისევ თავის ადგილს აშტერდება, იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალგზარდა ნამდვილად წასულა. შემდეგ წელში ღრმად მოხრილი გზას განაგრძობს და თან საკუთარ კითხვას თავადვე პასუხობს, - არა, არცერთ სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ყველა ადამიანი წარმატებული იყოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები