ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2015


გურია

ჩოხატაური. სოფელი ქვენობანი. ძვალსა და რბილში გამჯდარი სუფთა წლები, ძარღვებში მოჩუხჩუხე ბავშვობა. ყოველ ზაფხულს მამიდას ვსტუმრობდი. გრძნობათა ხუთი ორგანოდან ერთ- ერთი , ყნოსვა , გურიის ჩაიმ გამიმძაფრა... რა ჩვევა მქონდა : დავდგებოდი ჩაის ორ მწკრივ შორის, გავშლიდი ხელებს და გავირბენდი და გამოვირბენდი, სისხლიც კი მიდენია მაჯებიდან. ნალიას რომ გაავსებდნენ სიმინდით, შევეყუდებოდი,მტვერი თოვლს მაგონებდა და ვიფიფქებოდი. მდინარეზე კიბორჩხალებს ვიჭერდი, მეშინოდა და მაინც ქვების ქვეშ ვყოფდი ხელებს,რაც უნდა ბევრი დამეჭირა, მამიდა მაინც გადამიყრიდა, ვიცოდი.
- ჩახანეს არ გავაფუჭებ, ნენა, მაგიზაო.
ბავშვობიდან გამომყვა ასაკით უფროსებთან ურთიერთობა. გურიაში ანგელინა ბებოს რა დამავიწყებს. უცნაური ქალი იყო, რამდენიმე ქვედაბოლოს ერთად იცვამდა, ასანთს რომ სთხოვდი, ძებნას იწყებდა, იწევდა ფენა-ფენა კაბებს და ძლივს პოულობდა. ისეთი შავი და გამჭვარტლული ხელებით დააკრავდა "ჭადს" , მაგრამ მაინც ვჭამდი, არ ჰგავდა ის მამიდას დამცხვარ მუშტისხელა მჭადებს. ყველი რომ ამოჰყავდა, მოაგლეჯდა კარგა გვარიანად ჯერ ისევ თბილს,ხელში მომუჭავდა,დააგორგოლავებდა და გამომიწვდიდა,ჭამეო.
საღამოობით ნევრო( ასე ერქვა რატომღაც) ბაბუსა და ამალია ბებოს ვსტუმრობდით. გაგვითენებია კიდეც ლაპარაკში. მანდარის ვჭამდით ან თხილს, მერე ნევრო ბაბუ ჯაყვას მათხოვებდა და მანდარინის ქერქისგან რაღაც ფიგურებს ვაკეთებდი. მაშინ შუქი არ იყო და ხან სანთლის ნაღვენთზე ვერთობოდი. დღეს ყველა მათგანი გარდაცვლილია. ისინი მაშინაც ღრმად მოხუცები იყვნენ.
რამდენიმე წლის უკან ჩავედი შვილთან ერთად გურიაში. აღარ იყო მდინარე ყურეფა, დაშრა ბაყაყების გუბეო. როგორ მეწყინა, მეტკინა, ასე მეგონა , ჩემი ბავშვობა დააშრეს, ჩემს ბავშვობას უწოდეს ბაყაყების გუბე , ჩემი ბავშვობა შემომჩერებოდა ასე დამშრალი და ხახადაფჩენილი...
აქა-იქ იყო აკაციის ღობეებიც, ცვლის მოსახლეობა. არადა როგორ მიყვარდა ფანქრის თავებივით წათლილი... ღობის გადაღმა ჩაცუცქულს რამდენჯერ მითვალთვალია გურული ბიჭებისთვის, ახლა კი ჩემი ბავშვობა მითვალთვალებდა გაბუტული, გაყუსული და შემომწყრალი.
ადესა, ადესაც მოვიკითხე , ხეებზე შემოხვეული, წვეტიანი გოდოლიც... გადააშენაო ხალხმა, ხეზე ძრომიალი რთულიაო მამიდამ. მანდარინიც კურკანტელს ისხამდაო, კვიჭიჭი მსხალიც მოვჭერითო, ჩაიცო და თხილი დავრგეთო...
ასე დაჭრილს, დაჩეხილს, დამშრალსა და გაბუტულ ბავშვობას ვუხატავდი საღამოობით ჩემს შვილს ოდაზე, ნახვით კი მესამედიც ვერ ვანახე ჩემი,  ჩემი ბავშვობისდროინდელი გურიისა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები