ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2015


ტყეში

ჩემი სოფლის ზემოთ,  მთებში წმინდა გიორგის სალოცავია, ეჯიბრება თითქოს ღრუბლებს, აზიდულა და სწორედ ღრუბლებში გაჩხერილა. უთენია გავაღვიძე ერთ დილას შვილი და დავადექით გზას.
იცრუა, ვინაც თქვა აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობსო...
იქაა სიჩუმე სწორედ !
ხან ბალახზე გავიშხლართეთ,  ხან ასკილი ვკრიფეთ და ხან ველური შინდი.
უფრო ღრმად თუ შეხვალ ტყეში, ქვებზე მოხტუნავე პატარა მდინარეს წააწყდები, ხეკორძულაა, მგონი.
- წამოდი, რა განახო,- ვეუბნები შვილს და თვქვეზე ვეშვებით...
უცებ ქვემოდან , სწორედ მდინარის მხრიდან ყვირილი მესმის ბავშვების, შველას ითხოვს ვიღაც შუა ტყეში. თურმე მარტო არ ვართ და გავრბივართ ორივე. შატალოზეა მესამე კლასი, ორად გაყოფილან ხეკორძულას გაღმა- გამოღმა და ქვები დაუშენიათ ერთმანეთისთვის. შუბლში მოხვედრია ერთ ბავშვს და მთელი სახე სისიხლში აქვს გასვრილი. ზოგადად  სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდები და კივილს ვიწყებ, მაგრამ  უცებ გავიაზრე, რომ თავი გაჩეჩქვილი აქვს, ეს ვერ გადარჩება, სისიხლისაგან დაიცლება უეჭველად.  შვილს ვეცი : ადი მაღლა და როგორადაც შეძლებ, იყვირე !
- სულ შენი ბრალია, შენ მოარტყი - საყვედურით მისცვივდნენ რომელიღაცას ბავშვები. მეც იმ ბავშვს დავეტაკე, გაიხადე ეგ მაისური და დახიე, ნაჭრები მჭირდება.
- ახალი ნაყიდია და თანაც თეთრია, ვერ დავხევ - მყის მომაგება. ჰო, სექტემბრის ბოლოა და ახლები აცვიათ ბავშვებს.
სად მცალია , ვეჩხუბო, მაგრამ მაშინვე გამიელვებს გონებაში : ამისაგან არასოდეს დადგება კაცი !
სამაგიეროდ ყველაზე პატარა, დალეული ბიჭი იშიშვლებს, ნაჭრებად აქცევს თავის მაისურს, დარბის ჩემსა და წყალს შორის, ასველებს, რეცხავს, მაწვდის ...
- ხომ გადარჩება?! - მეკითხება დროდადრო შეშინებული.
ბავშვი კარგადაა. სისხლდენაც შეუწყდა, თავიც შევუხვიე.  ერთად ვბრუნდებით ტყიდან.
მოდის ჩემს გვერდით წელსზემოთ ტიტველი მესამე კლასელი კაცი და ისე ამაყია, ისე გაბადრული, ისე ბედნიერი, ისე მსუბუქად მიაქვს იმ პატარა მხრებით მთელი დედამიწა ....
მეც ზუსტად ვიცი, რომ კაცი გაიზრდება, შეეტყო კოჭებშივე ალგეთის ლეკვობა ბავშვს !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები