ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2015


* * *

("ბოლოსწინების" ციკლს ვქმნი, ვატყობ)

იძინებ, ანუ ეპარები შენი სიზმრიდან
ჩემს უძილობას.
ერთი ხედვით - არ მაქვს საეჭვო.

უგონოდ მთვრალმა დეკემბერმა დიდხანს გიმზირა,
გზას მიაგინა,
სიგარეტად პირში გაირჭო
ხვალის იმედი,
აჯამებდა წუხანდელ რომანს,
არც ერთი ბგერა - თავის რიტმში სურდა ეთოვა.

იმ პოეტს ვგავარ, ჭლექის გამო საომრად რომ არ
მიყავდათ, თუმცა უკვე ყველას გამოეთხოვა
წინა დღით, რადგან ასე თვლიდა,
იყო საჭიროც,
ბოროტობს ახლა ყველა ენა,
ყველა ფურცელი.

და ნიავებმა შენი თმები ისე გაჭორეს,
შფოთავდნენ, როგორც
მომღერალი გამოუცდელი...

რა დამრჩენია, ვათვლევინებ მუსიკას ფეთქვას,
(რაღაც მწერები დამიდიან ტანით მაჯამდე).
ვიფიქრე, ჯობდა, წასვლამდე რომ ერთხელაც მეთქვა -
ჩემს ყოფას შენი მონატრება
გაუმაჯამდა...

თან ისე ცივა, გაგდებული ფიქრებიც მოვლენ,
დაბრუნდებიან,
გილაგებენ ამონადარდებს...

ეჰ, დეკემბერო, ვის რად უნდა ეგ შენთვის თოვა,
შენ ეგრე ყოფით
ხალხის გულში
ვერასდროს დადებ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები